შოშიასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოშიასებრნი (ლათ. Sturnidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. შოშიასებრთა ოჯახში გაერთიანებულია საშუალო და მოზრდილი ზომის ბეღურასნაირი, მეტწილად ტროპიკული ფრინველების დიდი ჯგუფი, რომელთაც აქვთ მკვრივი და ჩასკვნილი სხეული, სწორი, საკმაოდ გრძელი და შედარებით წვრილი, წვეროში ზოგჯერ ოდნავ მოხრილი ნისკარტი. ნესტოები უფრო ყბის კიდეების მახლობლად არიან განლაგებული და ბუმბულებით არ არიან დაფარული. ნისკარტის ძირშიც არა აქვთ ჯაგრისებური ბუმბულები. ფრთები აქვთ ზომიერი სიგრძის. პირველი რიგის მომქნევი 10-ია, რომელთაგან პირველი ძალიან პატარაა. ფეხები მაგარი და ზომიერი სიგრძისაა. გალო წინიდან დაფარულია სქელი და უხეში ფარებით, ხოლო უკანა მხრიდან ორი, ერთმანეთთან შერწყმული ფირფიტით. ბრჭყალები მოკაუჭებული და მაგარია. ნაირგვარი ფორმისა და სიგრძის კუდი ბოლოში მეტწილად მომრგვალებულია. საჭის ბუმბულები 12-ია. თავზე ზოგჯერ არის პატარა ქოჩორი. შეფერილობა უმრავლეს შემთხვევაში შავია, მეწამული, ლურჯი და მწვანე მეტალური ელვარებით. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი ხშირად კარგადაა გამოხატული, მაგრამ ზოგჯერ შეუმჩნეველია.

ბინადრობენ უპირატესად მეჩხერ ტყეებში ან ტყე-ველებში, ზოგჯერ ბორცვიანი რელიეფის მქონე ადგილებში, მშრალ მთებში, ხრამებში, მდინარეთა ფლატეებიან სანაპიროებზე. რიგი სახეობებისა - ტიპური სინანთროპებია. ერთნაირად კარგად გრძნობენ თავს მიწაზეც და ხეებზეც. ფრენა პირდაპირი და სწრაფი აქვთ. ბევრი მათგანისათვის დამახასიათებელია სეზონური მიგრაციები.

მონოგამიური ფრინველებია. ზოგიერთი სახეობის ფრინველები ბუდობენ კოლონიებად. არიან ცალკეულ წყვილებად მობუდარნიც. ბუდობენ ფუღუროებში, სოროებში, ნაირგვარ სიღრუეში, მათ შორის ხელოვნური საბუდარებშიც. ზოგიერთი აგებს ღია ან სფეროსმაგვარ ბუდეს გვერდიდან შესასვლელით. დებენ მეტწილად 4-5 კვერცხს. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები. საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 2 კვირამდე გრძელდება. გამრავლების შემდეგ, სახეობების უმრავლესობა გუნდებად იკრიბებიან.

შოშიასებრთა საკვები მრავალფეროვანია. მათ შორის ძირითადია ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები და სხვა, რომელთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობისათვის მავნებელია. ჭამენ ყოველგვარ კენკრასა და სხვა წვნიან ნაყოფებსაც. სახეობების უმრავლესობას დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, მაგრამ ზოგიერთს ზიანიც შეუძლია მეხილეობისა და მევენახეობისათვის.

შოშიასებრნი გავრცელებულია აღმოსავლეთი ნახევარსფეროს ყველა კონტინენტსა და დიდ კუნძულებზე, გარდა პოლარული ქვეყნებისა და ალპური ზონისა. სახეობების უმრავლესობა მოიპოვება აფრიკაში, ბევრია ინდოეთშიც. ჩვეულებრივი შოშია აკლიმატიზებულია ამერიკაშიც და ახლა ფართოდაა იქ გავრცელებული.

შოშიასებრთა ოჯახში ამჟამად 25 გვარის 110 სახეობას ითვლიან. საქართველოში მოიპოვება 2 გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები