სეხემი
სეხემი – (ეგვ. ßhm, „ძალა“), ძალის პერსონიფიკაცია. ეგვიპტელი ლაპარაკობდა „ღმერთებზე, სეხემზე და ადამიანებზე“. ძველი რელიგიური ტექსტები დიდ ღმერთებს და გარდაცვლილ ფარაონს მოიხსენიებდნენ, როგორც „სეხემს“. მიცვალებულთა ლიტერატურაში „სეხემს“ ეძახდნენ გარდაცვლილებსაც, რომლებიც უფრო მაღალ, ზემიწიერ არსებებად იყვნენ მიჩნეული. გარდაცვლილს მიმართავდნენ: „შენი კა სუფთაა, შენი სეხემი სუფთაა, ის შენი ახის ქვეშაა, შენი ბა სუფთაა, ის ღმერთების ქვეშაა“. სეხემი ძალიან ახლოს იყო ახის ცნებასთან და ხანდახან მის პარალელურადაც იხმარებოდა. იგი ღმერთებსაც ჰქონდათ, მაგრამ ეს განსხვავებული სახის სეხემი იყო – „დიდი“ ან „ზეციური სეხემი“. ოსირისი იყო „დიდი სეხემი, რომელიც ტინიტის ნომში ცხოვრობდა“. სეხემს საკუთარი სახეც გააჩნდა – იეროგლიფი, რომლითაც ის გამოიწერებოდა – „ძალაუფლების კვერთხი“, ძალის სიმბოლო, რომელზეც თვალები იყო გამოსახული. ამ სახით მას საკუთარი კულტიც გააჩნდა. კულტის სამშობლო აბიდოსი იყო. აქ სეხემი ოსირისის ღმერთების წრის ფეტიში გახდა. გამოიყენებოდა, როგორც ანუბისის ნიშანი. იყო ასევე თოტის ფეტიში.