ფინკე ტომას
ტომას ფინკე − (დან. Thomas Fincke, 1561—1656), დანიელი მათემატიკოსი, ექიმი და ასტრონომი.
დაიბადა 1561 წელს, ფლენსბურგში (დანია).1591 წლიდან მუშაობდა ჯერ მათემატიკის, შემდეგ ფარმაციის პროფესორად. გარდაიცვალა 95 წლის. თავისი ნაშრომები მათემატიკაში მან საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დაწერა.
ტ. ფინკეს ნაშრომებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი „მრგვალის გეომეტრია“. ამ ნაშრომიდან ჩანს, რომ პირველად ფინკემ გამოთქვა ტანგენსების თეორემა და გადმოცემულია მოძღვრება წრისა და სფეროს შესახებ ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრიის ჩართვით: თუ რომელიმე სამკუთხედში მოცემულია ორი გვერდი და მათ შორის კუთხე, მაშინ ცნობილია მისი დანარჩენი ორი კუთხის ჯამი და მათი სინუსების შეფარდება, ხოლო პტოლემეოსს (II საუკ. ჩვ. წ. აღ.) უკვე ამოხსნილი აქვს ორი კუთნის მოძებნის ამოცანა მათი ჯამისა და სინუსების შეფარდების საშუალებით. რეგიომონტონუსმა (1464 წელს) კი ეს ამოცანა კიდევ უფრო წინ წასწია. ფინკე მათ ორივეს იხსენიებს, მაგრამ იმავე დროს იძლევა თავის ახალ ამოხსნასაც. მისი ამოხსნის ორიგინალობა იმაშია, რომ მან ეს ამოცანა გამოიყენა ირიბკუთხოვანი სამკუთხედის შემთხვევაში, რომლისათვის რეგიომონტონუსი იძლევა არამოხერხებულ ამოხსნას სიმაღლის დაშვების გზით.
ფინკეს ეკუთვნის სახელწოდებების „tangens“ და „secans“-ის შემოყვანა (ლათინურად ეს სიტყვები ნიშნავს აგრეთვე მხებსა და გამკვეთს, sḕco — გაკვეთა).
კოფუნქციათა სახელწოდებების (cosinus, cotangens, cosecans) ხმარება პირველად დაიწყო ედმუნდ გუნტერმა (1581 — 1626). კოსინუსსა და კოტანგენს საშუალო საუკუნეების არაბები (ტანგენსი და კოტანგესი გამოგონებულია შუა აზიაში მცხოვრები არაბული მათემატიკური სკოლის მუსულმანი მათემატიკოსების მიერ) უწოდებდნენ „შევსებითი რკალის სინუსს“ და „შევსებითი რკალის ტანგენსს“ („ჯეიბ თამამ ან ყოუს“ და „ზილ თამამ ან ყოუს“). ევროპელებმა ამ ორი ფუნქციის არაბული სახელწოდებები გადათარგმნეს ლათინურ ენაზე: complementi sinus (შევსებითის სინუსი) და complementi tangens (შევსებითის ტანგენსი). გუნტერმა ნაცვლად complementi sinus-ისა დაიწყო ხმარება შემოკლებულად ჯერ co. sinus-ის და შემდეგ კი — cosinus-ის. ამგვარად წარმოიშვა სახელწოდებები — cotangens და cosecans. შემოკლებული აღნიშვნების sin, cos ხმარება დაიწყო იოჰან ბერნულიმ.