სარისკო კაპიტალი
სარისკო კაპიტალი (risk capital), კაპიტალი, დაბანდებული კომპანიაში გაკოტრების მაღალი რისკით (ალბათობით), მაგ., ვენჩურული კაპიტალი.
კომპანიის ფინანსური კაპიტალის სხვადასხვა ფორმა რისკის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება. მაგ., კომპანიის მოგების განაწილებისას სავალო ვალდებულებების მფლობელები, სარგებლობენ რა რიგი უპირატესობებით, პირველ რიგში იღებენ მოგების ფიქსირებულ პროცენტს და, აქედან გამომდინარე, მათი კაპიტალი ატარებს მცირე რისკს; პრივილეგიური აქციის მფლობელები თავიანთ შემოსავალს ფიქსირებული დივიდენდის სახით მეორე რიგში იღებენ და მათი კაპიტალი შედარებით უფრო მაღალი რისკის მატარებელია; ჩვეულებრივი აქციის მფლობელები თავიანთ შემოსავალს სულ ბოლოს იღებენ კომპანიის დარჩენილი მოგებიდან, აქედან გამომდინარე, მათი კაპიტალი ყველაზე მაღალი რისკის შემცველია. თუ კომპანიაში იზრდება მოგება, მაშინ ჩვეულებრივი აქციის მფლობელთა შემოსავალი იზრდება, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ფიქსირებული პროცენტისა და ფიქსირებული დივიდენდის გადიდების შემდეგ, კომპანია მათ უნაწილებს დარჩენილ ქონებას. არსებობს სავალუტო რისკი, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის კურსის მოულოდნელ ცვლილებასთან და ადგილი აქვს საგარეო ვაჭრობაში, საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების ჩატარებისას და ა.შ.
გარდა ამისა, ადგილი აქვს აგრეთვე ეროვნული ვალუტის საბაზრო ღირებულების მერყეობით გამოწვეულ რისკს.
საკრედიტო რისკი დაკავშირებულია კრედიტების დაუბრუნებლობასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
საბანკო რისკის ერთ-ერთი სახეობაა სარგებლის რისკი, რომელიც განპირობებულია სარგებლის განაკვეთების გაუთვალისწინებელი ცვლილებებით.
სარისკო კაპიტალი მჭიდრო კავშირშია სამეწარმეო რისკთან, რომელიც თან ახლავს ფირმის ყოველდღიურ საქმიანობას, მისი ზოგადი (corporate risk) და ამავე დროს ერთ-ერთი ძირითადი რისკია.