საქართველო-თურქეთის ერთობლივი დეკლარაცია, ოქმი, შეთანხმებები და ხელშეკრულებები
საქართველო-თურქეთის ერთობლივი დეკლარაცია, ოქმი, შეთანხმებები და ხელშეკრულებები
ხელშეკრულება, მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ
ხელი მოეწერა 1992 წლის 30 ივლისს ანკარაში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის და თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის მიერ. ძალაში შევიდა 1994 წლის 13 იანვარს ორივე ქვეყნის პარლამენტების მხრიდან რატიფიცირების შემდგომ.
ეს ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით, ყოველ 5 წელიწადში ავტომატურად განახლების პრინციპით, თუკი რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის სურვილს.
ხელშეკრულება 1918 წლის შემდგომ ორ დამოუკიდებელ, მეზობელ ქვეყანას შორის პირველად იდება, ამდენად იგი მათი ურთიერთობების საფუძველია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია: საზღვრების ურღვეობის პრინციპი; ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ასპექტები; შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის და ტერიტორიული უსაფრთხოების პრინციპი. პრიორიტეტულ სათანამშრომლო დარგებად ხელშეკრულებამ განსაზღვრა: მრეწველობა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კომუნიკაციები. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვებენ თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარისადმი მტრულად განწყობილი ძალების, პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობას.
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ჰუსამედინ ჯინდირუქის მიერ. ოქმის თანახმად, ძალაში შევიდა ორ ქვეყანას შორის 1992 დადებული ხელშეკრულება, ურთიერთ თანამშრომლობის სრულყოფის მიზნით, ორივე ქვეყნის პარლამენტში შეიქმნა სადეპუტატო ჯგუფები, რომლებიც, კონსულტაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით წელიწადში ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს.
საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებული საკონსულო შეთანხმება
ხელი მოეწერა 1995 წლის 12 ივნისს ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰიქმეთ ჩეთინის და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის მიერ. საკონსულო შეთანხმება დაფუძნებულია 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციაზე; შეთანხმება შეიცავს 61 მუხლს, სადაც დაწვრილებითაა განხილული საკონსულო ნორმატივები.
შეთანხმება სახელმწიფო საზღვარზე საბაჟოს (გამშვები პუნქტების) შესახებ
დაიდო 1996, 5 წლის ვადით და ავტომატურად განახლების პრინციპით. შეთანხმებას ხელს აწერენ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრები. მეთანხმება ითვალისწინებს ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნას. ა) სარფი; ბ) ახალციხე (საქართველო) – პოსოფი-თურქგოზუ (თურქეთი).
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაცია
ხელი მოეწერა თბილისში 1997 წლის 14 ივლისს. დეკლარაცია ეფუძნება 1992 წლის ხელშეკრულების სულისკვეთებას, მხარს უჭერს ლისაბონში ეუთოს სამიტის დეკლარაციას – „XXI საუკუნის ევროპის გლობალური უშიშროების მოდელის შესახებ“, დეკლარაციაში გამოთქმულია კეთილმეზობლური და სამშვიდობო ურთიერთობებისთვის მზადყოფნა, საუბარია აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის პრობლემების მოგვარებაზე. მასში განხილულია პროექტი „მშვიდობიანი კავკასია“, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ურთიერთობის ასპექტები, კასპიის შელფის ნავთობის როლი მსოფლიო ბაზარზე და კავკასიის რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის საქმეში. აღნიშნულია, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის (საქართველო-თურქეთის გავლით) უდიდესი სამომავლო წვლილი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. დეკლარაციაში საუბარია ენერგეტიკის სფეროში (მდ. ჭოროხის აუზი) ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დეკლარაციას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი.