სოთისი
სოთისი – (ეგვ. Śpd.t), ქალღმერთი, სირიუსის პერსონიფიკაცია. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ვარსკვლავით თავზე. სოთისთან დაკავშირებული იყო ეგვიპტური კალენდარი. ახალი წელი ცაზე სოთისის გამოჩენით იწყებოდა, როცა ის გაუჩინარების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კვლავ ჩნდებოდა დილის ცაზე, რასაც ნილოსის ადიდება მოჰყვებოდა. მას „ახალი წლის ქალბატონს“ ეძახდნენ.
ეგვიპტელთა წარმოდგენით, ნილოსის ადიდება და შესაბამისად, მოსავალიც სოთისს მოჰქონდა. პირამიდების ტექსტებში სოთისი წარმოდგენილია, როგორც ქალღმერთი, რომელიც ორიონსა და დილის ვარსკვლავთან ერთად გარდაცვლილთა მშველელად გვევლინება. იგი ზრუნავს მათთვის წყლებით განწმენდაზე და გამოკვებაზე. ძალიან ადრე მოხდა სოთისის ისიდასთან შერწყმა. სოთისი „ისიდას ასტრალური სული“ გახდა, ისიდა ზეცაში სოთისის სახით წარმოიდგინებოდა.