ურბნისის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურბნისის წარწერები – ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერები, შესრულებული ამოკვეთით ან რელიეფური ასოებით ქვის ფილებზე, რომლებიც ჩასმულია ურბნისის (ქარელის რ-ნი) სიონის (V-VI სს., გ. ჩუბინაშვილი) აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან ასომთავრული – რელიეფური და ამოკვეთილი წარწერები თარიღდება X ს-ით, ხოლო მხედრული წარწერა მარიამ დედოფლისა 1668-ით. ურბნისის სხვა მხედრული წარწერებია: სამრეკლოზე – 1705, კანკელზე – 1706 (ორივე ეკუთვნის ვახტანგ VI-ს), გალავანზე – 1739 (ამჟამად დაკარგულია. ეკუთვნოდა ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს. იმავე ფილაზე ამოკვეთილი იყო ორსტროფიანი თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი) და სხვ.

უძველესია ურბნისის ის წარწერები, რომლებმაც X ს-ში სიონის დაძველებული კათედრალური ტაძრის აღმდგენელ-განმაახლებელთა სახელები შემოგვინახა. ტაძარი შემდეგშიც არაერთხელ განუახლებიათ და ამის გამო X ს წარწერებიანი ფილებისათვის ადგილი შეუცვლიათ – ერთი საერთოდ თავდაღმაა კედელში ჩასმული, ხოლო მეორე – ჩრდილოეთის კედელში ცოკოლის ქვების წყობაშია მოქცეული და ტაძრის გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გამოჩნდა. შინაარსის მიხედვით ეს წარწერები შემდეგი თანამიმდევრობით ლაგდება.

სარჩევი

საამშენებლო წარწერა თეოდორე ეპისკოპოსისა, ლუკას ძისა:

„უფალო ღმერთო, შემიწყალე თეოდორე ებისკოსოსი, ძეჲ ლუკაჲსი. მაშჱნებელი ამის სიონისაჲ. ოდეს ღმერთმან ღირს-მყო ამის სიონისა ებისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროჲს ზომისა – ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქარტოცისანი დამპალ იყუნეს. და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაჲ აღშჱნებაჲ, ყოვლისა გაკეთებაჲ ძალითა სიონისა. მეოხებისათჳს (წინაშე) ღმრთისა, ყოველი გათავებითა მიქნია“.

წარწერის პირველ სტრიქონში დაქარაგმებით გადმოცემული „შ~ე“, რომელიც, როგორც წესი, უნდა გაიხსნას II პირში – „შეიწყალე“, აქ იხსნება I პირში – „შემიწყალე“, რადგან თხრობა ტექსტისა I პირშია. წარწერაში დასტურდება არქიტექტურული ტერმინები: კუთხე, კონქი, სუეტი, ქარტოცი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს უკანასკნელი, რომელიც „სხვენს“ აღნიშნავს დაწერილობითი ძეგლებიდან პირველად აქ გვხვდება.

სიონის განმაახლებელთა მოსახსენებლები

თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ტაძრის აღდგენა-განახლებაში მონაწილეობა მიუღიათ სხვა პირებსაც, რომელთა მოსახსენებელი წარწერები ასევე შემოუნახავს სიონის კედლებს. ორი წარწერა ეკუთვნის მამა-შვილს – კოსტანტის და მის ძეს მიქაელს. პირველში დასახელებულია მხოლოდ მიქაელი, ტაძრის მთავარგანმაახლებელ თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ხოლო მეორეში – მამა-შვილი ერთად; ერთი ეკუთვნის ქავთარს და შუშანს, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს, და ერთიც – აბიათარ დეკანოზს. ერთ-ერთი მოსახსენებლის მიხედვით, აბიათარ დეკანოზი ამ წარწერების შემსრულებელიც ყოფილა (არ არის გამორიცხული, ტექსტების შემდგენიც).

ა). მოსახსენებელი თეოდორე ეპისკოპოსისა და მიქაელ კოსტანტის ძისა:

„დიდებაჲ შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე ებისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებათ, თანაშეწევნითა მიქაელ ძისა კოსტანტისითა, ქრისტემან შეიწყალენ. ესე მე აბიათარ დავწერე“.

ბ). მოსახსენებელი კოსტანტისა და მისი ძის მიქაელისა:

„უფალო იესუ ქრისტე, კოსტანტი მამაჲ (და) მიქაელ შეიწყალენ, ამის სიონისა მაშენებელნი“.

ამ წარწერას ნ. შოშიაშვილი V ს. I ნახ-ით ათარიღებდა და მიიჩნევდა, რომ იგი „ყველაზე ძველია დღემდე ცნობილ ქართული დამწერლობის ძეგლებს შორის“. ამის საფუძველს მას თითქოს წარწერის პალეოგრაფიული ნიშნები აძლევდა. მაგრამ, სწორედ პალეოგრაფიული და ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ის აბსოლუტურად მსგავსია ურბნისის სიონის სხვა, X ს-ის წარწერებისა, რომელთაც ნ. შოშიაშვილიც X ს. ათარიღებს. ის, რომ ამ წარწერის გრაფემები ბ, ჳ, ს, ყ, შ, წ რკალშეკრულია, ჯერ კიდევ არ არის საფუძველი მისი მაინცდამაინც V ს-ით დათარიღებისათვის, რადგანაც ასევე რკალშეკრულია ეს გრაფემები ურბნისის სხვა, X საუკუნით დათარიღებულ წარწერებშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურბნისის ყველა წარწერაში ს-ს რკალის შეკვრა, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება და დამახასიათებელია მათი შემსრულებლის ინდივიდუალური ხელწერისათვის. გარდა ამისა, ამ წარწერების X ს-თვის მიკუთვნებას უეჭველჰყოფს მათში ერთისა და იმავე პირების – კოსტანტისა და მისი ძის მიქაელის, ტაძრის განახლებაში თეოდორე ეპისკოპოსის დამხმარეთა, მოხსენიება.

წარწერის ტექსტში, პირველად ამ გამოცემაში, ვამატებთ „და“ კავშირს „კოსტანტი მამაისა“ და“ „მიქაელს“ შორის, რადგან ამ შესწორებით ტექსტი გამართულია. როგორც ჩანს, იგი წარწერის შემსრულებელს გამორჩა, ისევე როგორც მას გამოტოვებული აქვს სიტყვა „წინაშე“ საამშენებლო წარწერის ბოლოს, რომლის გარეშეც ტექსტი გაუმართავია.

გ). მოსახსენებელი ქავთარის და შუშანისა:

„სამებაო წმიდაო, შეიწყალე მონაი შენი ქავთარ, შუშან და ნაშობნი მათნი, შემწენი ამის სიონისანი; ქრისტემან შეიწყალენ, ამენ“.

წარწერაში დასახელებული ქავთარ და შუშან, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი (მათ შემდეგ დასახელებულია „ნაშობნი მათნი, სხვა წყაროებში არ გვხვდება. აღსანიშნავია ანთროპონიმ „ქავთარის“ ასე ადრეული (X ს.) დაფიქსირება შიდა ქართლში; ცნობილია, რომ იგი ქართლის ერთ-ერთ ძლიერ ფეოდალთა – ტბელთა საგვარეულო სახელი იყო და, როგორც ჩანს, ქავთარისძეთა გვარის ეპონიმი გახდა.

დ). მოსახსენებელი აბიათარ დეკანოზისა:

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული ეს წარწერა ურბნისის სიონის X ს. წარწერებს შორის ერთადერთია, რომელიც ქვაზეა ამოკვეთილი და არარელიეფური ასოებით გამოყვანილი. ეს აბიათარი ერთხელ უკვე დასახელებულია თეოდორე ეპისკოპოსისა და მიქაელ კოსტანტის ძის მოსახსენებლის ბოლოს, როგორც წარწერის შემსრულებელი. არაა გამორიცხული, რომ აბიათარ დეკანოზის ეს კიდურწერტილოვანი წარწერა მისი გარდაცვალების შემდეგ ამოკვეთეს ტაძრის წინაშე დამსახურებათა გამო, როგორც მისი მოსახსენებელი. ყურადღებას იქცევს დეკანოზის სახელი „აბიათარ“ (იგი ურბნისის ორ წარწერაში გვხვდება) – ბიბლიური ქართული ონომასტიკონისთვის იშვიათი, თუმცა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ (IX ს.) ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახელია (ნიშანდობლივია, რომ ბიბლიაში ეს სახელი, ისევე როგორც „მოქცევას ქართლისაჲში", მღვდელს ჰქვია).

ურბნისის წარწერებს პ. ზაქარაია IX-X სს-ით ათარიღებდა.

ქ. სილოგავა


ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. I, ტყე, 1907;
  • შოშიაშვილი ნ. ურბნისის ძველი ქართული წარწერები. – „პალეოგრაფიული ძიებანი“, ტ.I, თბ., I965;
  • ზაქარაია პ. ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, თბ., 1965;
  • სილოგავა ვ. ეპიგრაფიკული ეტიუდები, II. ურბნისის სიონის წარწერების დათარიღებისათვის. – თ„სუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული“, X, თბ., 1970;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები