რეხმირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეხმირა – თოტმეს III-ის და ამონხეტეპ II-ის ვეზირი და ჰელიოპოლისის მთავარი ქურუმი. ცნობილია თავისი შესანიშნავი სამარხით შეიხ აბდ ელ-ქურნაში (თებეს ნეკროპოლისი), რომელიც უმნიშვნელოვანესად ითვლება ახალი სამეფოს სამარხებს შორის. სამარხის კედლებზე ხატოვნად არის გადმოცემული ქვეყნის მთავარი ვეზირის ყოველდღიური საქმიანობა – ელჩების მიღება, საქონლის აღწერა, ეგზოტიკური ხარკის მიღება და ოჯახური სადილი. მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია სამარხის კედლებზე მოთავსებული გრძელი ტექსტი, რომელშიც, თავად რეხმირას ბიოგრაფიის გარდა, ვრცლად არის მოთხრობილი ვეზირის მოვალეობების შესახებ. ტექსტი შუქს ჰფენს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მართვის ორგანიზაცია, ურთიერთობა ფარაონთან, საზღვრების კონტროლი, კანონდამრღვევებთან ურთიერთობა, ნომების მართვა და სხვ.