ტყაჩირი
ტყაჩირი – სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (პატრიკეთის თემი), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი, წყალტუბოდან 33 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1569 ადამიანი.
სახელწოდება
ხალხური გააზრიანებით ტყაჩირი თურმე ნიშნავს: „ტყე-ხშირი“: „როდესაც ჩვენი სოფელი გაშენებულა, მაშინ აქ ხშირი და გაუვალი ტყეები ყოფილა, ნადირს ვერ აუქცევდა კაცი ფეხს, ხოცავდა ხალხი და რჩენილობდა ასე თავს. დაურქმევიათ ამ ადგილებისათვის ტყე-ხშირი; მერე და მერე კი ხალხს ტყახშირად და ტყაჩირად შეუცელია“ (რეზო გოგაძე, სოფ. ტყაჩირი, 1986 წ.).
სოფლის სახელწოდების მეცნიერული ეტიმოლოგია, პირველად მიხ. ალავიძემ მოგვცა. მისი დაკვირვებით ტყაჩირი ზანური (მეგრული) წარმოშობის სახელწოდებაა: ტყა („ტყე“) და ჩირე|მ-ჩირე (ვრცელი). ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქვა ზ. ჭუმბურიძემაც: „ტყე ფართო“, „ტყე ვრცელი“.
აქ, ვფიქრობთ, მცირეოდენ უზუსტობასთან უნდა გვქონდეს საქმე ტოპონიმისათვის ამოსავალ სიტყვად, რა თქმა უნდა, მეგრული ტყა უნდა ვცნოთ, ოღონდ საზღვრულ ფუძედ ჩირ-|მჩირ- კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ მეგრული ნათესაობითი ბრუნვის -შ + ირ- სუფიქსი, რომელიც ხშირია მთიან სამეგრელოშიც და იმერეთშიც (ქუტ-ირ-ი, ქვატ-ირ-ი, ღან-ირ-ი, ტყვ-ირ-ი | ტყ-ირ-ი…). მაშასადამე ტყაჩირი მიღებული ჩანს ტყა-შ-ირ- ფორმისაგან, რომელიც „ნატყევარ ადგილად“ უნდა გავიაზროთ.