სიმონ ხასმონელი
სიმონ ხასმონელი - (მაკაბელი, ძვ.წ. ? – 135) – იუდეის მმართველი ძვ.წ. 143-134 წლებში, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მატათია ხასმონელის მეორე ვაჟი. სიმონი ცნობილი იყო თასისის სახელით.
ძვ.წ. 167 წლიდან სიმონი მამას, მატათიას უდგა გვერდში აჯანყების გაღვივებისა და სელევკიდების სირიის საწინააღმდეგო მოქმედებებში. სიმონი მეთაურობდა იუდა მაკაბელი გაგზავნილ რაზმს გალილეაში, სადაც ის შეება სირიელ მხედართმთავარს ნიკანორს და დამარცხდა. იუდა მაკაბელის სიკვდილის შემდეგ სიმონის მნიშვნელობა და როლი იუდეის აჯანყებაში გაიზარდა. თავის ძმასთან, იონათანთან ერთად ის მამაცურად ებრძოდა სელევკიდების აგრესიას. სიმონმა და იოანათანმა რამდენჯერმე დაამარცხეს სელევკიდები, დაიპყრეს გალილეა და ბეთცური. სიმონი თითქმის მთელი პალესტინის მმართველი გახდა.
ძვ.წ. 143 წელს იონათანი სირიელმა უზურპატორმა, ტრიფონმა შეაპყრობინა მუხანათურად. სიმონმა შეკრიბა ჯარი და ტრიფონის ყველა მოქმედება ჩაშალა პალესტინაში. იონათანის გამოსახსნელად ძმამ ბევრჯერ სცადა ტრიფონისათვის გამოსასყიდის გადაცემა, თუმცა მისი განთავისუფლება არ მოხერხდა. ტრიფონმა იონათანი სიკვდილით დასაჯა. სიმონმა ძმის ცხედარი მშობლიურ ქალაქში დაკრძალა დიდი პატივით.
ძვ.წ. 142 წელს სიმონმა მხარი დაუჭირა დემეტრიუს II-ს ტრიფონის წინააღმდეგ ბრძოლაში და სამაგიეროდ იუდეის თავისუფლება და ხარკისგან განთავისუფლება მიიღო. ამის შემდეგ იუდეველებმა აიღეს გეზერი და გადაასახლეს იქიდან ყველა არაებრაელი. სიმონს მიეწერება აკრიდან სელევკიდების განდევნა და სპარტასთან და რომთან დიპლომატიური კავშირის დამყარება. მანვე დაუდო საფუძველი იუდეაში ხასმონეების დინასტიასაც, რომელიც ძალაუფლებას ძვ.წ. 63 წლამდე ინარჩუნებდა (ფორმალურად ძვ.წ. 37 წლამდე).
ანტიოქე VII სიდეტი თავდაპირველად მხარს უჭერდა სიმონს, მაგრამ შემდეგ ჯარი შეიყვანა იუდეაში. მიუხედავად ამისა სიმონის ვაჟების მეთაურობით იუდეველებმა მტერი გაანადგურეს.
ძვ.წ. 134 წელს სიმონი საკუთარმა სიმამრმა, ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსმა მოაკვლევინა მისავე ორ ვაჟთან ერთად იერიხონში. იუდეის მმართველი სიმონის ვაჟი, გირკან I გახდა.