საჰაერო ხომალდების ხელთგდება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო ხომალდების ხელთგდება – (საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები). საჰაერო ხომალდების ხელთგდება და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში არაკანონიერი ჩარევის სხვა ნებისმიერი აქტი წარმოადგენს საავიაციო ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის სერიოზულ დაბრკოლებას და საფრთხეს უქმნის მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლეს.

საჰაერო ხომალდების გატაცებასთან საერთაშორისო-სამართლებრივი ბრძოლის გაძლიერების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე საჰაერო სამართლის შესახებ შეიმუშავეს და მიიღეს კონვენცია საჰაერო ხომალდების არაკანონიერ შეპყრობასთან ბრძოლის შესახებ (1970), რომელიც ძალაში შევიდა 14.X.1971. მონრეალის საერთაშორისო კონფერენციაზე საჰაერო სამართლის შესახებ მიიღეს კონვენცია არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ (1971), ძალაში შევიდა 20.I.1973. ჰააგისა და მონრეალის კონვენციებით შეიქმნა საერთაშორისო-სამართლებრივი გზა იმ პირთა დასჯისათვის, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლისსამართლებრივი დანაშაული სამოქალაქო ავიაციის სფეროში, დამნაშავეები ხშირად იმყოფებიან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რაც ართულებს მათ სისხლისსამართლებრივ დევნას და დასჯას. ტოკიოს კონვენცია საჰაერო ხომალდებზე სამართალდარღვევებისა და ზოგიერთი სხვა აქტების შესახებ (1963) ითვალისწინებს, რომ იურისდიქციის განხორციელება ყველა შემთხვევაში შეუძლია საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოს, თუმცა კონვენცია დასაშვებად მიიჩნევს ნებისმიერი სახელმწიფოს ჩარევას, თუ ქმედება მიმართულია მისი მოქალაქის წინააღმდეგ, ჩარევა აუცილებელია საერთაშორისო მრავალმხრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით. ჰააგისა და მონრეალის კონვენციების მე-7 მუხლის თანახმად. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, თუ არ გადასცემს მას, ვალდებულია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე და განურჩევლად იმისა, ჩადენილია თუ არა დანაშაული მის ტერიტორიაზე. გადასცეს საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით. ეს (ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორც ჩვეულებრივი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო ჩიკაგოს კონვენციის (1944) დამატება №7, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების შესახებ საჰაერო ხომალდების ხელთგდებასთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები