დენი
დენი – (ასევე უდიმუ, ჩვ.წ.-მდე XXIX ან XXVIII ს.), I დინასტიის მეხუთე ფარაონი. მეფობდა ჯეტის შემდეგ. მისი სახელის მნიშვნელობა და წაკითხვა დადგენილი არ არის, თუმცა ზოგი თარგმნის, როგორც „გაშლილი ფრთებით“. ბგერების ეს კომბინაცია „წყლით ავსებასთანაც“ არის დაკავშირებული. ითვლება I დინასტიის უმნიშვნელოვანეს ფარაონად, რომლის მეფობა წინგადადგმული ნაბიჯია კულტურული და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით.
ფარაონის ტიტულატურაში პირველად ჩნდება ელემენტი, რომელიც ითარგმნება, როგორც „ორმაგი მეფე“ ან „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფე“, რაც უდავოდ ფარაონის კულტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მეტყველებს. სავარაუდოდ, მის დროს ჩნდება ორმაგი გვირგვინი, რომელიც ქვემო ეგვიპტის თეთრი და ზემო ეგვიპტის წითელი გვირგვინების კომბინაციას წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთის აზრით ეს სიახლე შესაძლოა მისი წინამორბედის, ჯეტის დროს უკვე არსებობდა. მისი მეფობის დროს წარწერებზე ჩნდება მისი „დაბადების სახელიც“.
უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს შემდეგი: დენის მეფობამდე ფარაონის და რაიმე უწყების მოხელის სახელები ერთად იყო მოთავსებული საბეჭდავებზე, მაგრამ ახლა მოხელის სახელი ქრება და ფარაონის სახელის გვერდით მხოლოდ მისი მოხელის თანამდებობა შეიძლება მოთავსდეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფარაონის „ღვთაებრიობის ხარისხი“ იზრდება. იგი იმდენად დიდი ღვთაება ხდება, რომ მისი სახელი არ შეიძლება ჩვეულებრივი მოკვდავის სახელის გვერდით მოთავსდეს. დენის სამარხში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია აბიდოსის სამარხებს შორის, ასევე ჩნდება სიახლე – კიბე, რომელსაც შესასვლელიდან დასაკრძალ კამერამდე მივყავართ. ეს ცვლილება, რომელიც აადვილებდა სამარხის მოვლას, ამის შემდეგ დაინერგა როგორც სამეფო, ისე კერძო პირების სამარხებში. სამარხის იატაკი წითელი და შავი გრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული. ეს არის მაგარი ქვის სამშენებლო სამუშაოებში გამოყენების პირველი შემთხვევა ეგვიპტეში. მისი სამარხის ირგვლივ ნაპოვნია 136 ქალის და მამაკაცის საფლავი, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარაონს „გააყოლეს“ საიქიოში. ეს ტრადიცია I დინასტიის დასასრულთან ერთად ქრება და ფარაონებს სამარხებში უკვე ადამიანის ფიგურებს ატანენ. დენის დროს იწყება ასევე რიცხვების აღმნიშვნელი იეროგლიფების გამოყენება სხვადასხვა მიზნებისათვის (მაგ, გადასახადების დათვლისას და სხვ.) დენის დროს დრამატულად იზრდება ელიტური სამარხების რიცხვი (მოძიებულია 30-ზე მეტი), რამაც გამოიწვია აუცილებლობა, გახსნილიყო ახალი სასაფლაო მემფისის ნეკროპოლისის ჩრდილოეთ კიდეზე, აბუ როაშში. მოხელეების ასეთი რაოდენობა, რომლებსაც შეეძლოთ აეგოთ გრანდიოზული, მდიდრულად მორთული სამარხები, მიუთითებს არა მარტო დენის ხანგრძლივ მეფობაზე, არამედ ცვლილებებზეც სახელმწიფოს მართვაში და ადმინისტრაციულ მოწყობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი დიდებულის, ჰემაკას უზარმაზარი სამარხი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფარაონის კარზე უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. აქ მოძიებულ ძვირფას ნივთებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრგვალი ხის ყუთი, რომელშიც ისტორიაში უძველესი პაპირუსის გრაგნილებია აღმოჩენილი (წარწერის გარეშე).
დენის ინტერესების სფერო სცილდებოდა ეგვიპტეს. ნაპოვნია ხუთი ფირფიტა, რომლებიც მოგვითხრობს მის სამხედრო რეიდებზე სამხრეთ პალესტინაში, თუმცა დღეს შეუძლებელია დადგენა, ეს რეალური თუ რიტუალური რეიდებია. დენი არის პირველი ფარაონი, რომელიც დაფიქსირებულია სინაიზე. საკმაოდ ბევრია მოთხრობლი მის შესახებ პალერმოს ქვაზეც, თუმცა ჩვენს ხელთ არსებულ ნაწილზე მისი მეფობის მხოლოდ მეორე ნახევარია მოთავსებული. სხვადასხვა წლებში აქ ლაპარაკია მთელი მოსახლეობის აღრიცხვაზე (რაც შესაძლოა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ ცვლილებებზე), ტაძრის საფუძვლის ჩაყრაზე, სახელად „ღმერთების ტახტები“, ამავე ტაძრის ტბის საზეიმო გახსნაზე, რომელსაც თან ახლდა რიტუალური „ბეჰემოტის მოკვლა“. x+10 წელს დაარბიეს ადგილი სახელად Werka, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მოხსენიებულია ასევე ქალღმერთების სეშატის და მაფდეტის დაბადების ზეიმი და აპისის რბოლა. როგორც ჩანს, დენის მეფობა ხანგრძლივი იყო, რადგან ახლად აღმოჩენილ ქვის ჭურჭლის ფრაგმენტზე მოხსენიებულია მისი მეორე ხებსედი.
დენს აიგივებენ მანეთონის უსეფაიდოსთან, რომელსაც მანეთონი 20 წელს ანიჭებს, თუმცა თანამედროვე რეკონსტრუქციით მას მეფობის 42 წელს მიაწერენ. ტახტზე ალბათ ძალიან ახალგაზრდა ავიდა, რადგან მეფობის პირველ წლებში რეგენტის ფუნქციას მისი დედა, დედოფალი მერიტნეიტი ახორციელებდა. მისი მეფობა, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებული იყო I დინასტიის დროს და ის მრავალი საკუნის შემდეგაც ახსოვდათ. 1500 წლის შემდეგ შედგენილ ებერსის სამედიცინო პაპირუსში ერთ-ერთი რეცეპტი დენის მეფობით არის დათარიღებული, და ის ახალი სამეფოს დროს შედგენილი „მკვდართა წიგნის“ 64-ე თავშიც არის მოხსენიებული.