სოტკილავა ზურაბ
ზურაბ სოტკილავა – (12 მrti 1937, სოხუმი – 18 სექტემბერი 2017, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). საქართეველოს (1972) და სსრკ (1979) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის (1998), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1983) პრემიების, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის (სოფია, 1968, მთავარი პრიზი „ოქროს ორფევსი“), ვოკალისტთა პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1970) და ვოკალისტთა ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ბარსელონა 1970, I პრემია და „გრან-პრი“) ლაურეატი. ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980).
1960 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 თბილისის კონსერვატორია (დ. ანდღულაძის კლასი). 1965-74 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1966-68 სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ ლა სკალაში. 1974-იდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. 1975-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (პროფ.). ზურაბ სოტკილავას ჰქონდა ძალზე ლამაზი ტემბრის ხმა, მისი სიმღერა გამოირჩეოდა ტემპერამენტით, ლირიული სიფაქიზით და დახვეწილი ოსტატობით. პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), ვოდემონი (ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს („სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვ.). გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში. იყო ვოკალისტების ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონსკურისა და დ. ანდღულაძის სახელობის კონსკურსის ჟიურის თავმჯდომარე.