საერთაშორისო კერძო სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო კერძო სამართალი – ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ისეთ, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო ხასიათი. ამ ურთიერთობათა საერთაშორისო ხასიათი გამოიხატება იმაში, რომ მათში მონაწილეობენ უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური ან (და) იურიდიული პირები, უცხო სახელმწიფოები. აღნიშნული ურთიერთობანი ვრცელდება ან დაკავშირებულია ორ ან რამდენიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიასთან. ასეთი ურთიერთობის რეგულირების ობიექტს წარმოადგენს საგანი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში, თავის მხრივ, იგულისხმება ქონებრივი ან მათთან დაკავშირებული არაქონებრივი ურთიერთობანი, აგრეთვე ურთიერთობანი, რომლებიც რეგულირდება საოჯახო, შრომის და საპროცესო სამართლის ნორმების საფუძველზე.

საერთაშორისო კერძო სამართლის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ურთიერთობანი, რომლებიც წარმოიშობა საერთაშორისო ეკონომიკური ან სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შედეგად. საერთაშორისო კერძო სამართლის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოელთა სამოქალაქო-სამართლებრივი მდგომარეობის, უცხოეთის იურიდიული პირებისა და შერეული საზოგადოებების, საკუთრების უფლების, ვალდებულებითი (საერთაშორისო-სავაჭრო გარიგებები, საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვათა ხელშეკრულებები, საკრედიტო-საანგარიშსწორებო ურთიერთობანი), საავტორო, საგამომგონებლო, საოჯახო, სამემკვიდრეო და საპროცესო სამართლის საკითხები.

საერთაშორისო კერძო სამართალში მოქმედებს ორი სახის ნორმები. ერთ შემთხვევაში მოქმედებს ნორმა, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული წესი, რომელიც ადგენს სუბიექტთა უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ ნორმებს ეწოდება პირდაპირი ან უშუალო რეგულირების ნორმები. მეორე შემთხვევაში მოქმედებს ნორმა, რომელიც მხოლოდ მიუთითებს, თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული ურთიერთობების მოსაგვარებლად, ასე მიუთითებს რომელიმე სახელმწიფოს სამართალზე. ასეთ ნორმებს კოლიზიური ნორმები ეწოდება. საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებს შეიცავენ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებანი (მაგ: სამრეწველო საკითხების დაცვის პარიზის 1833 კონვენცია, სამოქალაქო პროცესის შესახებ ჰააგის 1954 კონვენცია და სხვ).

საერთაშორისო კერძო სამართლის განვითარების სფეროში განსაკუთრებული როლი აქვს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ორგანოებს, როგორებიცაა გაეროს საერთაშორისო კომისია, საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), კერძო სამართლის უნიფიკაციის რომის ინსტიტუტი და სხვ.

საერთაშორისო კერძო სამართლის წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულება, სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობა, სასამართლო და საარბიტრაჟო პრაქტიკა, საერთაშორისო ადათი. საერთაშორისო კერძო სამართლის ზოგიერთი ნორმა უშუალოდ გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლის ზოგადი საფუძვლებიდან. საქართველოს კანონმდებლობაში საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს საზღვაო კოდექსში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები