სან-ფრანცისკოს კონფერენცია 1945

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სან-ფრანცისკოს კონფერენცია 1945 – მიმდინარეობდა 25, IV - 26.VI. მოწვეულ იქნა ყირიმის (იალტის) კონფერენციის (1945) გადაწყვეტილების – საყოველთაო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა „მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“ – თანახმად, სან-ფრანცისკოს კონფერენციის მიზანი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) წესდების შემუშავება.

კონფერენცია მოუწეველ იქნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ისა და ჩინეთის მთავრობათა სახელით. ოფიციალური მიმართვა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაეგზავნა 42 ქვეყანას, რომლებმაც ხელი მოაწერეს გაერთიანებული ერების დეკლარაციას 1.I.1942 ან მოგვიანებით შეუერთდნენ მას და გამოუცხადეს ომი „ღერძის“ ქვეყნებს 1945 წლის 1 მარტამდე. ესენი გახლდნენ: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, გვატემალა დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ეკვადორი, ერაყი, ვენესუელა, თურქეთი, ინდოეთი, ირანი, იუგოსლავია, კანადა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ლიბანი, ლიბერია, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდი, ნიკარაგუა, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, საბერძნეთი, სალვადორი, სამხრეთ აფრიკის კავშირი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, სირია, ურუგვაი, ფილიპინები, ჩეხოსლოვაკია, ჩილე, ჰაიტი, ჰონდურასი.

კონფერენციის დაწყების შემდეგ, 30 აპრილს მოწვეულ იქნენ არგენტინა (მიუხედავად საბჭოთა დელეგაციის წინააღმდეგობისა), ბელორუსიის სსრ და უკრაინის სსრ, ხოლო 5 ივნისს – დანია. რის შემდეგაც მონაწილეთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. განსაკუთრებული კამათი გამოიწვია პოლონეთის საკითხმა. პოლონეთი შედიოდა იმ ქვეყანათა რიცხვში, რომლებმაც მოაწერეს ხელი გაერთიანებული ერების დეკლარაციას, მაგრამ კონფერენციაზე მოწვეული არ იქნენ, რადგან პოლონეთის დროებით მთავრობას დასავლეთის სახელმწიფოები მარიონეტულად თვლიდნენ და უარს ამბობდნენ მის კანონიერად ცნობაზე, მხოლოდ 23 ივნისს, საბჭოთა დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, გადაწყდა, ჩაეთვალათ პოლონეთი გაეროს დამფუძნებელ წევრად და დაეტოვებინათ წესდებაში ადგილი პოლონეთის მთავრობის ხელმოწერისათვის.

გაეროს წესდების შემუშავება ხდებოდა დუმბარტონ-ოქსის კონფერენციაზე 1944 მომზადებული წინადადებების. გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრის საკითხის, ყირიმის (იალტის) კონფერენციაზე შეთანხმებული დებულებებისა და აგრეთვე კონფერენციის მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი შესწორებებისა და დამატებების საფუძველზე.

სან-ფრანცისკოს კონფერენციის წევრებმა წესდების პროექტს დაამატეს პრეამბულა, რომელშიც გამოთქმულია მათი მტკიცე სურვილი, ააცილონ მომავალ თაობებს ომის უბედურებანი, განამტკიცონ „ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის და დიდი და პატარა ერების თანასწორობის რწმენა“ შექმნან პირობები სამართლიანობის დასაცავად, ხელი შეუწყონ „სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში“.

სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე მიმდინარეობდა მწვავე კამათი დასავლეთის სახელმწიფოებისა და საბჭოთა კავშირის დელეგაციებს შორის წესდებაში მათთვის სასურველი დებულების შესატანად, განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი ამ დაპირისპირებამ მიიღო უშიშროების საბჭოში კენჭისყრის საკითხის განხილვისას. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებს სურდათ, შეეცვალათ ე.წ. „იალტის ფორმულა“. რომელიც დაფუძნებული იყო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ერთხმივობის პრინციპზე, მაგრამ საბჭოთა მხარის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად სან-ფრანცისკოს კონფერენციამ დაამტკიცა „იალტის ფორმულა“ და გაეროს წესდებაში ჩაიწერა, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ყველა საკითხზე, გარდა პროცედურულისა, მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საბჭოს 7 (დღეს 9) წევრი, მათ, შორის აუცილებლად ხუთივე მუდმივი (27-ე მუხლი).

დავა გამოიწვია გენერალური ასამბლეის უფლებამოსილების საკითხმაც. სან-ფრანცისკოს კონფერენციამ უარყო მთელი რიგი ქვეყნების (ძირითადად ლათინური ამერიკიდან) მოთხოვნა, მიენიჭებინათ გენერალური ასამბლეისათვის ისეთივე უფლებები, როგორიც უშიშროების საბჭოსათვის. არ იქნა მიღებული აგრეთვე წინადადება, გაეროს უმაღლეს ორგანოდ ექციათ გენერალური ასამბლეა, ხოლო უშიშროების საბჭო დაექვემდებარებინათ მისთვის. საბოლოოდ გენერალურ ასამბლეას მიეცა უფლება, განიხილოს ნებისმიერი საკითხი წესდების ფარგლებში (მუხლი 10), მაგრამ არ შეუძლია გამოიტანოს რეკომენდაციები რომელიმე საკითხის გარშემო უშიშროების საბჭოს შეკითხვის გარეშე. თუ უშიშროების საბჭო ასრულებს თავის მოვალეობას მოცემულ საკითხთან მიმართებაში (მუხლი 12) დუმბარტონ-ოქსში წამოყენებული წინადადებების საფუძველზე. სან-ფრანცისკოს კონფერენციამ მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის დააკისრა უშიშროების საბჭოს და მისცა მას გაეროს ყველა წევრის სახელით მოქმედების უფლება ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებისას (მუხლი 24).

ხანგრძლივი დებატები გაჩაღდა მეურვეობის საერთაშორისო სისტემის საკითხის ირგვლივაც, რის შესახებაც ყირიმის კონფერენციაზე მიღწეული იყო შეთანხმება, კონფერენციის მონაწილეები დათანხმდნენ, რომ ამ სისტემაში შესულიყო მანდატის ქვეშ მყოფი ყველა სახელმწიფო. გაეროს წესდების 76-ე მუხლში ჩაიწერა, რომ, გაერო ხელს შეუწყობს სამეურნეო ტერიტორიების მოსახლეობის განვითარებას თვითმმართველობის ან დამოუკიდებლობის მიმართულებით, როგორც ეს შეიძლება აღმოჩნდეს შესაფერისი თითოეული ტერიტორიისა და მისი ხალხების სპეციფიკური პირობებისათვის და ამ ხალხთა თავისუფლად გამოხატული სურვილის გათვალისწინებით. კონფერენციამ წესდებაში ჩართო აგრეთვე დეკლარაცია კოლონიებთან და დამოკიდებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის შესახებ, თუმცა ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა კოლონიური სახელმწიფოების წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა დეკლარაციაში ჩაწერა პუნქტისა, რომ ამგვარ ტერიტორიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლობის უფლება.

სან-ფრანცისკოს კონფერენციამ დააფუძნა საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლის შემადგენლობით, რომელიც ირჩევა უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის მიერ 9 წლის ვადით და წარმოადგენს გაეროს წესდების ნაწილს.

1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში მოეწყო გაეროს წესდების ხელმოწერის ცერემონიალი. ამავე დღეს კონფერენციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს. რომ შეექმნათ მოსამზადებელი კომისია, რომელსაც უნდა ემოქმედა გენერალური ასამბლეის პირველი სესიის მოწვევამდე და გაეროს გენერალური მდივნის არჩევამდე. 1945 წლის 24 ოქტომბრისათვის გაეროს წესდება რატიფიცირებულ იქნა უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და სხვა წევრების 2/3-ის მიერ და ამ დღეს ის შევიდა ძალაში. 24 ოქტომბერი ყოველ წელს აღინიშნება როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები