საღვთო კავშირი
საღვთო კავშირი – ევროპის მონარქთა კავშირი, რომელიც შეიქმნა ნაპოლეონ I-ის იმპერიის დაცემის შემდეგ. მისი მთავარი ამოცანა ვენის კონგრესის 1814-15 გადაწყვეტილებათა განუხრელად შესრულება იყო.
1815 წლის 26 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა და პრუსიის იმპერატორმა ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ პარიზში ხელი მოაწერეს „საღვთო კავშირის აქტს“, 1815 წლის 19 ნოემბერს მას შეუერთდა საფრანგეთის მეფე ლუი XVIII, შემდგომ კი ევროპის მონარქთა უმრავლესობა. დიდი ბრიტანეთი არ შევიდა საღვთო კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობდა მის პირველ კონგრესში.
საღვთო კავშირის კონგრესებზე, რომლებსაც პერიოდულად იწვევდნენ, წამყვან როლს ალექსანდრე I და ავსტრიელი დიპლომატი კლემენს მეტერნიხი ასრულებდნენ. კავშირი თავის საქმიანობას ლეგიტიმიზმის პრინციპით წარმართავდა, რაც ითვალისწინებდა ევროპაში იმ ძველ დინასტიათა აღდგენას, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის არმიამ დაამხო. აახენის კონგრესზე 1818 გადაწყდა საფრანგეთიდან საოკუპაციო ჯარების ვადამდე გაყვანა და დაისახა ღონისძიებები ვენის კონგრესის მიერ ევროპაში დაწესებული საზღვრების განსამტკიცებლად.
ტროპაუს კონგრესის 1820 ოქმით რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ევროპის სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში შეიარაღებული ჩარევის უფლება მოიპოვეს. 1820-21 ავსტრიამ ჩაახშო ნეაპოლისა და პიემონტის რევოლუციები. ლაიბახის კონგრესის 1821 გადაწყვეტილებით კი ამ ქვეყნებში ინტერვენციის სანქციაც მიიღო. ვერონის კონგრესზე 1822 ფრანგი ბურბონების, ალექსანდრე I-ისა და მეტერნიხის ძალისხმევით მიღებულ იქნა ესპანეთის საქმეებში შეიარაღებული ჩარევის გადაწყვეტილება. 1821 საფრანგეთის 100-ათასიანი არმია შეიჭრა ესპანეთში და აბსოლუტური მონარქია აღადგინა. არანაკლებ რეაქციული იყო საღვთო კავშირის პოზიცია საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც აჯანყებულ ბერძენთა დელეგაცია დახმარების სათხოვნელად ეწვია ვერონას, კონგრესმა არც კი მოუსმინა მათ. მალე გამოვლინდა წინააღმდეგობანი საღვთო კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. როდესაც 1823 ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-მ თხოვნით მიმართა საღვთო კავშირს დახმარებოდა ამერიკაში თავისი აჯანყებული კოლონიების წინააღმდეგ ბრძოლაში, ინგლისმა, რომელსაც ამ კოლონიების მიმართ საკუთარი ინტერესები გააჩნდა, 1824 დემონსტრაციულად ცნო მათი დამოუკიდებლობა. მოგვიანებით, 1825 და 1826, საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების (1821-29) საკითხთან დაკავშირებით, გამოვლინდა წინააღმდეგობანი საღვთო კავშირის წევრებს – ავსტრიასა და რუსეთს შორის. ალექსანდრე I და შემდეგ ნიკოლოზ I რეალურად ეხმარებოდნენ ბერძნებს, ავსტრია კი კვლავინდებურად გმობდა საბერძნეთის აჯანყებას. აღნიშნულმა წინააღმდეგობებმა ხელი შეუწყო საღვთო კავშირის დაშლას. 1822 ვერონის კონგრესი უკანასკნელი აღმოჩნდა, 1833 რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მონარქები შეეცადნენ აღედგინათ საღვთო კავშირი მაგრამ ამან მხოლოდ დროებითი შედეგი მოიტანა.
იხილე აგრეთვე
მიუნხენგრეცის კონვენციები 1833