ქართული სალიტერატურო ენის ისტორია
ქართული სალიტერატურო ენის ისტორია სწავლობს როდის და რა პირობებში შეიქმნა ქართული სალიტერატურო ენა. რა გახდა საფუძველი სამწერლობო ენისათვის და როგორ შეიცვალა მისი საყრდენი მეტყველება დროთა ვითარებაში: იკვლევს მიმართებას სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის, გვიჩვენებს, რა ცვლილებები მოხდა ქართული ენის სისტემაში ისტორიის ჩვენთვის ცნობილ მონაკვეთში და ადგენს ამ ცვლილებათა ქრონოლოგიას.
ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაცია
ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესასწავლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წერილობითი წყაროების – წარწერების, ხელნაწერებისა და საისტორიო-იურიდიული ხასიათის დოკუმენტების გამოწვლილვით შესწავლას. სწორედ ენის ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ შეიძლება გადაწყდეს პერიოდიზაციის პრობლემაც.
დიდი წერილობითი ტრადიციის მქონე ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდებზე ქართულ ენათმეცნიერებაში განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში, ჩვეულებრივ, სამ პერიოდს გამოყოფენ: ძველს (V–X სს.), საშუალს (XII-XVIII სს.). და ახალს (XIX-XX სს). სხვადასხვა ენობრივი ნიშნების გათვალისწინებით, ამ მოსაზრებას ემხრობიან მეცნიერები: ა. შანიძე, გ. დეეტერსი, კ. კეკელიძე, ნ. მარი, ი. ქავთარაძე, ზ. ჭუმბურიძე, ზ. სარჯველაძე და სხვ. ეს პერიოდები გარკვეული ცვლილებებითაა გამოკვეთილი და ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც ერთი ენის განვითარების საფეხურები. მაგ., გრამატიკულ ნიშნებს შორის ასპექტის ჩვენება აღმოჩნდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქართულის პერიოდიზაციის დასადგენად: „ასპექტის კატეგორიამ აღნიშნა, ასე ვთქვათ, დიდი მოხვეული ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში და ამით გარკვეული მიჯნა დაიდო ძველ ქართულსა და ახალს შორის. ამ მიჯნაზე ძევს საშუალი ქართული, რომელიც ასახავს ამ ორი სისტემის პარალელურ არსებობას და ენის ცდას, უფრო და უფრო მეტი გასაქანი მოუპოვოს ახალ სისტემას და მივიწყებას მისცეს ძველი“ (ა. შანიძე).
არსებობს სხვა მოსაზრებაც (არნ. ჩიქობავა), რომლის მიხედვითაც ქართული ენის განვითარებაში გვაქეს მხოლოდ ორი პერიოდი: ძველი (V ს-დან XI ს-ის დამლევამდე) და ახალი (XII ს-იდან დღემდე). ამ თვალსაზრისით, ახალი სალიტერატურო ენა ჩაისახა XII ს. საერო პოეზიაში და უკვე სახელთა ბრუნებაში, ზმნის უღვლილებაში ახალი ქართულის დამახასიათებელი მოვლენები გვაქვს, სიტყვათა წყობაც არსებითად ახალი ქართულისაა; განმასხვავებელი ნიშნები, რომლითაც ე. წ. საშუალი ქართული გამოიყოფა ძველი ქართულისგან, ახალი ქართულის ელემენტებია.
ქართული სალიტერატურო ენა ხუთ ეტაპადაც არის დაყოფილი: საწყისი ეტაპია ძველი ქართული სალიტერატურო ენა V ს-იდან XI-XII სს-მდე, რომლისთვისაც ნიშანდობლივია მკვეთრად გამოხატული კანონზომიერებანი, ორიენტაცია საეკლესიო თხზულებების ენაზე; I ეტაპია XI-XIL სს-იდან XVII–XVIII სს-მდე, როცა საერო ლიტერატურის დამკვიდრებას არსებითი ცვლილებები მოჰყვა ენობრივი თვალსაზრისიო:III ეტაპს საფუძვლად ედება სამი სტილის თეორია, რომელიც საუკუნის განმავლობაში ბატონობდა – XVIII ს-ის 50-იანი წლებიდან XIX ს-ის II ნახევრამდე: IV ეტაპი იწყება XIX. ს. 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა მოღვაწეობით სალიტერატურო ენის განვითარებისათვის; V ეტაპია – XX ს. 10-20-იანი წლებიდან დღემდე. მას პირობითად თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა შეიძლება ეწოდოს (ბ. ჯორბენაძე).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიტერატურისმცოდნეთა ნაწილი საერთოდ სკეპტიკურად უყურებს სალიტერატურო ქართულში განვითარების პერიოდების გამოყოფას, ერთგვარი ქრონოლოგიური მიჯნების დადებას და თხუთმეტსაუკუნოვან ქართული სალიტერატურო ენას ერთ გაუდიფერენცირებელ ნაკადად მიიჩნევს (რ. თვარაძე).
კ. დანელია