პლანკი მაქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქს პლანკი – (გერმ. Max Karl Ernst Ludwig Planck, 1858 - 1947), გერმანელი ფიზიკოსი.

მაქს პლანკი დაიბადა 1858 წლის 23 აპრილს, კილში. გიმნაზია მიუნხენში დაამთავრა, შემდეგ შევიდა მიუნხენის უნივერსიტეტში ექსპერიმენტალური ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. სამი წლის სწავლის შემდეგ გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში. პლანკის მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი გერმანელი მეცნიერები ჰ. ჰელმჰოლცი და გ. კირხჰოფი. 22 წლის ასაკში დოცენტის წოდება მიიღო.

1889 წელს, კირხჰოფის სიკვდილის შემდეგ, მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე პირველად ექსტრაორდინარულ, შემდეგ კი ორდინარულ პროფესორად. ბერლინის უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული მთელი მისი 50 წლიანი მეცნიერული მოღვაწეობა.

პლანკის პირველი შრომები თერმოდინამიკას ეკუთვნის, რომლებმაც შემდგომში მისი მეცნიერული კვლევების მთავარი მიმართულება განსაზღვრა. 1896 წელს დაინტერესდა აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების თერმოდინამიკით. დაამუშავა გამოსხივების თეორია, ხოლო 1900 წელს დაამტკიცა, რომ გამოსხივება ან შთანთქმა ხდება ნახტომისებურად, ულუფების სახით, რომლებსაც კვანტები ეწოდა.

შემოიღო გამოსხივების უნივერსალური მუდმივა, რომელსაც მან ქმედების კვანტი უწოდა.

პლანკის დამსახურება ისაა, რომ მან შექმნა კვანტური ფიზიკის საფუძველი, იმ კლასიკური ფიზიკის შემცვლელი, რომელიც ვერ გვაძლევდა ატომურ და მოლეკულურ დონეზე მოვლენების ახსნას. მისი თეორიის ბაზაზე გრძელდება მეცნიერების ამ დარგის შემდგომი განვითარება. მისი წყალობით შეიქმნა ბორის თეორია, კოპტონის მოვლენის ინტერპრეტაცია, და თანამედროვე ფიზიკის სხვა აღმოჩენები. პლანკმა დიდი. მეცნიერული დამსახურებისათვის 1918 წელს ნობელის პრემია მიიღო.

ამ გამოჩენილმა მეცნიერმა ღრმად მოხუცებულობამდე იცოცხლა. გარდაიცვალა გეტინგენში 89 წლის ასაკში.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები