ტორიჩელი ევანჯელისტა
ტორიჩელი ევანჯელისტა (1608-1647), იტალიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი;
დიდი გალილეის მოწაფე ტორიჩელი, თავისი მასწავლებლის მსგავსად, ცდების მომხრე იყო. თავის შეხედულებებსაც ცდებით აყალიბებდა. მისი გამოკვლევების სტიმული გახდა გალილეის ცდები შემწოვი ტუმბოთი, მან მიაქცია ყურადღება იმას, რომ წყლის სვეტის სიმაღლე შემწოვ მილებში 10 მეტრზე მეტი არ იყო.
ტორიჩელი აკვირდებოდა ჭურჭლიდან წყლის გამოსვლას და ვაკუუმის ზემოთ წყლის სვეტის არსებობას. გააგრძელა რა გალილეის გამოკვლევები, განსაზღვრა ჰაერის სვეტის სიმაღლე და წონა, აგრეთვე მისი წნევა წყლის ზედაპირზე. ამ გამოკვლევების შედეგი იყო დახშულ მილში ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლის განსაზღვრა. ტორიჩელიმ დაამტკიცა, რომ ეს სიმაღლე დაახლოებით წყლის სვეტის 1/14-ია. განსაზღვრა აგრეთვე, რომ ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე მუდმივი არ არის, და რომ იცვლება ყოველდღე ატმოსფერული წნევისგან დამოკიდებულებით. 1654 წელს გააკეთა პირველი ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი-ხელსაწყო, რომელიც ატმოსფერული წნევის გასაზომად იხმარება, ევანჯელისტა ტორიჩელიმ გამოაქვეყნა ნაშრომი ჰიდროდინამიკაში, რომელიც შეიძლება ფიზიკის ამ დარგის დასაბამად ჩაითვალოს. დიდი მეცნიერი ოპტიკაშიც მუშაობდა და გააუმჯობესა ტელესკოპი, შეძლო მინის სფეროების გაბერვა, რომლებიც მიკროსკოპის აღმოჩენამდე იხმარებოდა მეცნიერული დაკვირვებისას როგორც გამადიდებელი მინა.
ტორიჩელის ნაშრომები შეიცავდა ანალიზის საწყისებს; განაზოგადა პარაბოლის კვადრატურის წესი რაციონალური მაჩვენებლის შემთხვევაში; განსაზღვრა ციკლოიდის კვადრატურა; მონახა ლოგარითმული ხვიას რკალის სიგრძე.
ტორიჩელი დაიბადა 1608 წელს. 20 წლის ასაკში რომში დაიწყო სწავლა გალილეის მოწაფის კასტელის ხელმძღვანელობით. გარდაიცვალა 1647 წ.