ოსტროვსკი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ოსტროვსკი

ალექსანდრე ოსტროვსკი – (რუს. Алекса́ндр Никола́евич Остро́вский 1823-1886), რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე და მოაზროვნე, რუსული რეალიზმის ფუძემდებელი და რუსული ნაციონალური რეპერტუარის შექმმნელი რუსულ თეატრში, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ცხოვრება და შემოქმედება

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ოსტროვსკი დაიბადა მოსკოვის ძველ, მდიდარ ვაჭართა გარეუბანში 1823 წელს. აქვე გაატარა მან ბავშვობა და ახალგაზრდობა. მამა ნიკოლაი მღვდლის შვილი იყო და მასაც სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული, ჯერ კოსტრომსკის სემინარია, ხოლო შემდეგ მოსკოვის სასულიერო სემინარია დაამთავრა, მაგრამ როგორც სასულიერო პირს არ უმოღვაწია, მან სემინარიის დამთავრების შემდეგ მუშაობა სასამართლოში დაიწყო, როგორც პრაქტიკანტმა. დედა - ლუბა(ლუბოვ) ივანოვა, ალექსანდრეს მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ის 9 წლის იყო. ოსტროვსკების ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, რომელთა აღზრდაზე ზრუნვაც ალექსანდრეს მამამ, ნიკოლაიმ აიღო თავის თავზე. ის ზრუნავდა შვილების განათლებაზე. ნიკოლაიმ მეუღლის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შეირთო მეორე ცოლი, ბარონესა - ემილია ფონ ტესინი. დედინაცვალში ოსტროვსკის შვილებს გაუმართლათ, რადგან ემილია ზრუნავდა ბავშვების განათლებაზე. ბავშვობა და ახალგაზრდობა ალ. ოსტროვსკიმ მოსკოვის გარეუბანში გაატარა. მამის მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, ის ბავშვობაშივე გაეცნო რუსულ ლიტერატურას და გამოამჟღავნა მიდრეკილება ნაწარმოებების წერისკენ, მაგრამ მამას სურდა, რომ ალექსანდრე იურისტი გამხდარიყო.

1835 წელს, ალ. ოსტროვსკი მიიღეს მოსკოვის გუბერნიის გიმნაზიის მესამე კლასში, რომლის სრული კურსი 1840 წელს დაასრულა. ამავე წელს გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც არ დაუმთავრებია (მოსკოვის უნივერსიტეტში მხოლოდ 3 წელი ისწავლა) იმის გამო, რომ არ ჩააბარა გამოცდა რომის სამართალში. მამის თხოვნით, ალექსანდრემ მუშაობა მოსკოვის სასამართლოს კანცელარიაში დაიწყო, სადაც დაჰყო 1850 წლამდე.

1840-იან წლებში თეატრი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და განათლებული მოსკოვის მთავარი გასართობი ადგილი იყო. მოსკოვის დრამატული დასის სახელგანთქმული მსახიობები პაველ მოჩალოვი და მიხაილ შჩეპკინი რომელთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ახალგაზრდების სახით, შექსპირისა და გოგოლის პიესებში თამაშობდნენ. ოსტროვსკის, როგორც თეატრის ხშირ სტუმარს, ესმოდა, რომ მისი მოღვაწეობა დრამატურგიასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, უნდა ეწერა ისეთი პიესები, რომლებშიც გმირების პრობლემები მაყურებელთა პრობლემების იდენტური იქნებოდა.

1846 წლისთვის ალექსანდრე ოსტროვსკის უკვე დაწერილი ჰქონდა რამდენიმე სცენა, მათ შორის, კომედიის „გადახდისუუნარო მევალე“ (საბოლოო ვერსიაში - „ჩვენი ხალხი - ვიანგარიშებთ“, ზოგიერთ ქართულ თარგმანში „ბანკროტი, ანუ ჩვენები არიან - გავსწორდებით“) და ესკიზები „მოსკოვორეცკის მცხოვრების ჩანაწერები“. ორივე პიესა დაიბეჭდა ჟურნალში „მოსკოვის ქალაქის ფურცლები“ 1847 წელს.

ოსტროვსკის პიესებს გამოეხმაურა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან შევირიოვი, რომელმაც საკუთარ სახლში პიესების კითხვა მოაწყო, მიულოცა ავტორს წარმატება და პიესების გამოცემის ფაქტს „დრამატურგიის ახალი ნათება რუსულ ლიტერატურაში“ უწოდა.

კომედია „გადახდისუუნარო მევალე“ (საბოლოო ვერსიაში - „ჩვენიხალხი - ვიანგარიშებთ“) 1850 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „მოსკოველი“ („Москвитянин“). ნაწარმოების ავტორებად ჟურნალში ინიციალებით მითითებული იყო: „ა. ო. და დ. გ.“. საქმე ისაა, რომ ალექსანდრე ოსტროვსკის პროვინციელმა მსახიობმა დიმიტრი გორევმაშესთავაზა თანამშრომლობა პიესის წერისას, მათი თანამშრომლობა მხოლოდ ერთი ეპიზოდით შემოიფარგლა. ამ თანაშრომლობამ ალექსანდრე ოსტროვსკის დიდი უსიამოვნება მოუტანა, რადგანაც 1856 წელს მსახიობმა ის პლაგიატში დაადანაშაულა. პიესას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში,მას გამოეხმაურა ნიკოლაი გოგოლი და ივანე გონჩაროვი, თუმცა მისი დადგმა თეატრში აიკრძალა. ალექსანდრე ოსტროვსკი დაითხოვეს სახელმწიფო სამსახურიდან და ნიკოლოზ I ბრძანებით მიუჩინეს ზედამხედველი პოლიციელი, რომელიც ალექსანდრე II გამეფების შემდეგ მოუხსნეს, ხოლო პიესის დადგმის უფლება ავტორმა 1861 წელს მოიპოვა.

პირველი პიესა, რომელიც რუსული თეატრის სცენაზე დაიდგა, იყო „არ იჯდე შენს საჯდომში“. პიესა დაწერილია 1852 წელს და მისი პრემიერა შედგა მოსკოვის დიდ თეატრში 1853 წლის 14 იანვარს. 1853 წლიდან, 30 წლის მანძილზე, თითქმის ყოველ სეზონზე იდგმებოდა ოსტროვსკის პიესები მოსკოვის მცირე და პეტერბურგის აკადემიური თეატრების სცენებზე. 1856 წლიდან ოსტროვსკი გახდა ჟურნალ „სოვრემენიკის“ (Современник) მუდმივი თანამშრომელი. ამავე წელს გამოჩენილი თავადის, კონსტანტინე ნიკოლაევიჩის ინიციატივით, რუსეთის გამორჩეული ადგილების შესწავლის მიზნით, მოეწყო მწერლებისა და მეცნიერების ტური. ალექსანდრე ოსტროვსკის სურვილით, ამ ინიციატივის ფარგლებში, ის მოგზაურობდა მდინარე ვოლგის სათავიდან ნიჟნი ნოვგოროდამდე.

1859 წელს, გრაფ გ. კუშელიოვის დახმარებით, ალექსანდრე ოსტროვსკიმ გამოსცა ესეების ორტომეული. ამ კრებულს ნიკოლაი დობროლუბოვმა ბრწყინვალე შეფასება მისცა, ხოლო 1860 წელს პიესაზე „ჭექა-ქუხილი“ საგანგებო რეცენზიაც - „შუქის სხივი ბნელ სამეფოში“ - დაწერა. ამავე პერიოდში ალექსანდრე ოსტროვსკი ინტენსიურად თანამშრომლობდა ისტორიკოს ნიკოლაიკოსტომაროვთან.

1863 წელს ალექსანდრე ოსტროვსკი დაჯილდოვდა უვაროვისპრემით პიესისთვის „ჭექა-ქუხილი“ და აირჩიეს სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1866 წელს (ზოგიერთი წყაროთი 1865 წელს) ალექსანდრე ოსტროვსკიმ ჩამოაყალიბა არტისტული წრე, რომელმაც გააერთიანა მოსკოვში მოღვაწე ბევრი ნიჭიერი მსახიობი და თეატრის მოღვაწე. მის სახლს ხშირად სტუმრობდნენ - ი. გონჩაროვი, დ. გრიგორევიჩი, ი. ტურგენევი, ა. პისემსკი, თ. დოსტოევსკი, პ. სადოვსკი, ლ. ტოლსტოი, პ. ჩაიკოვსკი, მ. ერმოლოვა და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

1874 წელს ალექსანდრე ოსტროვსკიმ ჩამოაყალიბა რუსული დრამატული მწერლებისა (იგულისხმება რუსი დრამატურგების) და საოპერო კომპოზიტორთა საზოაგდოებრივი გაერთიანება, რომლის თავმჯდომარეც სიცოცხლის ბოლომდე თავად იყო. ამ ორგანიზაციის ძალისხმევით ბევრი რეფორმა გატარდა რუსულ თეატრში, რომლის წყალობითაც რუს ხელოვანებს, რომლებიც საიმპერატორო თეატრებში მოღვაწეობდნენ, მუშაობისას შეექმნათ მეტი კომფორტი. ოსტროვსკიიყო იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც იმპერატორმა „თეატრების მენეჯმენტის გადასახედად“ შექმნა. 1885 წელს ალექსანდრე ოსტროვსკი დაინიშნა მოსკოვის თეატრების სარეპერტუარო განყოფილების გამგედ და თეატრალური სასწავლებლის ხელმძღვანელად. მიუხედავად იმისა, რომ 1883 წლიდან იმპერატორმა ალექსანდრე III ალექსანდრე ოსტროვსკის დაუნიშნა ყოველწლიური პენსია, მიუხედავად ამისა, დრამატურგს მუდმივად ჰქონდა ფინანსური პრობლემები. დაძაბულმა და ინტენსიურმა შრომამ ოსტროვსკის ორგანიზმი გამოფიტა. 1886 წელს იგი გარდაიცვალა თავის სახლში, კოსტრომის ოლქში. მისი ბოლო ნამუშევარი, უილიამ შექსპირის (საყვარელი დრამატურგის) ანტონიუსი და კლეოპატრას“ თარგმანი გახლდათ. დაკრძალულია მამის გვერდით კოსტრომის გუბერნიის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე.

ალექსანდრე ოსტროვსკი დაჯილდოებული იყო გრიბოედოვის პრემიით, რომელიც გამოჩენილ რუს მოღვაწეებს გადაეცემათ ერის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვის დუმამ გახსნა ოსტროვსკის სახელობის სამკითხველო. ალექსანდრე ოსტროვსკის სახელს ატარებს რამდენიმე სახელმწიფო დრამატული თეატრი, ასევე, ქუჩა და სკოლა რუსეთში.

ალექსანდრე ოსტროვსკი შემოქმედებითი აქტიურობით გამოირჩეოდა. დრამატურგს რამდენიმე ათეული პიესა აქვს დაწერილი, მათ შორის, „ოჯახური სურათი“ (1847), „მოულოდნელი შემთხვევა“ (1850), „ახალგაზრდა კაცის დილა“ (1850), „საწყალი პატარძალი“ (1851), „სიღარიბე არ არის გულის მანკი“ (1853), „ისე არ იცხოვრო, როგორც გსურს“ (1854), „შემოსავლიანი ადგილი“ (1856), „სადღესასწაულო სიზმარი სადილამდე“ (1857), „გამზრდელი ქალი“ (1859), „ჭექა-ქუხილი“ (1859), „ძველი მეგობარი უკეთესია ორ ახალზე“ (1860), „შენი ძაღლები იკბინებიან, უცხო თავს არ გაბეზრებს“ (1861), „ბალზამინოვის ქორწინება“ (1861), „რთული დღეები“ (1863), „დატვირთულ ადგილზე“ (1855), „თვითმარქვია დიმიტრი და ვასილი შუისკი“ (1866), „ცხელი გული“ (1869), „ცოფიანი ფული“ (1870), „ტყე“ (1970), „ფიფქია“ (1873), „გვიანი სიყვარული“ (1874), „შრომის პური“ (1874), „მგლები და ცხვრები“ (1875), „მდიდარი პატარძლები“ (1876), „სიმართლე კარგია, მაგრამ ბედნიერება უკეთესია“ (1877), „უკანასკნელი მსხვერპლი“ (1878), „უმზითვო“ (1878), „კეთილი ბარონი“ (1879), „ველური ქალი“ (1879), „გული ქვა არ არის“ (1880), „უდანაშაულო დამნაშავენი“ (1883), „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ (1882), „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ (1868), „ლამაზი ვაჟკაცი“ (1883) და სხვა.

ალექსანდრე ოსტროვსკის პიესების უმრავლესობა გამოქვეყნებისთანავე წარმატებით იდგმებოდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წამყვანი თეატრების სცენაზე. მისი პიესების ნაწილი დრამატურგის სიცოცხლეშივე ითარგმნა რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ქართულადაც. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ქართულ ენაზე ითარგმნა და ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა ალექსანდრე ოსტროვსკის რამდენიმე კომედია.

ოსტროვსკის პიესების მიხედვით გადაღებულია მხატრული და მულტიპლიკაციური ფილმები, ტელესპექტაკლები. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი არც დღეს განელებულა, რადგან მისი პერსონაჟები დღესაც ცოცხლები და ჩვენი თანამედროვენი არიან.

ალექსანდრე ოსტროვსკის 50-მდე პიესიდან უმეტესობა ჟანრობრივად კომედიასა და დრამას მიეკუთვნება, მცირე ნაწილი ისტორიულ დრამებს. ყველაზე დიდი პოპულარობა და წარმატება დრამატურგს მოუმატა პიესებმა - „უმზითვო“, „უკანასკნელი მსხვერპლი“, „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ და სხვა.

ალექსანდრე ოსტროვსკი, გარდა იმისა, რომ რუსული დრამატურგიის მამამთავარია, მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი რეფორმები რუსულ თეატრში. ის ხელმძღვანელობდა 1881 წელს საიმპერატორო თეატრების დირექტორატს. ოსტროვსკის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო აქტები, რომელთა შედეგადაც საგრძნობლად გააუმჯობესეს შემოქმედებითი ცხოვრება - გაჩნდა მოტივაცია მსახიობთა წრეში. ის დიდ დროს უთმობდა ანტიკური დრამატურგიის თარგმანს, რითაც ამდიდრება რუსული თეატრის რეპერტუარს.

ოსტროვსკი ქართული თეატრის სცენაზე

ოსტროვსკი საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 1883 წელს არის ნამყოფი. მის სიცოცხლეში ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა: „შემოსავლიანი ადგილი“, „შრომით ნაპოვნი პური“ და „ბალზამინოვის ქორწილი“. მას შემდეგ არაერთხელ დაუდგამთ ქართულ სცენაზე „შემოსავლაინი ადგილი“, მათ შორის, დრამატურგის სიცოცხლეში. პიესაში მთავარ როლს - პოლინას, ქართული თეატრის პირველი თაობის ვარსკვლავი, მაკო საფაროვა-აბაშიძისა ასრულებდა. სპექტაკლს ესწრებოდა ავტორი, რომელმაც მსახიობს მაღალი შეფასება მისცა. პიესა დადგმულია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1961 წელს (რეჟისორი მ. ვახნიანსკი), პიესა 1984 წელს რუსთავის თეატრში განახორციელა გიგა ლორთქიფანიძემ, ასევე 2012 წელს გიორგი სიხარულიძემ მესხიშვილის თეატრში „შემოსავლიანი ადგილი“ დადგა.

ოსტროვსკის პიესათაგან ერთ-ერთი გახმაურებული დადგმა იყო „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, განხორციელებული დიმიტრი ალექსიძის მიერ მარჯანიშვილის თეატრში 1973 წელს (პიესა თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ, მხატვარი მამია მალაზონია, კომპოზიტორები - ოთარ თაქთაქიშვილი, შმაგი შილაგაძე, ქორეოგრაფი იური ზარეცკი). დადგმაში მონაწილეობდნენ: იაკობ ტრიპოლსკი და სოფიკო ჭიაურელი. ქართულ სცენაზე ხშირად იდგმებოდა ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, მათ შორის, აღსანიშნავია ვახტანგ ტაბლიაშვილის 1944 წლის დადგმა მარჯანიშვილის თეატრში (მხატვარი იოსებ სუმბათაშვილი, კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე), აღნიშნული პიესა ასევე დადგმული აქვს ცნობილ ქართველ რეჟისორს შალვა გაწერელიას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო რეჟისორ შალვა ინასარიძეს ბათუმის დრამატულ თეატრში.

პიესა „უდანაშაულო დამნაშავენი“ დადგმულია ბათუმის (1940), გორის (1943), სოხუმის (1955), ჭიათურის (1956), ოზურგეთის (1963), ფოთის (1948) დრამატული თეატრების სცენებზე. ოსტროვსკის პიესებში წარმატებით აქვს როლები შესრულებული ქართული თეატრის პირველი თაობის ვარსვლავს ვასო აბაშიძეს. მას დიდი წარმატება მოუტანა ბელოგუბოვის და შმაგის როლების შესრულებამ ალექსანდრე ოსტროვსკის პიესებში „შემოსავლიანი ადგილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“. „ჭექა-ქუხილი“ თავდაპირველად „შტორმის“ სახელწოდებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. პიესა დადგა ვახტანგ ნიკოლავამ გრიბოედოვის რუსულ დრამატულ თეატრში 2012 წელს, საბჭოთა პერიოდში კი - ფოთის დრამატულ თეატრში. პიესა „ზოგჯერ ბრძენიც კი შეცდება“ განხორციელდა რუსთაველის თეატრში 1944 წელს რეჟისორ დიმიტრი ალექსიძის მიერ. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: გოგი გეგეჭკორი და მედეა ჩახავა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები