რთული ქვეწყობილი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რთული ქვეწყობილი წინადადება – რთული წინადადება, რომელიც შედგება ქვეწყობის საშუალებით შეერთებული ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან. ქვეწყობილ წინადადებაში ერთი წინადადება მთავარია, მეორე – მასზე დაქვემდებარებული, ანუ დამოკიდებული. მთავარი წინადადება სტრუქტურულად რამდენადმე დამოუკიდებელია, დამოკიდებული კი შეიცავს დაქვემდებარების სტრუქტურულ ელემენტებს – მაქვემდებარებელ კავშირს ან მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციის მქონე მიმართებით სიტყვას, მაგ., „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ (ანდ.); „სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო" (ანდაზა). დასახელებულ მაგალითებში პირველი კომპონენტები დამოკიდებული წინადადებებია. ისინი უერთდებიან მთავარ წინადადებებს მიმართებითი სიტყვებით („რასაც“, „სადაც“) და აზუსტებენ მთავარ წინადადებაში ნაცვალსახელითა და ზმნისართით გადმოცემული წევრების („იმას“, „იქ“) ზოგად მნიშვნელობას. მთავარ წინადადებაში ნაცვალსახელითა და ზმნისართით გადმოცემულ სიტყვებს, რომელთაც ხსნის და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება, მისათითებელი ან საკორელაციო სიტყვები (კორელატები) ეწოდება. „იმას“, „იქ“ კორელატებია. კორელატი გვავარაუდებინებს დამოკიდებულ წინადადებას, როგორც ამხსნელს. ამდენად, კორელატის შემცველი მთავარი წინადადება სტრუქტურულად და აზრობრივად ისე დამოუკიდებელი არ არის, როგორც კორელატის გარეშე წარმოდგენილი („რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, გ. შატბერაშვილი. შდრ. „რაც სიძულვილმა გაანადგურა, მას სიყვარული აღადგენს ისევ“, გ. ტაბიძე. ასე რომ, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარი წინადადება ასახსნელ-დასაზუსტებელია, დამოკიდებული კი – ამხსნელი, შემავსებელი. დამოკიდებული წინადადება ხსნის ან მთლიანად მთავარ წინადადებას („თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“, დ. გურამიშვილი, ან მის რომელსამე წევრს („მას ნუღარ ვსტირით, რაც დაკარგულა“, ი. ჭავჭავაძე). ამხსნელ-ასახსნელ კომპონენტებს შორის შინაგანი (აზრობრივი) დაქვემდებარების გამოსავლენად ტრადიციულ გრამატიკაში გამოყენებულია კითხვის დასმის ხერხი (სადაც კი მოსახერხებელია). კითხვაში შედის მთავარი წინადადება და უპასუხებს დამოკიდებული („რას ნუღარ ესტირით?“ – „რაც დაკარგულა“).

დამოკიდებული წინადადება მთავარს უერთდება კავშირით (კავშირიანი ქვეწყობა) ან უკავშიროდ (უკავშირო ქვეწყობა). კავშირიან ქვეწყობილ წინადადებაში დამოკიდებული წინადადების მთავარ წინადადებასთან შესაერთებლად გამოიყენება: 1. მაქვემდებარებელი კავშირები (რომ, რადგან, სანამ, რათა, რაკი…), 2. მიმართებითი სიტყვები: მიმართებითი ნაცვალსახელები (ვინც, რაც, რომელიც, რამდენიც. როგორიც…), მიმართებითი ზმნისართები (როდესაც, სადაც, როგორც…). მაქვემდებარებელი კავშირი მხოლოდ შეერთების საშუალებაა („მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი“, გ. ტაბიძე), მიმართებითი სიტყვა კი ამავე დროს დამოკიდებული წინადადების წევრიცაა. ამიტომ მიმართებით სიტყვებს, კავშირებისაგან განსასხვავებლად, წევრ-კავშირებს ან მაკავშირებელ სიტყვებს უწოდებენ მაგ.. „ვინც აკაკუნებს, იმას უღებენო“ (ანდაზა.). „სადაც თაფლია, ფუტკარიც იქ ბზუისო“ (ანდაზა). დასახელებულ მაგალითებში მიმართებითი სიტყვა „ვინც“ ქვემდებარეა, „სადაც“ – ადგილის გარემოება. მთავარ წინადადებაში მისათითებელი სიტყვებია „იმას“, „იქ“. მაშასადამე, მაქვემდებარებელი კავშირები და საკავშირებელი სიტყვები დამოკიდებულ წინადადებაში და საკორელაციო სიტყვები მთავარში (თუ არის) ქვეწყობილი წინადადების სტრუქტურული ელემენტებია, რომლებითაც იგი ფორმალურად განსხვავდება თანწყობილი წინადადებისაგან („როცა მთიდან დაეშვა ღამე, დაიბინდა მდელო“, შდრ. „მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო“. გ. ტაბიძე რთული ქვეწყობილი წინადადების ორგანიზებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს რთული წინადადების კომპონენტებში (მთავარსა და დამოკიდებულში) წარმოდგენილი ზმნების დრო-კილოთა ფორმების შესაბამისობას, რაც გარკვეულ კანონზომიერებას ავლენს (იხ. თანამდევრობა: „ქალი მიდის, რომ სხვაგან გაიკეთოს ბუდე”, ი. ჭავჭავაძე: შდრ. „ქალი წავიდა, რომ სხვაგან გაეკეთებინა ბუდე“). უკავშირო ქვეწყობილ წინადადებაში, ინტონაციასთან ერთად, ზმნების დრო-კილოთა შესაბამისობა არსებითი მნიშვნელობისაა („უთხარი ცამდე ამართულ მუხას, მუდამ იხვიოს ნისლი გრძნეული“, გ. ტაბიძე). უკავშიროდ არ ჩაითვლება ისეთი ქვეწყობილი წინადადება, რომელშიც დამოკიდებულს არა აქვს კავშირი ან საკავშირებელი სიტყვა, მაგრამ მთავარში ჩანს მისათითებელი სიტყვა, რომელიც დამოკიდებული წინადადების სინტაქსურ ფუნქციაზე მიგვანიშნებს („ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი, ბულბულს დავსვამ ჭიქაზე“, გ. შატბერაშვილი, „შენი სახელი ისე სწერია, ვერც დრომ, ვერც წარღვნამ ვერ გადარეცხოს“, გ. ლეონიძე). მოდალური ზმნების შემცველი მთავარი წინადადება გარკვეულ შემთხვევაში ისე მტკიცედ უერთდება უკავშირო დამოკიდებულს, რომ გვაძლევს ნაჰიპოტაქსარ გამარტივებულ კონსტრუქციას, ე. წ. ბივერბალურ კონსტრუქციას (მინდა ვიყო ბავშვი). ტრადიციულად გრამატიკაში დამოკიდებული წინადადების ფუნქცია გათანაბრებულია წინადადების წევრის ფუნქციასთან. გამოყოფილია იმდენი სახის დამოკიდებული წინადადება, რამდენი წინადადების წევრიცაა (ქვემდებარული, დამატებითი, განსაზღვრებითი, შემასმენლური, გარემოებითი) თუ დამოკიდებული წინადადება მთავარი წინადადების შემასმენელთან ქვემდებარის ფუნქციას ასრულებს, იგი ქვემდებარული დამოკიდებულია; თუ – დამატებისას, დამატებითია და ა. შ. ამათ გარდა, გამოყოფილია ისეთი დამოკიდებული წინადადებებიც, როგორიცაა პირობითი, შედეგობითი, დათმობითი. წინადადების წევრის ფუნქციის მქონე დამოკიდებული წინადადებები შეეფარდება საკორელაციო სიტყვას (თუ კორელატი არის მთავარ წინადადებაში). რა წევრიცაა საკორელაციო სიტყვა, იმავე სინტაქსური ფუნქციისაა დამოკიდებული წინადადება – „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა“, შოთა რუსთაველი. „მანვე“ ქვემდებარეა მთავარ წინადადებაში, მისი ამხსნელი წინადადებაც ქვემდებარული დამოკიდებულია). ჩვეულებრივ, თუ საკავშირებელი სიტყვა ნაცვალსახელია, მისათითებელი სიტყვაც შესაბამისი მნიშვნელობის ნაცვალსახელია, საკავშირებელ ზმნისართს კი კორელატადაც ზმნისართი შეეფარდება (ის … ვინც, ისეთი … როგორიც, იმდენი … რამდენიც; იქ … სადაც, მაშინ … როდესაც, ისე … როგორც,…). იშვიათ შემთხვევებში ეს შეფარდება დარღვეულია: კორელატი ნაცვალსახელია, საკავშირებელი სიტყვა – ზმნისართი („სასტუმროს ის ოთახი, სადაც აკაკის ჯდომა უყვარდა, გადასცქეროდა რიონს“, რ. გვეტაძე. ეს დარღვევა ახსნილია დამოკიდებული წინადადების ტენდენციით – შეარჩიოს ისეთი კავშირი, რომელიც ამავე დროს მას გამოადგება წინადადების წევრად, ე. ი. მის შინაარსს შეეგუება. ტრადიციულად დამოკიდებული წინადადების დახასიათება სამი ნიშნის მიხედვით ხდება. ეს ნიშნებია: 1. შეერთების საშუალება (კავშირიანი ან უკავშირო), 2. სინტაქსური ფუნქცია, 3. პოზიცია. ზოგადად დამოკიდებული წინადადება შეიძლება იყოს მთავარი წინადადების წინ, შემდეგ ან მთავარში.

ლ. კვანტალიანი



ლიტერატურა

  • დონდუა კ. მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში. – „ენიმკის მოამბე“. 1940, ტ. 5-6;
  • მისივე, დამოკიდებული წინადადების განვითარების ისტორიიდან ძველ ქართულში. – „თსუ შრომები“, 1949, ტ. 37;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკა, II, თბ. 1948;
  • აბესაძე ნ. ჰიპოტაქსის წევრ-კავშირები და კავშირები სვანურში. – „თსუ შრომები“, 1960, ტ. 93;
  • მისივე, ჰიპოტაქსის წევრ-კავშირები და კავშირები მეგრულში. – იქვე, 1965, ტ. 114;
  • კიზირია ა., რთული წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ., 1969;
  • ძიძიგური შ. კავშირები ქართულ ენაში, თბ. 1969;
  • გეგუჩაძე ლ., დროთა თანმიმდევრობა ერთი ტიპის კონსტრუქციაში. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1972, №3;
  • მისივე, დროთა თანმიმდევრობის საკითხისათვის მიზეზის გარემოებით დამოკიდებულ წინადადებაში. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1974, №23;
  • ერთელიშვილი ფ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადების ზოგი კავშირის შესახებ. – „ქართველურ ენათა
  • სტრუქტურის საკითხები“, V, თბ. 1981;
  • მისივე, არქაული ტიპის ჰიოტაქსის გადმონაშთები ქართველურ ენებში. – „იკე“, XXVI თბ., 1987;
  • მისივე, ზანური ნი კავშირ-ნაწილაკის კვალი ზანურ დიალექტში. – „იკე,“ XXVII,თბ., 1988;
  • კოტინოვი ნ. კილოს კატეგორია და სინტაქსის ზოგიერთი საკითხი ქართულში, თბ, I986;
  • კვანტალიანი ლ. რთული წინადადების შესწავლის ისტორიიდან. – „იკე“, XXIX, თბ., 1990; კ
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები