ტორკრეტბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტორკრეტბეტონი (ლათ. tor ბათქაში, cret შემკვრივებული და ფრანგ. béton ბეტონი < ლათ. bitūmen მინერალური ფისი; ასფალტი) – ქვიშა-ცემენტის ნარევი დისპერსიული ჩანართებით, რომელთა მაქსიმალური ზომა არ აღემატება 8 მმ-ს და დატანილი მაღალი წნევის ქვეშ დასამუშავებელ ზედაპირზე. თუ შემვსების ზომაა 8-25 მმ, მაშინ საქმე გვაქვს ნაშხეფბეტონთან, რომელიც ზედაპირზე დაიტანება შპრიც-მანქანის მეშვეობით.

ტორკრეტბეტონის ნარევში შედის შემდეგი კომპონენტები:

  1. შემკვრელი კომპონენტი (უბრალო პორტლანდცემენტი ან პორტლანდცემენტი წიდით);
  2. შემვსები, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ფრაქციის მთის ქანებს (ქვიშა, მსუბუქი შემვსები, ხრეში ან ღორღი);
  3. მინერალური ან ქიმიური დანამატები, რომელთა დანიშნულებაა: ბეტონს მიანიჭოს პლასტიკურობა, დააჩქაროს გამყარებისა და სტაბილიზაციის პროცესი და მიაღწიოს სხვა ეფექტებს (კალმაფლექსი, მიკროკაჟმიწა, ნაცარი);
  4. წყალი, როგორც ამდუღაბებელი;
  5. ბოჭკოები, როგორც მაარმირებელი კომპონენტები (მავთული, ნადნობი, ფურცლის მოგრძო ნაჭრები და სხვ.);
  6. პიგმენტი (საჭიროების შემთხვევაში ბეტონის დეკორატიული ზედაპირის მისაღებად).

ამ ჩამონათვლიდან საჭირო კომპონენტების რაოდენობა განისაზღვრება პროექტის მიხედვით. ტორკრეტირებისათვის არსებობს მშრალი და სველი მეთოდი. მშრალი პროცესისათვის გამოიყენება მშრალი ცემენტი დანამატებით და წყალი წნევის ქვეშ. ამ ორი ფაზის შერევა და დატანა ზედაპირზე ხორციელდება გამფრქვევი მოწყობილობით, ხოლო სველისას – გამფრქვევ დანადგარს (ბეტონტუმბო) მიეწოდება წინასწარ მომზადებული ბეტონის ხსნარი. ორივე შემთხვევაში ტორკრეტირება მიმდინარეობს რეზინის სპეციალური შლანგისა და შეკუმშული ჰაერის გამოყენებით. ბეტონის მინიმალური დანაკარგების მიზნით, შლანგის მიმართულება მართობული უნდა იყოს დასამუშავებელი ზედაპირის. ტორკრეტბეტონის გამოყენება საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად დაიფაროს დიდი ფართობები და მივიღოთ მტკიცე და გლუვი ზედაპირი მინიმალური დანახარჯებით.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები