პრანწია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრანწია

პრანწია (ლათ. Vanellus vanellus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − პრანწია.

პრანწია საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 210-235 მმ-ია, გალო – 40-50 მმ, ნისკარტი – 23-27 მმ, წონა საშუალოდ – 200-230 გ, მაგრამ შემოდგომით აღწევს 350 გ-მდე. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება თითქმის არაა. სხეულის ზურგის მხარე მუქი-მომწვანოა და ბრინჯაოსფერი მეტალური ელვარება აქვს. ფრთები შავია, მოლურჯო-იისფერი ანარეკლით. თავი ზემოდან, გასწვრივი ვიწრო ზოლი ლოყებზე, ყელი და ჩიჩახვი შავია, მომწვანო-ლურჯი ელვარებით. კეფაზე ვიწრო და გრძელი ბუმბულების ქოჩორია. თავი გვერდებიდან, ლოყები, ყურების მფარავები, მკერდი და მუცელი თეთრია. კუდიც თეთრია, მაგრამ წვეროს მახლობლად ფართო განივი შავი ზოლი აქვს. მომქნევები და ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – ხორცისფერი.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. ბუდობს თითქმის მთელ ევროპაში, ჩრდილოეთით 62-ე პარალელამდე; აზიაში ბუდობის ჩრდილოეთი საზღვარი ეშვება 58-ე პარალელამდე. სამხრეთით პრანწია მოიპოვება ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, მონგოლეთსა და ჩინეთის ჩრდილოეთ რაიონებში. გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ძირითადად მაინც – ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ბუდობს მრავალ ადგილას, მაგრამ უფრო მრავლადაა მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ბინადრობს გაშლილ ვაკე ადგილებში, უმთავრესად ტენიან მდელოებზე, ხშირად ჭაობებშიც. მოიპოვება ველის ზონაშიც, მაგრამ აქ ეტანება დადაბლებულ ნაკვეთებს, უხვი ბალახნარებითა და ბუჩქნარებით. პრანწია საერთოდ ჭაობის ფრინველად ითვლება, თუმცა შემჩნეულია, რომ იგი თანდათანობით მინდვრის პირობებისადმი შეგუებას იჩენს.

გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ერთი წლის ასაკში. მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს მიწაზე პატარა ჩაღრმავებაში. აპრილის ბოლოს დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო ხანგრძლივად – დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24-29 დღემდე გრძელდება, რაზედაც დიდ გავლენას ახდენს ამინდის პირობები. ერთი თვის ასაკში მართვეები იძენენ ფრენისა და დამოუკიდებელი არსებობის უნარს.

კვება

პრანწიას ძირითადი საკვებია მწერები, მათ შორის უმთავრესია ხოჭოები და მათი ლარვები.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. ზოგიერთ ადგილას სანადირო ობიექტია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები