ყარაგიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ყარაგიოზი –(თურქ. – „შავთვალა“) – ჩრდილების თოჯინების თეატრი თურქეთში.

„ყარაგიოზად“ წოდებულ ჩრდილების თოჯინური თურქული თეატრის წარმოდგენებს მოწყობის წესი, დრო და ადგილი განსაზღვრული ჰქონდა.

„ყარაგიოზის“ სეზონად რამადანის თვე (მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვე, როდესაც მუსლიმები მარხულობენ) მიიჩნეოდა. თუმცა კი, სტამბოლის ზოგიერთ კვარტალში, „ყარაგიოზის“ წარმოდგენები მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა, ხის შენობებში, ჭერის გარეშე პარტერში ჩამწკრივებული იყო სკამები, მაყურებელი შესვლისათვის იხდიდა რამდენიმე „ჩეირეკს“ (თურქ. ხურდა). აქვე მათ შავი ყავით უმასპინძლდებოდნენ.

კუთხეში ორი მუსიკოსი იჯდა დაირითა და საზით. ისინი ანტრაქტის დროსაც მაყურებელს სიმღერით ართობდნენ.

საღამოობით, მზის ჩასვლისას, გართობის მოყვარულნი ყავახანას მიაშურებდნენ. შენობა ხალხით იყო სავსე. ყმაწვილები პირდაპირ იატაკზე სხდებოდნენ.

ქალებისთვის წარმოდგენები იმართებოდა ცალკე, მათთვის სპეციალურად მოწყობილ შენობაში.

სპექტაკლის ხანგრძლივობა სამ საათს არ აღემატებოდა. მაყურებელს უჩვენებდნენ 6-7 სხვადასხვა სცენურ ნოველას. გამოსახულება ეკრანზე ადგილისა და ვითარების მიხედვით იცვლებოდა. მრავლად იყო გამოყენებული პირობითი ხერხები.

რამადანის თვეში თურქეთში იმართებოდა ბაზრობები. ყველა ბაზრობას თან ახლდა ჩრდილების თოჯინური თეატრის – „ყარაგიოზის“ წარმოდგენები. ცხოველ ინტერესს მაყურებელში უკვე კარგად ნაცნობი თეატრალური გმირები: ყარაგიოზი და ჰაჯივათი, ბეი, ზეიბეკი, ქალი, სპარსელი და ა. შ. იწვევდა

სარჩევი

თეატრის პერსონაჟები

თავად ყარაგიოზი შეგვიძლია შევადაროთ რუსულ პეტრუშკას ან იტალიურ პულჩინელას. წარმოდგენას ჩინურ ჩრდილების თეატრთანაც ჰქონდა მსგავსება.

„ყარაგიოზი“ თურქულად შავთვალას ნიშნავს. თურქული ჩრდილების თეატრის ეს პერსონაჟი ყბედი, მოქილიკე და სკეპტიკოსია, თუმცა კი, თავისი არსით, საკმაოდ უბირი და გულუბრყვილოა, რის გამოც, ხშირად ხდება გათამაშების მსხვერპლი. ყარაგიოზში ხალხური იუმორი და ადამიანური ვნებებია არეკლილი. თურქული ეთნოსის სიმბოლური სახეა.

წარწერის ტექსტი

ყარაგიოზი, ამასთანავე, წარმოჩენილი იყო როგორც უნებისყოფო, ზარმაცი და მკვეხარა. მას სკოლაში არ უვლია, რის გამოც სრულიად გაუნათლებელია.

ყარაგიოზისგან განსხვავებით, ჰაჯივათი სკოლაშიც დადიოდა და კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული. მან იცოდა მრავალი უცხო ენა, რითიც თავს იწონებდა და ყარაგიოზს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. მისი მაღალფარდოვანი სასაუბრო ენა გაზავებული იყო სპარსული და არაბული სიტყვებით.

ბოლოს და ბოლოს, ყარაგიოზმა „ყური შეაჩვია“ მის საუბარს და მისი მაღალფარდოვნებაცა და უცხოური სიტყვების გამოყენებაც გამოჯავრებისა და გაქილიკების საგნად აქცია.

ყარაგიოზს აქვს ფაქიზად დავარცხნილი შავი წვერი, თავზე ახურავს ჩაჩი, ლაპარაკობს ყოველდღიური სასაუბრო ენით. ვინაიდან თოჯინას ერთი დიდი შავი თვალი ჰქონდა, ის ეკრანზე ყოველთვის მხოლოდ პროფილით ჩნდებოდა. მას წითელი ფერის ტანსაცმელი ეცვა, ზემოდან სალთა (პიჯაკისებრი მოსასხამი), ცისფერი შარვალი, ფართო ქამრით, და წითელი ფეხსაცმელი.

ჩხუბის დროს, ყარაგიოზს ჩაჩი სძვრებოდა და მელოტი თავი მოუჩანდა

ჰაჯივათს კი თავზე ეხურა ცხოველის ტყავისაგან დამზადებული ჩაჩი. მისი ტანსაცმელიც და თავსაბურავიც მწვანე ფერის იყო, წითელი და ყვითელი ფერით მოვარაყებული.

შუასაუკუნეების თურქეთში ფერების შერჩევას სოციალური შინაარსი ჰქონდა. მაგალითად, არ შეიძლებოდა მწვანე ფერის ქუდი ხურებოდა მას, ვინც ემირის ძე არ იყო. ასევე დაუშვებელი იყო ამ ფერის ქვედაკაბის ჩაცმა, ვინაიდან მწვანე წმინდა ფერად იყო მიჩნეული.

ყარაგიოზის როლის შემსრულებელს ხმის ტემბრი, იმპროვიზაციისა და იმიტაციის განსაკუთრებული უნარი უნდა ჰქონოდა. მას უნდა მიებაძა თითოეული პერსონაჟის ხმისთვის და, ამასთანავე, იმ დიალექტით ელაპარაკა, სადაურ პერსონაჟსაც განასახიერებდა. ეს საკმაოდ რთული გახლდათ, რადგან იმ დროის თურქული მოსახლეობა უაღრესად მრავალეროვანი იყო. ყარაგიოზის მეთოჯინეები, წესისამებრ, ამ ყოველივეთი დახელოვნებულები იყვნენ და მაყურებლის აღტაცებას იწვევდნენ.

თეატრალური წარმოდგენა

წარმოდგენის დროს ყავახანაში აქრობდნენ სინათლეს. განათებული რჩებოდა მხოლოდ მომცრო ეკრანი, რომლის სიმაღლე იყო 1 მეტრი, ხოლო სიგანე – 80 სანტიმეტრი. ეკრანი მზადდებოდა ღია ფერის ბატისტის ან აბრეშუმის ქსოვილისაგან. სანახაობის დაწყებისას ანთებდნენ ლამპარს. მისი შუქი ეცემოდა ზემოდან, რის გამოც თოჯინამატარებელი არ ჩანდა.

სპექტაკლის მსვლელობის დროს, ეკრანზე მიმოდიოდნენ იმ ფიგურების სილუეტები, რომლებიც დამზადებული იყო აქლემის ტყავისაგან. ფაქიზად გამოჭრილი და შეღებილი გამჭვირვალე ფიგურები, მოზაიკის ან ვიტრაჟის შთაბეჭდილებას ქმნიდა.

ფიგურები ეკრანზე მოძრაობდნენ სპეციალური ხელჯოხების მეშვეობით. თოჯინამატარებელს ერთდროულად 10 ფიგურის ამოძრავება შეეძლო.

ფიგურების ზომა მკაცრად იყო განსაზღვრული – 25-30 სანტიმეტრი.

„ყარაგიოზის“ წარმოდგენა ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა: შესავალი, დიალოგი, მოქმედება და დასასრული.

პირველი ნაწილი

შესავალი მუსიკით იწყებოდა, ეკრანზე ის გარემო, ადგილი ან პეიზაჟი ჩნდებოდა, სადაც პიესის მიხედვით იყო მოქმედება.

ამას მოსდევდა თეატრალური სანახაობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – ჰაჯივათის გამოსვლა, რომელიც პროლოგის სახით, სიმღერით წარუდგებოდა მაყურებელს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიმღერების ტექსტი ეკუთვნოდა ცნობილ თურქ პოეტებს: – ზიაფაშას, ფუზულის, ნედიმისა და სხვა.

სულ მალე, ჰაჯივათს მისი მეტოქე, სანახაობის მთავარი პერსონაჟი ყარაგიოზი ცვლიდა. ის ჩხუბითა და ლანძღვა-გინებით სცენიდან აძევებდა და ჰაჯივათს, რის შემდეგ უსამართლო (მუხთალი) ყოფის თაობაზე გრძელ მონოლოგს წარმოთქვამდა. იგი მაყურებელს კურიოზულ მოვლენებზე უამბობდა, შიგადაშიგ, ჟარგონსა და უწმაწურ სიტყვებსაც კი ურევდა. რის შემდეგ, როცა იგრძნობდა მაყურებლის ყურადღებასა და სიმპათიას, თავის დაკვრით უჩინარდებოდა და მომდევნო სცენაში ჰაჯივათთან ერთად ჩნდებოდა.

მეორე ნაწილი

„ყარაგიოზის“ მეორე ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იწყებოდა ყარაგიოზისა და ჰაჯივათის გასაუბრებით. ეს გასაუბრება, წესისამებრ, ჩხუბითა და მუშტი-კრივით მთავრდებოდა.

ყარაგიოზის განუყრელი პარტნიორი ჰაჯივათი – გაქსუებული, საკმაოდ განსწავლული, ტრაბახა არისტოკრატია, რითაც ნიშანს უგებს ხოლმე ყარაგიოზს, ამასთანავე, იგი საკმაოზე მეტად ცბიერი და ვერაგია. მათი დიალოგი შესაძლოა ყოფილიყო მრავალფეროვანი, მსჯელობა საყოფაცხოვრებო ან პოლიტიკურ თემებზე, ანდა სულაც ზოგადი, განყენებული ყოფიერების ავ-კარგიანობაზე, მაგრამ მათი დიალოგი ყოველთვის ჩხუბითა და დავიდარაბით მთავრდებოდა, რაც ძალზე ამხიარულებდა მაყურებელს.

მესამე ნაწილი

ამის შემდეგ, იწყებოდა სპექტაკლის მესამე ნაწილი – მოქმედება. საკუთარი აზრის დასამტკიცებლად ყარაგიოზი და ჰაჯივათი ჰყვებიან ამბავს, რაც ეკრანზე ჩრდილებით განსახიერდება. ამბავი, ბუნებრივია, რომელიმე პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის ისტორიას ასახავს.

მეოთხე ნაწილი

„ყარაგიოზის“ დასკვნითი ნაწილი შედარებით მოკლე იყო. ეს პერსონაჟები განიხილავდნენ ნანახს და მოსმენილს, თუმცა, შეთანხმებას კვლავაც ვერ აღწევდნენ და მათი ყაყანი ისევ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე.

წარმოდგენის დასასრულს ყარაგიოზი და ჰაჯივათი მაყურებელს ბოდიშს უხდიდნენ – ყარაგიოზი ჰაჯივათის უსაქციელობის, ხოლო ჰაჯივათი ყარაგიოზის უსაქციელობის გამო. ეს მობოდიშებაც კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე, თუმცა მერე ორივენი გონს მოდიოდნენ და სხვების დასანახად რიგდებოდნენ კიდეც. ამასთანავე, ისინი მაყურებელს ამცნობდნენ მომავალი წარმოდგენის თემას და სათაურს. სპექტაკლი მთავრდებოდა მუსიკალური თანხლებით.

„ყარაგიოზის“ სიუჟეტები

„ყარაგიოზის“ სიუჟეტები არ გამოირჩეოდა არც დახლართული ინტრიგითა და არც ლიტერატურული დახვეწილობით, თუმცა, მათში მრავლად იყო სიტყვებით თამაში, ხუმრობანი და სასაცილო გამოთქმები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა „ყარაგიოზის“ პიესები: „ახალდაქორწინებული ყარაგიოზი“, „ყარაგიოზი გახდილი, ნაცემი და კმაყოფილი“, „ცხვრად ქცეული ყარაგიოზი“, „ყარაგიოზის დანიშვნა“. ცხადია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი, – თემატიკის მრავალფეროვნებით და იმპროვიზაციული სულისკვეთებით „ყარაგიოზი“ იტალიურ კომედია დელ’არტეს ჩამოჰგავდა

„ყარაგიოზის“ შემსრულებლები

„ყარაგიოზის“ შემსრულებლები, ძირითადად, თორმეტ ჯგუფად იყოფოდნენ:

1. ყარაგიოზი;
2. ჰაჯივათი;
3. ქალების როლების შემსრულებელი მამაკაცები;
4. ანატოლიელები (ლაზი, კასტამონელი, კაისერელი, პარფუთელი, ელინელი, ქურთი);
5. სტამბოლურ კილოზე მოსაუბრენი (ჩელები, თრიაქის მწეველი, ქონდრისკაცი, ბებერუჰი);
6. ანატოლიის საზღვრებსგარედან მოსულები (მუჰაჯირები, ალბანელი, არაბი, სპარსი);
7. ზიმმიები ანუ არამუსლიმები (ბერძენი, ევროპელი, სომეხი, ებრაელი);
8. არასრულფასოვნები (ენაბლუ, კუზიანი, დუდღუნა, დამბლადაცემული, შეშლილი, ნარკომანი, ყრუ, სულელი);
9. მთვრალები და შფოთისთავები;
10. ჯამბაზი, ილუზიონისტი;
11. ჯადოქრები, ჯინები;
12. ბავშვები.

ყოველ პერსონაჟს დამოუკიდებელი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კილო, ქცევა, სასიმღერო და საცეკვაო ნომერი ჰქონდა. მაყურებელი უკვე ცნობდა მათ, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მათ მიმართ ინტერესს.

გულიკო მამულაშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები