რკონის ციხის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რკონის ციხის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძმის ვიწრო ხეობაში, წალკიდან მიმავალი გზის პირას, ნასოფლარ რკონსა და რკონის კომპლექსს შორის, მაღალი მთის ფერდობზე. მას სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის, ჩრდილოეთიდან – პატარა უსახელო მდინარე. ხეობას მოჰყვება მანგლისიდან მომავალი გზა. ციხე თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი, სასახლე.

რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული. მისი დასავლეთ ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა – კი თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.

სარჩევი

გალავანი

გალავანი წარმოადგენს მარტივ, გეგმით უსწორო მრავალგვერდას (სიმაღლე 5 მ), რომელსაც თითო კარი აქვს ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით. კედლები გამაგრებულია კონტრფორსებით. შიგნიდან გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო ბილიკი ხისა ყოფილა. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა იარუსზე კი სათოფურებია.

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია. თარიღდება XIII საუკუნით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით, აფსიდში, და დარბაზის სამხრრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ორ შეკიდულ თაღზე დაყრდნობილი კამარით.

კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. მოხატულობა თარიღდება XIII საუკუნის II ნახევრით. აფსიდის კონქში, რომლის მეტი ნაწილი ამჟამად ჩამონგრეულია, ჩანს ვედრების კომპოზიციის ნაწილი: მაცხოვრის შიშველი ფეხი, მისი ქიტონის კალთა და ტახტი, რომელიც მორთულია სამრიგად განლაგებული კონცენტრული წრეებით და შიგ ჩახატული ჯვრებით. სამხრეთით შემორჩენილია ექვსფრთედის გამოსახულება. იოანე ნათლისმცემლის ფიგურა მთლიანად გადაშლილია, ხოლო ღვთისმშობლის მხოლოდ მოწითალო-ყავისფერი მაფორიუმისა და ნაცრისფერი ქიტონის მცირე ფრაგმენტებია შემონახული. მომდევნო რეგისტრში ზიარების კომპოზიციაა წარმოდგენილი. შედარებით უკეთესადაა შემონახული მაცხოვრისა და მისკენ მიმართული ორი ხელაპყრობილი ანგელოზის გამოსახულება კედლის ჩრდილოეთ ნაწილში, სარკმლის გვერდით. მოპირდაპირე მხარეს ჩანს ქრისტეს ფიგურა და მოციქული პავლე. ეს უკანასკნელი ოდნავ უკანაა გადაწეული, ხელი მაცხოვრისკენ აქვს გაწვდილი. ზიარება კიბისებრი ორნამენტის ფრიზითაა მოჩარჩოებული. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია წარმოდგენილი მთელი ტანით. ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, გაირჩევა მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. საკურთხევლის ერთადერთი სარკმელი მცენარეული ორნამენტითაა შემკული. ქვემოთ მხატვრობას ასრულებს კიბისებრი ორნამენტი. ეკლესიის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ქვემოთ, გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანები: ერთი მათგანი (ონოფრე ან მაკარი) შიშველია, მომდევნოს გრძელი გაშლილი თმები აქვს. ამავე კედლის სარკმლის წირთხლებზე ორი წმ. დედის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ, დასავლეთ კუთხეში გამოსახული ბავშვების ჯგუფი განეკუთვნება განკითხვის დღის კომპოზიციას, რომელსაც ეკლესიის დასავლეთ კედელი ჰქონდა დათმობილი. ამჟამად კომპოზიციის მეტი ნაწილი გადაშლილია. შემონახულია ცალკეული ფრაგმენტები, რომლებზეც გაირჩევა: აბრაამის წიაღი, მის გვერდით სულების ჯგუფი, სამოთხის კარებთან ექვსფრთედი (ქერუბინი) და იქვე ყავისფერი ხაზით შესრულებული სწორკუთხედები, რომლებშიც ჯოჯოხეთის ალში გახვეული ცოდვილთა ფიგურებია მოთავსებული. კედლის ზედა ნაწილში გამოსახულებათა გარჩევა მხოლოდ სარკმლის წირთხლებზე ხერხდება. სამხრეთით უწვერულვაშო ახალგაზრღა წითელ მოსასხამსა და ნაცრისფერ პერანგში წინასწარმეტყველი დანიელი უნდა იყოს. მას ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, რომელზეც ასომთავრული წარწერის ნაშთები გაირჩევა. იქვე, ჩრდილოეთ წირთხლზე ორი მუხლმოყრილი ფიგურაა ვედრების პოზაში. შესასვლელის ტიმპანი და წირთხლები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ჩრდილოეთ კედელზე მოხატულობა მთლიანად გადაშლილია. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი-მწვანე, მოწითალო-აგურისფერი, მოწითალო-ყავისფერი, ოქროსფერი ოქრა, მოცისფრო-ნაცრისფერი.

ეკლესიის ფასადები ნატეხი ქვითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია XII-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვები.

კოშკი

კოშკი დგას გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილას. მისი სამხრეთი და აღმისავლეთი კედლები კლდეს ეყრდნობა, ხოლო დანარჩენი ორი – მასიურ კედელს. ქვედა სართულის იატაკი ხის კოჭებზე ყოფილა დაგებული კედლებში დატანებულია ბუხრები, ნიშები და სათოფურები.

სადაზვერვო კოშკი

სადაზვერვო კოშკი დგას ციხის ზემოთ, მთის წვერზე. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია სამი სართული: პირველი ყრუა, მეორის კედლებში სათოფურებია, მესამე დაზიანებულია.

სასახლე

სასახლე დგას ციხის ეზოში. შემორჩენილია სამსართულიანი ნაგებობის ნანგრევები. პირველ სართულზე ორი კარი, ბუხარი და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია, მეორეზე – ნიშები და ბუხარი; მესამე სართულის კედლები ძლიერ დაზიანებულია, ჩანს მხოლოდ კარი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები