სობინოვი ლეონიდ
ლეონიდ სობინოვი – ( 26 მაისი 1872, იაროსლავლი – 14 ოქტომბერი 1934, რიგა, დაკრძალულია მოსკოვში), რუსი მომღერალი (ლირიკული ტენორი).
1894 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1892-იდან მეცადინეობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალური დრამის სასწავლებელში. მონაწილეობდა იტალიური საოპერო დასის სპექტაკლებში, 1896-იდან „რუსული მუსიკის მოყვარულთა წრის“ კონცერტებში. 1897 შედგა სობინოვის დებიუტი მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე (სინოდალის პარტია რუბინშტეინის „დემონში“), სადაც მღეროდა მთელი თავისი შემ. მოღვაწეობის პერიოდში. გამოდიოდა აგრეთვე პეტერბურგის (უმთავრესად, მარიას), 1905-11 დასავლეთ ევროპის (მილანის „ლა სკალა“, მადრიდი და სხვ.) საოპერო თეატრებში. 1917-18 იყო მოსკოვის „დიდი თეატრის“ დირექტორი. სობინოვი რუსული კლასიკური ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. გამოირჩეოდა ძალზე ლამაზი ხმით, არტისტიზმით, დრამატული ტალანტით, მაღალი საშემსრულებლო კულტურით. პარტიებიდან აღსანიშნავია: ბოიანი (გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“), ლევკო, ბერენდეი (რიმსკი-კორსაკოვის „მაისის ღამე“, „თოვლია“), ვლადიმირი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ლოენგრინი (ვაგნერის „ლოენგრინი)“, რომეო (გუნოს „რომეო და ჯულიეტა“), ვერთერი, დე გრიე (მასნეს „ვერთერი“, „მანონი“), ჰერცოგი, ალფრედი (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“) და სხვ. სობინოვი კამერულ- ვოკალური ჟანრის დიდი ოსტატი იყო. სობინოვის სახელი მიეკუთვნა სარატოვის კონსერვატორიას.