საგზაო ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საგზაო ბეტონი

საგზაო ბეტონიბეტონის სახეობა, რომელსაც იყენებენ საავტომობილო გზების მშენებლობაში. საგზაო ბეტონი უნდა იყოს მტკიცე, ცვეთა-, ყინვა- და ატმოსფერომედეგი. ერთფენიანი და ორფენიანი ბეტონის საფარისათვის გამოიყენება არანაკლებ 400 მარკის საგზაო პორტლანდცემენტი (სამკალციუმიანი ალუმინატის 10%-ზე ნაკლები შემცველობით), ბეტონის გზების საფუძვლისათვის – არანაკლებ 300. სასურველია საგზაო პლასტიფიცირებული ან ჰიდროფობული ცემენტის გამოყენება. ზედა ფენისათვის გამოიყენება მხოლოდ გარეცხილი ღორღი ან ხრეში, რომელშიდაც თიხოვანი, მტვროვანი და ლამიანი ნაწილაკების მასითი რაოდენობა არ აღემატება 1,5%-ს (ქვედა ფენისათვის – 2%-ს). ღორღი აუცილებელია იყოს მაღალი სიმტკიცის: ამოფრქვეული ქანიდან – არანაკლებ 120 მპა, დანალექი ქანიდან – არანაკლებ 80 მპა, ქვედა ფენისა და საფუძვლისათვის ამოფრქვეული ქანიდან – 80 მპა-ზე მეტი, დანალექი ქანიდან – 60 მპა-ზე მეტი. ხრეშის ან ღორღის მარცვლების უდიდესი ზომაა არანაკლები: ზედა ფენისათვის 20 მმ, ქვედა ფენისათვის – 40 მმ, საფუძვლისათვის – 70 მმ.

საგზაო ბეტონის ყინვამედეგობისა და ნარევის ხარისხის ასამაღლებლად მასში შეჰყავთ ზედაპირულად აქტიური დანამატი: სუპერპლასტიფიკატორი, ორგანულ-მინერალური, ჰაერჩამთრევი და სხვ. დანამატის ხარჯი ისეთია, რომ უზრუნველყოს ბეტონის ნარევში საჭირო რაოდენობის ჰაერის ჩართვა. რეკომენდებულია ჩათრეული ჰაერის შემდეგი შემცველობა (მოცულობითი): შემვსების მაქსიმალური სიმსხოს (40-70 მმ) დროს – (4,5±1)%, მარცვლების უმცირესი (-20 მმ) სიმსხოს დროს – (5,5±1)%. საგზაო საფარის დეკორატიული მიზნისათვის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, გამყოფი ზოლების, პარკის ბილიკებისა და ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება ფერადი ბეტონი. ასეთი ბეტონი მიიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი პიგმენტის (ცემენტის მასის 8-10%) დამატებით (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები, მაგ., ტუფი, წითელი კვარციტი, მარმარილო და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები