შავგულა ბეღურა
შავგულა ბეღურა (ლათ. Passer hispaniolensis Temminck, 1820) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ფეიქარასებრნი (Ploceidae)
- გვარი − ბეღურა (Passer)
შავგულა ბეღურა სახლის ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 72-83 მმ-ია, კუდი – 53-60 მმ, ნისკარტი – 11-12 მმ, წონა – 27-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მკვეთრი განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან და ფრთის პატარა მფარავები მოწაბლისფრო-ყავისფერი აქვს. ზურგის მხარე — შავი, ბუმბულებზე ძლივს შესამჩნევი ღია ფერის არშიებით, რაც ზურგზე სიჭრელეს ქმნის. ლოყები და თავის გვერდები თეთრია. ზოლები თვალების ქვემოთ, პირის კუთხეები, ყელი, ჩიჩახვი და მკერდი შავია, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები – თეთრი. სხეულის გვერდებზე მსხვილი შავი გასწვრივი ლაქებია. საჭის ბუმბულები და მომქნევები მურაა; ფრთის საშუალო მფარავები ძირითად ნაწილში მუქი მურაა, ხოლო წვეროს ნახევარში — თეთრი, რაც ფრთაზე განივ თეთრ ზოლს წარმოქმნის. ფრთის დიდი მფარავები მუქი მურაა, გარეთა მარაოებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ნისკარტი შავია, ფეხები — მუქი მურა. ზრდასრულ დედალს, მამლისაგან განსხვავებით, თავი ზემოდან მორუხო-მურა აქვს, წვრილი მუქი მურა წინწკლებით. თვალების ზემოთ და უკან ღია ფერის ზოლებია. ზურგი მურაა, მსხვილი გასწვრივი მუქი მურა სიჭრელით. ზურგის ქვემო ნაწილი, წელი და კუდი მურაა. მომქნევები და ფრთების დიდი და პატარა მფარავები — მოშავო-მურა, ფართო თეთრი წვეროებით. ყელი, ჩიჩახვი, თავის გვერდები და მუცელი მოთეთრო-ჟანგმიწისფერია.
აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება თურქესტნული შავგულა ბეღურა — P. h. transcaspicus Tschusi, 1903.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: მწვანე კონცხისა და კანარის კუნძულებს, ჩრდილოეთ აფრიკაში — მაროკოს, ალჟირს, ლიბიასა და ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძულამდე; ევროპაში — ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, სამხრეთ იტალიას და ბალკანეთს; აზიაში — მცირე აზიას, პალესტინას, ჩრდილოეთ ირანს, კავკასიას, შუა აზიას, ავღანეთს და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს. ზოგან მობინადრეა, ხოლო ზოგან მობუდარი-გადამფრენი. საქართველოში მასობრივად ბუდობს წითელწყაროს რაიონში, შირაქსა და ელდარში. რამდენიმე ბუდობა ნაპოვნია დასავლეთ საქართველოშიც — ვანის რაიონში. საქართველოდან გადამფრენია.
ბიოტოპი
ბინადრობს ჩვეულებრივად დაბლობებში, კულტურულ ლანდშაფტში, მეჩხერი ტყის ფრაგმენტებში, ქარსაცავ ხეივნებში, ცალკე მდგომ ხეებზე, ტუგაის კორომებში, ეზოებში, ბაღებში.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად ხეებზე. ერთ ხეზე შეიძლება იყოს ორი-სამიდან რამდენიმე ათეულამდე ბუდე, ხოლო სხვა ბუდეები — მახლობელ ხეებზე; ხშირად რამდენიმე ბუდე ნამჯის ერთ საერთო ბულულშია გაერთიანებული, საკუთარი შესასვლელებით. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი გამრავლება მიმდინარეობს მაისში, ხოლო მეორე — ივნის-ივლისში. დებს ჩვეულებრივად 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღემდე გრძელდება.
კვება
შავგულა ბეღურას საკვებს შეადგენენ ველური თუ კულტურული მცენარეების თესლები; დიდი რაოდენობით ჭამს ხორბალს, ფეტვს, ქერს, მზესუმზირას, ბოსტნეულს. გამრავლების პერიოდში ჭამს მწერებსაც.
მნიშვნელობა
იმ ადგილებში, სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.