საფუძვლის ჩაყრის რიტუალი (ეგვიპტე)
საფუძვლის ჩაყრის რიტუალი – ტაძრის საფუძვლის ჩაყრის რიტუალი უძველეს დროში ჩამოყალიბდა და ჩვენს ხელთ არსებული რიტუალის ამსახველი ტექსტების და ტაძრების კედლებზე მოთავსებული გამოსახულებების თანახმად უცვლელი დარჩა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე. იგი მომავალი ტაძრის საზღვრების დადგენას და მიწის კურთხევას გულისხმობდა და დაახლოებით შვიდიდან თხუთმეტ დღემდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.
რიტუალს ჩვეულებრივ მეფე (ან, მისი სახელით, უმაღლესი რანგის ქურუმი) ატარებდა. მას თან ახლდა ქურუმი-დეკლამატორი, რომელიც ცერემონიის დროს შესაბამის გამონათქვამებს კითხულობდა. რიტუალი იწყებოდა მეფის (ან მისი „როლის“ შემსრულებლის“) და ქურუმების მსვლელობით მშენებლობის ადგილამდე. პროცესიას თანდათან ხალხი უერთდებოდა და გზადაგზა მსხვერპლშეწირვები ტარდებოდა. წინ პროცესიას მიუძღოდა ის ღვთაება, რომელსაც ტაძარს უგებდნენ. მშენებლობის ადგილზე მისვლის შემდეგ მომავალი ტაძრის ადგილის და განლაგების მონიშვნა ხდებოდა. ამ დროს ითვალისწინებდნენ მის მდებარეობას ვარსკვლავებთან მიმართებაში.
კუთხეების და კედლების მონიშვნის შემდეგ მეფე ქალღმერთ სეშატის დახმარებით (ქალღმერთის „როლში“ ჩვეულებრივ სეშატის რეგალიებით მორთული მისი ქურუმი ქალი გამოდიოდა ასობდა პალოებს ოთხივე კუთხეში და მათ შორის თოკს ჭიმავდა. ამის შემდეგ, გაჭიმული თოკების გაყოლებით, ითხრებოდა თხრილი. თხრილი საკმაოდ ღრმა უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ გრუნტის წყლებს გამოეჟონათ, რაც პირველყოფილი ნუნის სიმბოლოს წარმოადგენდა. „მიწის თოხნის“ ცერემონიას „ქვიშის მობნევის“ ცერემონია მოჰყვებოდა. ქვიშა თხრილში იყრებოდა და მას მომავალი ტაძარი გრუნტის (ნუნის) წყლებისაგან უნდა დაეცვა. რასაკვირველია, ორივე ცერემონიას სიმბოლური სახე ჰქონდა, რადგან მას მეფე ატარებდა. მომავალი ტაძრის კუთხეების ადგილას ითხრებოდა შახტები, სადაც საფუძვლის შესაწირი თავსდებოდა – ეს იყო სამშენებლო იარაღების მოდელები და შეწირული ბატის და ხარის თავები. ამის შემდეგ მზადდებოდა აგურები თიხისაგან, რომლებიც საკმეველით განიწმინდებოდა და მათ მეფე ოთხივე კუთხეში ათავსებდა. ამასაც სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და როგორც ჩანს, იმ უძველესი დროიდან შემორჩა, როცა ეგვიპტელები ტაძრებს ჯერ კიდევ აგურით, და არა ქვით აგებდნენ. აგურების ქვის ბლოკებით შეცვლა მხოლოდ გვიანდელი პერიოდის ცერემონიებში მოხდა. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ეგვიპტელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რასაც ფარაონის უშუალო მონაწილეობა მოწმობს. ის ქურუმები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ, ღმერთების ნიღბებში იყვნენ და ღმერთებს განასახიერებდნენ.