სოციალური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური დიალექტი – გარკვეული სოციალური ჯგუფის ენა, საზოგადოების სოციალური მომსახურების ენა, სოციოლექტი. ტერიტორიული, რეგიონალური დიალექტებისაგან განსხვავებით, რომელთა დიალექტური თავისებურებები ენის ყველა დონეზე ვლინდება, სოციალური დიალექტებს საერთო სახალხო ენისაგან ძირითადად ლექსიკა განასხვავებს. სოციალურ დიალექტებად მიიჩნევა სხვადასხვა პროადამიანთა (ექიმების, მასწავლებლების, მევენახეების, მძღოლების…) მეტყველება, (სპეციალური ლექსიკა) მოწაფეების, სტუდენტების, ქურდების და ა. შ. ჟარგონი, საიდუმლო ენები, განსხვავებული სოციალური ფენების, რელიგიური ჯგუფების და ა.შ. ენები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქალაქური მეტყველების შესწავლამ. გარდა რეგიონალური და ქალაქური დიალექტებისა, განასხვავებენ აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო დიალექტურ სახეობებს (მაგ., შოტლანდიური და ამერიკული). სოციალური ფასეულობების ცვალებადობასთან დაკავშირებით ხშირია დიალექტიდან დიალექტზე გადართვა. ფუნქციურად დიალექტს აქვს რეგისტრი, რომელიც იცვლება მოხმარების შესაბამისად, და რეგისტრი, რომლის ცვლაც მომხმარებელზეა დამოკიდებული (მ. ჰოლიდეი).

ენათა სოც. დიფერენციაციის საკითხებს სწავლობს ენათმეცნიერების დარგი –სოციოლინგვისტიკა.

სტანდარტული გზა, რომელსაც მიმართავს სოციოლინგვისტიკა ენის სოციალური მოხმარების სახეობათა შესასწავლად, არის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის გზა. ამ ხერხით მრავალი ლინგვისტური ცვლადია შერჩეული. მოსახლეობის ის სექციები, რომლებიც მოპასუხედ შეირჩევა, მოწმდება სპეციალური ვარიანტების სიხშირის დასადგენად (მაგ., ინგლისურში, „რ“-ს წარმოთქმის თავისებურება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში). შედეგების შეფასება ხდება იმ სოციალური ინდექსების, შესაბამისად, რომელთაც განეკუთვნება ინფორმატორი (იგულისხმება საქმიანობის სფეროები). ამგვარი მონაცემების საფუძველზე ხდება თავისებურებათა (ცვლილებათა) გავრცელებულობის დიაგრამების შედგენა. ასე რომ, ცდის დროს მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ სტილური (ე. წ, ფუნქციური სტილები), არამედ სოციალური ფაქტორებიც. ამ ბოლო დროს შესწავლის სოციალური ობიექტის – ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის – მეტყველების შემსწავლელნი დიდ ყურადღებას აქცევენ ენობრივი კოლექტივის მაქსიმალურ დიფერენცირებასა და უსასრულო რაოდენობის ქვეჯგუფთა გამოყოფას, რაც უდავოდ საინტერესოა, მაგრამ ენის მთლიანობად აღქმის საქმეს ართულებს. მაგ., სპეციალურად არის შესწავლილი ქუჩის მუსიკოსებისა თუ მილიონერების, მაწანწალა ბავშვებისა და „კარგად ჩაცმული“ მოქალაქეების, სქესობრივ უმცირესობათა თუ პოლიციელთა, გამყიდველ გოგონათა, სოფლიდან ახალჩამოსულთა, ავადმყოფთა, მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებთა და სხვათა მეტყველება. ამ კვლევებში საყურადღებოა, რა არის სამეტყველო ბაზისი, რის კონტროლირებას ახერხებს მოლაპარაკე და რა სამეტყველო მოვლენათა იგნორირება ხდება მოლაპარაკის მიერ. ძირითადად იგნორირებულია ის, რისი შეგრძნებაც დაბალია.

ენობრივ ვარიაციათა იმ სახეს, რომელსაც მოლაპარაკე აცნობიერებს (აკონტროლებს), მარკერებს უწოდებენ, მეორეს კი (რომელსაც ვერ ამჩნევს) ინდიკატორი ჰქვია. ზოგჯერ ესა თუ ის სამეტყველო ფაქტი თავდაპირველად ინდიკატორია (მაგ., იმ სოციალურ ჯგუფში, სადაც ეს ენობრივი ფაქტი ჩაისახა), შემდეგ კი იგი მარკერად შეიძლება იქცეს (მაგ., ინგლისური h-ს დაწევა-გაქრობა სოციალურ სტრატებში). მარკერები საბოლოოდ ქმნიან თავისებურებას, რომელიც შესაძლოა იმდენად იყოს განსხვავებული სხვა ჯგუფებისაგან, რომ სტერეოტიპადაც გადაიქცეს. ასეთი ცვლილებები ძირითადად ქვეცნობიერია (მაგრამ არა ყოველთვის). როგორც კი თავისებურება გააზრებული ხდება, ანუ ცნობიერებაში გამოვლინდება, მით უფრო, თუ იგი სტერეოტიპად გადაიქცევა, შესაძლებელი ხდება მისი შესწავლა და სხვა სამეტყველო ვარიანტებთან შედარება. შედარებისას ერთ-ერთი ასპექტი სოციოლექტთა პრესტიჟულობის მიხედვით დალაგებაა, კვლევისას გამოიყენება სოციალური ჯგუფების საკუთარი დინამიკა, რაც გაცილებით ძლიერად ზემოქმედებს მეტყველებაზე, ვიდრე კლასის უფრო მარტივი კატეგორიები (აქ თავს იყრის ერთი მხრივ ენის, ხოლო მეორე მხრივ სქესის, რასის, იდეოლოგის, საქმიანობისა და სხვ. მიმართების ზრდის საკითხები). ეს მოვლენები ექსტენსიურად (რაც დაკავშირებულია რაოდენობრივ და არა ხარისხობრივ ზრდასთან), შეისწავლებოდა და მათი წყალობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ენა სოციალური სინამდვილის სარკეა.

სოციალური დიალექტების შესწავლა სხვადასხვა ასპექტით მიმდინარეობს საქართველოშიც.

მ. ტაბიძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები