ყვითელი ბოლოქანქარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყვითელი ბოლოქანქარა (ლათ. Motacilla flava Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ყვითელი ბოლოქანქარა პატარა ფრინველია, ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 70-80 მმ, ნისკარტი – 12-13 მმ, წონა – 16-20 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის შესამჩნევი სხვაობაა. მნიშვნელოვანი ვარიაციებია ქვესახეობების შეფერილობაშიც. თავის, კისრის უკანა ნაწილისა და ყურების მფარავების შეფერილობა ცვალებადობს თეთრიდან მუქ შავამდე. თვალების ზემოთ ღია ფერის ზოლები (წარბები) ზოგ ქვესახეობას კარგად აქვს, ხოლო ზოგს სრულიად არა აქვს გამოხატული. ზურგი და მხრები მოყვითალო წენგოსფერ-მწვანეა ფრთების დიდი მფარავები და მეორე რიგის მომქნევები მურაა, მოყვითალო არშიებით. პირველი რიგის მომქნევები მურაა. ყველაზე გრძელი კუდზედა ბუმბულები მომწვანოა. საჭის კიდურა წყვილი თეთრია, ვიწრო შავი ზოლით შიგნითა მარაოს ძირში. სხეულის ქვემო მხარე ყვითელია, ნიკაპი – მოთეთრო, ფეხები და ნისკარტი – შავი. დედალი უფრო მკრთალია, მას თავი შეიძლება ჰქონდეს შავი ან მუქი რუხი.

აღწერილია 14-დან 16-მდე ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება შავთავა ყვითელი ბოლოქანქარა – M. f. feldegg Michahelles, 1830, აგრეთვე ჩრდილოური ყვითელი ბოლოქანქარა − M. f. thunbergi Billberg, 1928 და შესაძლოა ზოგიერთი სხვაც. შავთავა ყვითელი ბოლოქანქარა გამოირჩევა სხვა ქვესახეობებისაგან იმით, რომ თავი ზემოდან და გვერდებიდან შავია; სიშავე კისრის უკან და ზურგის წინა ნაწილებზეც ვრცელდება. თვალების ზემოთ არა აქვს ღია ფერის ზოლები (წარბები).

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას ბარენცის ზღვის ნაპირებამდე, აფრიკაში ალჟირს, ტუნისს და ეგვიპტეს (ნილოსის დელტაში ასუანამდე); აზიაში ჩრდილოეთით ენისეის ქვემო დინებამდე და მთელ ჩუკოტკას. საიდანაც გადადის ალასკის დასავლეთ ნაწილზეც; სამხრეთითსირიას, ირანს, ქაშმირს, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთს, მანჯურიას, კამჩატკას და კურილის კუნძულებს (არაა სახალინსა და იაპონიის კუნძულებზე). ზამთარს ატარებს თითქმის მთელ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და ინდო-ავსტრალიის კუნძულებზე. საქართველოში მობუდარია შავთავა ყვითელი ბოლოქანქარა, ხოლო მიმოფრენის დროს შეიძლება შეგვხვდეს ჩრდილოური ყვითელი ბოლოქანქარა და ზოგიერთი სხვაც.

ბიოტოპი

ეტანება უპირატესად ტენიან გაშლილ მდელოებს, მდინარისპირა ჭალებს, კოლბოხიან-ტორფიან ჭაობებს – დაბალმოზარდი ბუჩქნარებითა და ბალახნარებით, ზოგჯერ გვხვდება მინდვრებში, ბოსტნებში და მშრალ სათიბებშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე ბუჩქნარებში, ბალახნარებში ან სხვა ადგილებში, მაგრამ ყოველთვის მოფარებულია ბალახით ან ბუჩქით. წელიწადში მრავლდება 2-ჯერ. პირველად მაისის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ რიცხვებში დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.

კვება

ყვითელი ბოლოქანქარას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის უხერხემლოები – მწერები და მათი ლარვები, ობობები, კიბოსნაირები და სხვ. მცირე რაოდენობით ჭამს ბალახის თესლებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები