საქართველოსა და სომხეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების ხელშეკრულება – დაიდო ქ. ერევანში 19.V. 1993. საქართველოს რესპუბლიკის სახელით სელი მოაწერა ედუარდ შევარდნაძემ, სომხეთის რესპუბლიკის სახელით – ლევონ ტერ-პეტროსიანმა.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, თანამიმდევრულად იხელმძღვანელონ ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის და არსებული საზღვრების ურღვეობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ძალის თუ ძალით დამუქრების. მათ შორის ეკონომიკური თუ ზემოქმედების სხვა ხერხების გამოყენების, დავის მშვიდობიანი მოგვარების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების პატივისცემის, ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპებით. აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით. მხარეები აღიარებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას რომელიმე კავშირში ან ბლოკში, რომელიც მიმართული იქნება მეორე მხარის წინააღმდეგ. თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს. იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მგზავრებისა და ტვირთის შეუფერხებელი ტრანზიტი მათ ტერიტორიაზე განლაგებულ საზღვაო და საჰაერო პორტებში, სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე და მილსადენებით.
ხელშეკრულებით სავაჭრო და სხვა ეკონომიკური ურთიერთობები განხორციელდება ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე. მხარეები უზრუნველყოფენ ხელსაყრელ ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ პირობებს მეორე მხარის საწარმოების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების სამეწარმეო და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, ინვესტიციების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის ჩათვლით.
მხარეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას სეისმოლოგიის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროებში. ავითარებენ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. მხარეები წაახალისებენ სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო დაწესებულებების უშუალო კავშირ-ურთიერთობას, ერთობლივი პროგრამებისა და ნამუშევრების განხორციელებას, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავებას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და სპორტის დარგში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პარლამენტისა და პარლამენტარების კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარება.
ხელშეკრულება დაიდო ათი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით. თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ან მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა მხარეებიდან რომელიმე წერილობითი შეტყობინებით არ განაცხადებს, რომ სურს შეწყვიტოს მისი მოქმედება.
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 10.VI.1991.