სერტიფიკატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სერტიფიკატი - (certificate, ლათ.certum-სწორი, უტყუარი; facere-კეთება),
- საფინანსო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი მფლობელი აქციის, ობლიგაციის და სხვა ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეა. სერტიფიკატი ეძლევა მესაკუთრეს ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, რომლებიც ინახება ან საკრედიტო დაწესებულებაში, ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმში, ან კიდევ, დაცულია ჩანაწერების სახით შესაბამისი დაწესებულებების წიგნებში (არასაბაზრო ფასიანი ქაღალდები);
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აქციონერული საზოგადოების რეგისტრაციას შესაბამის სახელმწიფო საფინანსო ორგანოებში;
- საკრედიტო დაწესებულებების საანაბრო მოწმობა ამ დაწესებულებაში ფულადი სახსრების დეპონირების შესახებ (დეპოზიტური სერტიფიკატი); გაიცემა მეანაბრის სახელზე. მასში მითითებულია მეანაბრის უფლება დეპოზიტზე, დეპოზიტის ოდენობა, მისი ვადა და პროცენტის (სარგებლის) სიდიდე;
- მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ობლიგაციური სესხების სახეობა, გამოშვებული მცირე კუპიურებით; შემნახველი სერტიფიკატი, რომელსაც ავრცელებენ შემნახველი დაწესებულებები;
- სადაზღვევო სერტიფიკატი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს მზღვეველი დამზღვევის სახელზე სადაზღვევო პოლისის ნაცვლად;
- სინჯის სერტიფიკატი ძვირფასი ლითონის სინჯის დამადასტურებელი მოწმობა;
- საგარეო ვაჭრობის პრაქტიკაში დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აქცეპტის ან სასაქონლო დოკუმენტების გადახდისათვის აუცილებელი საქონლის ამა თუ იმ პარამეტრებს: ხარისხის სერტიფიკატი, საქონლის წარმოების სერტიფიკატი, წონის სერტიფიკატი და ა.შ. ბოლო ხანს ძალზე გაიზარდა საქონლის ხარისხის სერტიფიკატის მნიშვნელობა ნაწარმის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. სერტიფიკაციის საერთაშორისო და ევროპულ ცენტრებში ხარისხის სერტიფიკატის მიღება მნიშვნელოვანი რეკლამაა და ხელს უწყობს ექსპორტის გაფართოებას;
- საინვესტიციო სერტიფიკატი - ფასიანი ქაღალდი კაპიტალური ფასიანი ქაღალდების ჯგუფიდან, რომელიც წარმოადგენს წილს საინვესტიციო ფონდში ანუ ფასიანი ქაღალდების პორტფელში. საინვესტიციო სერტიფიკატის მფლობელი იღებს გასაშუალებულ შემოსავალს საინვესტიციო ფონდში თავისი წილიდან, ამასთან, იგი დაცულია პროცენტთან, დივიდენდთან და ვალუტის კურსთან დაკავშირებული რისკისგან, რომელიც განსაკუთრებით დიდია ფასიან ქაღალდებში სახსრების არაპროფესიული დაბანდებისას, აგრეთვე სახსრების ინვესტირებისას ფასიანი ქაღალდების ერთ რომელიმე სახეობაში.