ფრიდრიხ II ჰოენშტაუფენი
ფრიდრიხ II ჰოენშტაუფენი (1194-1250). გერმანიის მეფე 1212, იმპერატორი 1220. სიცილიის მეფე (ფრიდრიხ I-ის სახელით) 1197, ფრიდრიხ I ბარბაროსას და როჟერ II სიცილიელის შვილიშვილი.
ფრიდრიხ II-ის მოღვაწეობა ძირითადად წარიმართა იტალიაში, თავისი იმპერატორობის 30 წლის მანძილზე
გერმანიას მხოლოდ ორჯერ ეწვია. დასაწყისში გერმანიაში მას დატოვებული ჰყავდა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი ჰაინრიხი. ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა კელნის არქიეპისკოპოსი ენგელბერტი. მოგვიანებით, როდესაც ჰაინრიხი მამას აუჯანყდა და ფრიდრიხ II-მ იგი ციხეში ჩააგდო, გერმანიას ფაქტობრივად თავადები მართავდნენ, რომელთა ნომინალურ მეფედ ფრიდრიხ II ითვლებოდა. მან მთელი თავისი ცხოვრება თითქმის იტალიაში გაატარა, ცდილობდა, სიცილიის სამეფო ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გადაექცია, შეექმნა სახელმწიფო საგადასახადო სისტემა, დაქირავებული ჯარი – არაბებისაგან. მან იტალიაში დაანგრია ფეოდალთა ციხე-კოშკები, შემოიღო სახელმწიფო სავაჭრო მონოპოლია მრავალ საქონელზე. წაართვა დამოუკიდებლობა ქალაქებს.
1227 რომის პაპის მოთხოვნით მან წამოიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ჯარში გავრცელდა ეპიდემია, რის გამოც ლაშქრობა გადაიდო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა რომის პაპსა და საღვთო რომის იმპერატორს შორის კონფლიქტის მიზეზი. რომის პაპმა გრიგოლ IX-მ ფრიდრიხ II ეკლესიიდან განკვეთა. კათოლიკურ ეკლესიასთან ასეთი დაპირისპირების მიუხედავად მან მაინც მოახერხა 1228 მცირე ძალებით იერუსალიმი დაეკავებინა. ფრიდრიხ II-მ ბრწყინვალედ გამოიყენა მუსლიმთა შორის არსებული უთანხმოება და იერუსალიმის გარდა პალესტინის სხვა ქალაქებიც აიღო. 1129 სასულთნოსთან დადო საკმაოდ ხელსაყრელი ხელშეკრულება, რომლის ძალით, იერუსალიმი და სხვა ქალაქები 40 წლით მის საკუთრებაში გადავიდა. იერუსალიმში მხოლოდ ომანის მეჩეთის კვარტალი დაექვემდებარა მუსლიმებს.
რომის პაპი წინააღმდეგი იყო ფრიდრიხ II-ის ჯვაროსნული ლაშქრობისა და მისი არყოფნის დროს იარაღის ძალით დაიკავა სამხრეთი იტალია და სიცილია, იმპერატორი სასწრაფოდ უკან დაბრუნდა და დიდი ძალისხმევით მოახერხა მტრისაგან დაკავებული ქალაქების დაბრუნება. იგი აქტიურად იბრძოდა ჩრდილოეთი იტალიის ქალაქების წინააღმდეგ. 1226 ლომბარდიის ლიგა კვლავ აღდგა. პაპმა გამოიყენა იტალიის ქალაქების ანტიგერმანული განწყობა და ისინი უფრო სერიოზული ბრძოლისაკენ წააქეზა. 1231 ფრიდრიხ II შეეცადა, საბოლოოდ მოესპო ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების თავისუფლება, მაგრამ, ერთი მხრივ, იტალიის ქალაქების სამხედრო მზადყოფნამ და, მეორე მხრივ, შვილის აჯანყებამ ხელი ააღებინა ამ ჩანაფიქრზე.
1236 მას კვლავ დაიწყო ბრძოლა ლომბარდიის ლიგის წინააღმდეგ. 1237 კორტენუოვესთან ბრძოლაში ლიგის ჯარები დამარცხდა. მილანი დანებებას აპირებდა, მაგრამ სხვა ქალაქები ამ დათმობაზე არ წავიდნენ და ბრძოლა განაგრძეს, რომელიც მალე ფრიდრიხ II-ის დამარცხებით დამთავრდა. იმპერატორი იძულებული გახდა, შეჰგუებოდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების თვითმმართველობას.
პაპსა და იმპერატორს შორის ბრძოლა ახალი სიმძაფრით განახლდა 1245, როდესაც ინოკენტი IV-მ ლიონში მსოფლიო კრება მოიწვია, რომელზეც ფრიდრიხ II კიდევ ერთხელ განკვეთეს ეკლესიიდან. იმპერატორი არაფრად აგდებდა საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებას. მას ლიონზე ლაშქრობაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, რათა პაპი დაეპატიმრებინა, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ლიონის კრებამ სერიოზულად შეარყია მისი პოზიციები გერმანიაში, სადაც მთავრებმა ერეტიკოსი იმპერატორის მაგიერ სხვა მეფე აირჩიეს. ცუდად წარიმართა საქმეები იტალიაშიც, ფრიდრიხ II-ს გადაწყვეტილი ჰქონდა, პირველ ყოვლისა, ლომბარდიის საკითხი მოეგვარებინა. ამისათვის მას ჩრდილოეთ იტალიაში დიდი ლაშქრობა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ამ დროს (1250) იგი უეცრად გარდაიცვალა.
ფრიდრიხ II თავისი დროისათვის განათლებული ადამიანი იყო, ფლობდა რამდენიმე ენას. მათ შორის არაბულს. დაინტერესებული იყო მეცნიერებით, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველებით. დააარსა სკოლები და ნეაპოლის უნივერსიტეტი (1224), რომელშიც არაბ და ებრაელ მეცნიერებსაც მისცა უფლება, ესწავლებინათ.
მის მიერ მოწყობილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს მეფე რუსუდანსაც. საქართველოს მხარემ ამის თანხმობა ჯერ კიდევ 1124 განაცხადა, მაგრამ ჯალალედინის შემოსევამ შესაძლებლობა არ მისცა რუსუდანს, ეს ჩანაფიქრი განეხორციელებინა.