უპუატი
უპუატი – (ეგვ. Wpww.t, ბერძნ. Ophois, „გზების გამხსნელი"), უძველესი და ურთულესი მებრძოლი ღვთაება შავი ტურის ან მგლის სახით. ბერძნები უპუატის ქალაქს – ასიუტს ლიკოპოლისს, „მგლის ქალაქს“ ეძახდნენ. თვითონ ეგვიპტელები უპუატს მოიხსენიებდნენ, როგორც „ზემო ეგვიპტის ტურას“ (ეგვ. sbý šmj). შესაძლოა ეს განსხვავება იმით არის გამოწვეული, რომ ეგვიპტური ძაღლისებრი ღმერთები არქაულ, ერთმანეთისაგან ძნელად განსასხვავებელ ჯიშებს წარმოადგენდნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მგელი არ იყო ეგვიპტის ბუნებრივი ბინადარი. ცხოველის სახეს სადავოს ისიც ხდის, რომ იშვიათად უპუატი თეთრი ან ვერცხლისფერი თავით გამოისახებოდა. განსხვავებით სხვა ძაღლისებრი სახის ღმერთებისაგან, რომლებიც დამჯდარი გამოისახებოდნენ, უპუატი იდგა შტანდარტზე. შტანდარტს თან ახლდა მშვილდი და კომბალი. ამიტომ ითვლება, რომ უპუატმა თავისი სახელი თავდაპირველად მიიღო, როგორც მებრძოლმა ღმერთმა, რომელიც წინ მიუძღოდა ფარაონს ბრძოლის დროს.
XIII ნომი, სადაც უპუატი მფარველი ღვთაება იყო, ეგვიპტის შუაგულში მდებარეობდა და მას უკვე ეგვიპტის გაერთიანების დროს ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა. ნარმერის პალეტზე ფარაონი უპუატის შტანდარტის ქვეშ ათვალიერებს დამარცხებულ მტრებს. უპუატის შტანდარტი მიუძღვის I დინასტიის ფარაონს, დენს სპილოს ძვლის ფირფიტაზე, რომელიც გვამცნობს „აღმოსავლეთის პირველი დამარცხების“ შესახებ. უპუატის მფარველობის ქვეშ ჩატარდა დენის ხებსედიც. პროცესიების დროს უპუატის შტანდარტი ყოველთვის წინ უძღოდა ფარაონს. შტანდარტზე უპუატის წინ გამოისახებოდა კობრა (ურეუსი) და მრგვალი საგანი, რომელიც პირამიდების ტექსტებში მოხსენიებულია, როგორც „შედშედი“ – „ფარაონის პლაცენტა“.
უპუატი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც ფარაონის „უფროსი ტყუპისცალი“, რომელიც პირველი იბადება და გზას უხსნის ფარაონს საშოში. ასევე ითვლებოდა, რომ ფარაონი გარდაცვალების შემდეგ ღმერთების სამყოფელში უპუატის შტანდარტზე ამხედრებული მიემართებოდა. უპუატის ეჩო გამოიყენებოდა ფარაონის „პირის გაღების“ რიტუალის დროს, რომლის დანიშნულებაც ფარაონის ფიზიკური ძალების აღდგენა იყო.
უპუატს მიმართავდნენ ასევე, როგორც „ღმერთების წინამძღოლს“, დღესასწაულების დროს უპუატის შტანდარტი წინ უძღოდა სხვა ღმერთების შტანდარტებს. უპუატის ნიშანი გამოიყენებოდა წინადინასტიური მეფეების, „ხორის მსახურების“ დეტერმინატივად. რაღაც პერიოდში, როგორც ჩანს, ორივე ღმერთის ძაღლისებრი სახის გამო, მოხდა უპუატის დაახლოება ანუბისთან, რის შემდეგ უპუატმა მიცვალებულების ღვთაების თვისებებიც შეიძინა და აბიდოსის „ნეკროპოლისის ბატონი“ გახდა. როგორც მიცვალებულების ღმერთს, „გზის გამხსნელის“ თვისების გამო მიეწერებოდა მიცვალებულთა წინამძღოლის ფუნქცია გარდაცვლილთა ქვეყანაში.