ყიფშიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე

ყიფშიძე გრიგოლ, (გიგა) – (ფსევდონიმი „გ. გოდორია“), (1856-1921) — ჟურნალისტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი. ხალხოსანთა წარმომადგენელი. ა. ყიფშიძის ძმა.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში (1877 წ. თავისუფალ მსმენელად). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1878) მასწავლებლობდა წრომსა და ახალქალაქში. 1879 წლიდან ჩაირიცხა მუდმივი ქართული დასის წევრად. იყო მოკარნახე. 1882-85 წწ. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში საქმის მწარმოებლად, 1907-21 წწ. — ქართულ სამეურნეო ბანკში მოლარედ, შემდეგ — დირექტორად. იყო ი. ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომელი და მისი ბიოგრაფი.

ლიტერატურულ-კრიტიკულ (განხილული აქვს ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ა. ერისთავ-ხოშტარიას, რ. ერისთავის შემოქმედება), თეატრალურ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „დროებაში“, „იმედში“, „მოამბეში“. მისი თხზულებების უმთავრეს თემას წარმოადგენს ქართლის სოფელი, გლეხობის ყოფა, სოფლის მასწავლებლის მდგომარეობა, სახალხო განათლება (აღსანიშნავია „ენა და ეროვნება“, 1895). სოფლის ცხოვრების სიდუხჭირე აისახა მის მხატვრულ ქმნილებებშიც („ერთი მიცვალებულის ბედი“, 1878, „ერთი ღამე თოვლქვეშ“, 1883, „ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ“, 1878, „ძალიან დღეობა კი იყო, ი დალოცვილი“, 1885). გ. ყიფშიძემ კირიონთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი „ქართული სიტყვიერების თეორია“ (1908), რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა. მანვე შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა კავკასიის პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფია (1901).

თარგმანები

გ. ყიფშიძეს თარგმნილი აქვს სენკევიჩის „ცეცხლითა და მახვილით“, პოლ ბურჟეს „ანდრე კორნელი“, ედმონდ დე ამიჩის „კარმელა“, ფრანსუა კოპეს „იაკობელები“, მატილდა სერანოს „ამბავი სიყვარულისა“, დე-ვო–გუეს „მართლმსაჯულები“, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“.

ლიტერატურა

  • ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1838;
  • ი. მანსვეტაშვილი, მოგონებანი, ნახული და გაგონილი, 1936.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები