რქოსანი ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რქოსანი ტოროლა (ლათ. Eremophila alpestris Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − რქოსანი ტოროლა.

რქოსანი ტოროლა დაახლოებით მინდვრის ტოროლასოდენა ფრინველია. ფრთა 110-120 მმ-ია, კუდი – 65-85 მმ, ნისკარტი − 10-13 მმ, წონა – 30-45 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის არის მცირე განსხვავება. მამალი ზურგის მხარეს მორუხო ფერისაა, მოვარდისფრო ელფერით და მანტიაზე ოდნავ უფრო მუქი წინწკლებით. მუქი მურა ფერის მომქნევებს, აგრეთვე ფრთის მორუხო-მურა ფერის საშუალო და დიდ მფარავებს, ღია ფერის არშიები აქვთ. საჭის შუა წყვილი მურაა, ფართო ღია ჟანგმიწისფერი არშიებით; დანარჩენები შავია, თეთრი არშიებით, თუმცა კიდურა წყვილს გარეთა მარაოები თითქმის მთლიანად თეთრი აქვთ. შუბლი, ყელი, ზოლები წარბების ზემოთ, ლოყების უკანა ნაწილები, ყურების მფარავები მორუხო-ყვითელია; თხემის წინა ნაწილი და ლოყები შავია. თხემის გვერდებზე შავი ფერისა და რქების ფორმის წაგრძელებული ბუმბულებია, რითაც კარგად გამოირჩევა სხვა ტოროლებისაგან. ყელის ქვემო ნაწილსა და ჩიჩახვზე ფართო განივი ზოლია. მკერდი, მუცელი, ფრთების ქვემო და კუდქვეშა ბუმბულები მოთეთროა. ნისკარტი მოწაბლისფრო-რუხია, ფეხები – შავი. დედალი უფრო მკრთალია, შავი ფერი თავზე ნაკლებად სუფთაა, „რქები“ უფრო მოკლე.

აღწერილია 33 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური რქოსანი ტოროლა – E. a. penicillata Gould, 1837.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპის, აზიისა და ამერიკის ტუნდრის ზონას, აფრიკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს, ჩრდილოეთ არაბეთს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ ირანს, ავღანეთს, შუა აზიას, ყაზახეთს, ალტაის, იმიერბაიკალეთს, ქაშმირს, ჰიმალაის მთებს, ტიბეტს, მონგოლეთს, ჯუნგარიასა და მანჯურიას. ამერიკაში მოიპოვება ტუნდრებიდან მექსიკამდე, აგრეთვე იზოლირებულად კოლუმბიაში. საქართველოში მობინადრეა, ახდენს მხოლოდ სეზონურ ვერტიკალურ გადანაცვლებას.

ბიოტოპი

ჩრდილოეთში – ზღვების ქვიშნარი სანაპიროები და ღალი, მშრალი ტუნდრა; ყაზახეთსა და იმიერბაიკალეთში ბინადრობს ველებზე. მთიან მხარეებში, კერძოდ საქართველოში მოიპოვება უტყეო ზეგნებსა და ალპურ მდელოებზე – 3000 მ-მდე ზ. დ. ზამთრობით ინაცვლებს დაბლობებში.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ორმოში, ბალახების ან ქვის ძირში. მაისის შუა რიცხვებში დებს 3-5 კვერცხს, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 16 დღემდე აღწევს. გაურკვეველია, მრავლდება თუ არა იგი წელიწადში ორჯერ.

კვება

ძირითადი საკვებია მწერები. ჭამს ობობებსა და პატარა ზომის ლოკოკინებსაც, აგრეთვე ბალახის თესლებს.

მნიშვნელობა

დიდი პრაქტიკული სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები