ქვედა აღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვედა აღვი – (ინგლ. Qveda Agvi, რუს. Кведа Агви), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქ. ცაგერიდან 8-10 კმ-ში, სამხრეთით, ცაგერის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის (მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ქვედა ა აღვი მდებარეობს ქ. ცაგერიდან 8 კმ-ში და ზღვის დონიდან 570 მ-ის სიმაღლეზე., რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.

ქვედა აღვი დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილები, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.

ჰავა ქვედა აღვიში − დაბალი მთის, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C. ზაფხული ხანგრძლივია და თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 78%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობაა 1400 მმ.

ქვედა აღვის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი ხურმა და სხვ.) და ვენახებით, ხოლო მათი მიდამოები –ფოთლოვანი (კუნელი, გვიდო, თხილი, ჯონჯოლი, ზღმარტლი, იელი და სხვ.) და მარადმწვანე ბუჩქების (ბზა, შკერი, თაგვისარა, ბაძგი) ტყეებით. აგრეთვე, გვხვდება წაბლნარის ნარჩენები.

ქვედა აღვის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M - 0,5-0,7 გ/დმ3) გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება ქვედა და ზედა აღვს შორის; დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ქვედა აღვში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.

სავარაუდო ჩვენებები ქვედა აღვში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქვედა აღვის მიდამოებში: ალპანაში (თაბორისა და ლაბეჭინის დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიები (შუა საუკუნეები); ზუბის, გვესოსა და ზოგიშის ციხეები (შუა საუკუნეები) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები