საყელოიანი წინტალა
საყელოიანი წინტალა (ლათ. Charadrius hiaticula Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეჭვავიები (Charadriinae)
- გვარი − მეჭვავია (Charadrius)
საყელოიანი წინტალა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, ნისკარტი − 12-15 მმ, წონა – 65 გ-მდე. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის ზურგის მხარე, თხემი და კეფა მურა-რუხია. სხეულის დანარჩენი ნაწილი თეთრია, მაგრამ შავი ფერის ზოლები გასდევს შუბლზე, თავის გვერდებზე, განივად კეფაზე და ყელის ირგვლივ – ჩიჩახვის გავლით. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა. მეორე რიგის მურა ფერის მომქნევები ძირში თეთრია. თეთრია იღლიის ბუმბულებიც. საჭის შუა წყვილი ბუმბული რუხი-მურაა, წვეროსთან უფრო მუქი ფერით. საჭის კიდურა ბუმბულები თეთრია, შიგნითა მარაოებზე ზოგჯერ პატარა შავი ლაქებით. ნისკარტი ძირში მონარინჯისფრო-ყვითელია, ხოლო წვეროში − შავი. ფეხები მოყვითალოა.
აღწერილია 3. ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური საყელოიანი წინტალა – Ch. h. hiaticula Linn., 1758.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალის საზღვრები ზუსტად არაა დადგენილი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. აღმოსავლური ქვესახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, მაგრამ უფრო მეტია ჩრდილოეთ განედებში. ზამთრობს აფრიკაში, არაბეთსა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მოიპოვება მრავალ ადგილას, მაგრამ ბუდობს მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ჩვეულებრივად ზღვებისა და შიდა წყალსატევების ღია, ქვიშიან ან რიყიან სანაპიროებზე, მეტად მცირე მცენარეული საფარით ან სრულიად მცენარეულობის გარეშე.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველად მაისში, ხოლო მეორედ ივლისში. დებს მეტწილად 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 27 დღემდე გრძელდება. გამოჩეკილ მართვეებს 2 საათის შემდეგ შეუძლიათ სირბილი. 23 დღის შემდეგ უკვე ფრენის უნარიც შესწევთ.
კვება
საყელოიანი წინტალა ძირითადად ცხოველური საკვებით იკვებება. ყველაზე მეტად ეტანება წვრილ კიბოსნაირებს, ჭიებს, მოლუსკებს, აგრეთვე ხოჭოებს და მწერთა ნაირგვარ ლარვებს.
მნიშვნელობა
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.