პახეტი
პახეტი – (ეგვ. Bh.t), ქალღმერთი მძვინვარე ლომის იკონოგრაფიით. მოიხსენიებოდა, როგორც „მახვილ თვალიანი და ბასრი ბრჭყალებიანი“, გამოისახებოდა, როგორც ლომის, ან გარეული კატის თავიანი ქალი. ეთაყვანებოდნენ შუა ეგვიპტეში, თანამედროვე ბენი ჰასანის მიდამოები, სადაც ხატშეპსუტმა კლდის ტაძარი აუგო.
ბერძნებმა, რომლებიც ეგვიპტის მებრძოლ ქალღმერთებს არტემიდასთან აიგივებდნენ, ტაძარს „Speos Artemidos“-ი დაარქვეს. ხატშეპსუტმა და მისმა ქალიშვილმა ნეფრუ-რამ პახეტის დიდი ტაძრის სიახლოვეს ქალღმერთისათვის მეორე, უფრო პატარა ტაძრის აგება დაიწყეს, რომელიც მხოლოდ პტოლემაიოსების დროს დასრულდა. სპეოს არტემიდოსის კატაკომბებში უამრავი კატის და შევარდნის მუმიაა ნაპოვნი, რაც მიუთითებს პახეტის ერთგვარ კავშირზე ხორთან. პახეტი მოიაზრებოდა, როგორც ხატხორის ადგილობრივი სახე, რაზეც მეტყველებს სპეოს არტემიდოსის ხატხორითავიანი სვეტები. პახეტის ერთ-ერთი სახელი იყო „ვადის ქალბატონი“. აღსანიშნავია, რომ მისი ტაძრები სწორედ ვადის სიახლოვეს მდებარეობს.