ქართული მითოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული მითოლოგია – ზეპირგადმოცემათა სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ ფოლკლორში და გვაცნობს სამყაროს შექმნას, ღვთაებათა ცხოვრებასა და თავგადასავალს. მითოლოგია უძველეს წარმოდგენებსა და სიტყვიერებას ემყარება. იგი ბუნების ძალებისა და საზოგადოებრივი მოვლენების ფანტასტიკური ასახვაა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ადამიანს არ ძაძალუძს სინამდვილის მეცნიერული ახსნა. ქართველებს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი არსებობის 5–6 ათასი წლის მანძილზე მითოლოგიურ გადმოცემათა დიდი მარაგი შეუქმნია. ქართული მითოლოგია თავს იჩენს ზეპირსიტყვაობასა და მუსიკაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რელიგიასა და რწმენაში, ყოფაცხოვრებაში. გამოვლინების ნაირ-ნაირი ფორმებისდა მიუხედავად, მითოლოგია ხელშესახებად უფრო მაინც ფოლკლორსა და რელიგიაში ჩანს. სწორედ აქ არის თავმოყრილი მხატვრულ ფორმაში ჩამოქნილი მცირე თუ ვრცელი მოთხრობები, მაგიური ფორმულები, საგალობლები საზოგადოებრივ და ბუნებრივ ძალთა ურთიერთობაზე.

ადამიანი არსებობის პირველ საფეხურიდანვე ცდილობდა ბუნების საიდუმლოებათა შეცნობას, აქტიურად მოქმედებდა გარემოზე და, თუმცა ნელა, მაგრამ მაინც მტკიცედ ავრცელებდა თავის ზეგავლენას სამყაროზე, წარმართავდა თავის თავსაც და ირგვლივ გარემოსაც. ამ ხანგრძლივ ჭიდილში წამოიქმნა ის ფანტასტიკური, სინამდვილესთან ძნელად შესათავსებელი წარმოდგენები და მისი ამსახველი გადმოცემები, ქართველ კაცს რომ შეუქმნია ეროენული მითოლოგიის სახით. ყოველგვარი მითოლოგია ლვთაებათა სასუფეველს გვიხასიათებს, თვით წარმოდგენებიც იცვლებოდა ღვთაებათა შესახებ, რთულდებოდა, დაბალიდან მაღალ საფეხურზე ადიოდა. ეს გზა პოლითეიზმიდან მონოთეიზმისაკენ მიემართება. მრავალღმერთიანობა ბრძოლით უთმობს ადგილს ერთღმერთიანობას, უკანასკნელი კი მონისტურ რელიგიებში ჰპოვებს განსახიერებას. ჩვენში ეს პროცესი ქრისტიანობითა და წარმართობით არის წარმოდგენილი. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თვითონ შექმნა მისთვის შესაფერისი მითოლოგიური იერარქია, რომელიც ორივე ფეხებით ემყარება ადრინდელ მითოლოგიას, დარგობრივი საფეხურით წარმოდგენილს. დარგობრივი მითოლოგია ქართლის მოქცევის წინა პერიოდია. ამ სტადიაზე ადამიანურ ყოფას თუ სტიქიურ მოვლენათა კომპლექსს დარგობრივად თავისი გამგებელი, მწყემსი, ბატონი, მფარველი გააჩნია და ის არის შესაფერისი სფეროს ბატონპატრონი, სრულუფლებიანი გამრიგე. სინათლის მიმნიჭებელი და ქვეყნის ამაღორძინებელი მზე-ღმერთია. მას სიყვარულის უმაღლესი გრძნობაც ახასიათებს და შეუძლია ურჩი დასაჯოს, შური იძიოს. მთვარე მამა-ღმერთია, ვისაც მზესთან ერთად, ტახტი ცაში უდგას და უმშვენიერეს ასულებს ზრდის. ამქვეყნიურ საქმეებსაც გამგებლები ჰყავს. ნადირობის ხელობას „ნადირთმწყემსი“, ოქროსნაწნავებიანი დალი აწესრიგებს; ფრინველებისა და თევზების მეუფეთ, აფსათი ითვლება, სამართლიანობა და კანონიერება კვირიას ეკითხება; ომიანობას, ხევსურთა შეხედულებით, გუდანის ხატი ბერი ბაადური განაგებს; ცა-ღრუბლების პატრონობა პირიმზეს ანდა ელიას ევალება. ყოველ ადგილს თავისი დედა ჰყავს. ასევე არსებობენ კლდეთა, ტყეთა, ყვავილთა, სახლთა გამგებელნი. ისინი ადამიანებს ეხმარებიან და მხარში უდგებიან საჭიროებისამებრ. კეთილ ძალთა საპირისპიროთ ავი სულები გვეცხადებიან მაცილების, როკაპების, ეშმაკების, დევებისა და სხვათა სახელით. ღვთაებათა და ზებუნებრივ ძალთა მოქმედება ყოველთვის ადამიანისას წააგავს. ზეციური პანთეონი ამქვეყნიურ სინამდვილესთანაა შეხამებული და როგორც მიზეზი შედეგს ისე განსაზღვრავს.

უძველესი ქართული მხატვრული ძეგლები ადაპტირებული სახით წარმოგვიდგენენ იმ მითებს. რომლებიც ხალხში ტრიალებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამირანის მიერ გველეშაპის გვერდის გამოჭრა მზის გათავისუფლების საშუალებადაა დასახული. დაბნელებული, შთანთქმული მნათობი ადვილად სწვავს ამირანის ჩელტს და კვლავ ქვეყანას ევლინება მანათებლად. ასევე; მირიან მეფემ ქრისტიანობის მიღება მის შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაუჩინარებული მზის გადარჩენა ნინო კაპადოკიელის სალოცავის დახმარებით მოახერხა ნადირობის ჟამს და ა. შ. მზის დაბნელების მითი რუსთაველის პოემაშიც არის ასახული ხოლო მე-10 საუკ. ხელოვნების ძეგლებზე რელიეფური გამოხატულება გვაქვს (ფავნისის ეკლესია) მითოლოგიური წარმოდგენით, ღვთაება ყოველთვის ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. მეკობრეობაზე გადაგებული მთიელები ურთიერთ დალაშქვრას ხატ-სალოცავთა რჩევითა და მონაწილეობით ახდენდნენ. გუდანის ხატის ქადაგი წინასწარ სჭვრეტდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ხევსურთა გალაშქრებას. ხატი ღვთაებრივ სანქცის იძლეოდა ყოველთვის, საგანგებოდ გამორჩეული ქადაგის პირით ბერძენ დელფოსელი ორაკულების მსგავსად.

ქადაგობს გაიდაური: ბრძანებს გუდანის ჯვარიო;
საათენგენოდ გაზიძღვან სამას ბატონის ყმანიო.
სამი ააბან დროშაი, სამსავ შააბან ზარიო:
ჴევსურებ დაამწყალობნან, უკუღმ არ გახყვას ჯვარიო;
გაბეგრონ არხოტივნები, კვამლზე აიღონ ცხეარიო.

ანდა

...ახიელის ძირ ჩავიდათ, ვატიროთ ჭალი, ზალიო.
იქ უნდა დავზდვათ ბეგარი, კვამლად თითოი ცხვარიო,

ფშავ-ხევსურულ-თუშურ პოეზიაში ღვთის ნასახნი ბერი ბაადური, თერგვაული, კოპალა, იახსარი, ლაშარი, პირქუში, ხახმატის გიორგი, თამარის ჯვარი თავგანწირვით ებრძვიან მოძალადეებს, დევებსა და ქაჯებს, ისინი თვალცრემლიანი ელჩობენ მორიგის წინაშე, პიროფლიანნი მხარში უდგებიან თავიანთ მახვეწართ ჭირსა და ლხინში, მაშინაც კი, როცა ხან არ არს გამოჩენისა.

ქართულ მითოლოგიას მეტად შორეული ძირები ასაზრდოებს. მასში განოხატულებას პოულობს ტოტემიზმი და ანიმიზმი, სიტყვისა და მოქმედების მაგია, საკულტო დრამა.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, 1939,
  • თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები „აღმოსავლეთ საქართველოს“ მთიანეთმი, 1967;
  • მ. ჩიქოვანი. ქართული ეპოსი, I, 1959;
  • მისივე, ხალხური პოეზია ღა მითოლოგია (ქართ. ხალხური პოეზია);
  • მისივე, ბერძნულ-ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები