შავი ზღვის ორაგული
შავი ზღვის ორაგული – Salmo trutta labras Pallas 1866
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ორაგულისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
გვარი: ორაგული
სახეობა: კუმჟა
თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის სხივები 10-12 (13)-ია. ზედა ყბა ზრდასრულ ინდივიდებს თვალის უკანა კიდის ვერტიკალს გადაცილებული აქვთ. ზრდასრულების თავის სიგრძე სხეულის სიგრძის (კუდის ფარფლის შუალედი სხივების ბოლომდე) 19,2–20,2 %-ია. ლაყუჩის პირველ რკალზე − 16-19, ჩვეულებრივ 18 ლაყუჩის ჩხირია, გ. პ. ბარაჩის ცნობის მიხედვით კი 18-21 ჩხირი. ქერცლების მწკრივთა რაოდენობა ცხიმოვანი ფარფლის ბოლოდან გვერდით ხაზამდე, ამ მწკრივის ჩათვლით, 18-ია, იშვიათად კი – 13. სხეულის ერთ მეათედ ნაწილზე ქერცლების მწკრივთა რიცხვი ანალური ფარფლის ზემოთ 15-16-ია. მკერდის ფარფლის სიგრძე მკერდისა და მუცლის შორისეულ მანძილზე ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებია. სხეულის უმცირესი სიმაღლე მკერდისა და მუცლის ფარფლების შორისეული მანძილის 24,9-26,3%, შეადგენს. ის კუდის ღეროს სიგრძეში ორჯერ მეტად თავსდება.
ზედა ყბის ძვლის სიგრძე (სხეულის სიგრძის კუდის შუალედი სხივების ბოლომდე) 7,0-7,7მმ-სა, ხოლო ქვედა ყბის ძვლის სიგრძე 10,9-12,2%-ს შეადგენს. ცხიმოვანი ფარფლის ფუძის ბოლოსა და კუდის ფარფლის პირველ სხივებს შორის მანძილი, ჩვეულებრივ, ანალურ ფარფლის სიმაღლეზე მეტია (იშვიათად − ნაკლებია). ანალური ფარფლის სიმაღლე 1,0-1,3-ჯერ თავსდება კუდის ღეროს მუცლის ნაწილის სიგრძეში. თვალის ვერტიკალური დიამეტრი მსხვილ ინდივიდებთან (450 მმ სიგრძის ზევით) თავის სიგრძის 13,6-14,77%-ს შეადგენს. ზრდასრულებს კუდის ფარფლი ძალიან სუსტად აქვთ ამოკვეთილი (ამოჭრილი). სახნისზე კბილების ერთი მწკრივია. სხეულზე შავი ლაქების რაოდენობა განსხვავებულია. ხან ლაქები სრულიად არაა, ხან ისინი სხეულზე მეჩხერადაა გაფანტული, ხან კი მეტად მრავალია, თავის გვერდებზე მეჩხერი, მრგვალი და შავი ლაქები, ხოლო ზურგის ფარფლზე შავი ხალების მწკრივები აქვთ.
შავი ზღვის ორაგულის სხეულის საერთო სიგრძე ზოგჯერ 110 სმ-ს აღწევს ხოლო წონით 24 კგ, საშუალოდ 7-16 კგ-ია.
გავრცელება
გვხვდება შავსა და ყირიმის ზღვების კავკასიის სანაპიროებში (სოჭი, მდ. ბზიფი, სოხუმის რაიონი, კოდორი, ენგური, რიონის შესართავი, ბათუმი, ტრაპიზონი, ბულგარეთის სანაპირო, დუნაის დელტა, მცირე აზიის სამხრეთ სანაპირო.
ბიოლოგია
ლ. ა. კუჩინის ცნობით, ორაგულები შავი ზღვის. სანაპირო მდინარეებში აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში შემოდიან მდ. კოდორით და შედიან მის შენაკადებშიც; მათი სიგრძე 70-100 სმ და მეტია, წონა 3-6 კგ, მაგრამ გვხვდებიან 24 კგ-მდე და მეტიც. მალების რაოდენობა (გარდა უკანასკნელისა) 54 და 56-ია ქერცლის მიხედვით დადგენილია, რომ შავი ზღვის ორაგულები მდინარეში 3-4 წელს ცხოვრობენ.
გ. პ. ბარაჩის ცნობის მიხედვით, მდ. ბზიფზე ორაგულის ტოფობა ხდება სოხუმი-გაგრის გზატკეცილის ხიდის ქვემოდან ზემოთ თითქმის სოფელ ფასხუმდე. ლ. ს. ბერგის ცნობით, ამ ფორმების მალები სხვადასხვა გამოქვაბულებშია ნაპოვნი, პალეოლითური ხანის ადამიანის კულტურულ ნარჩენებთან ერთად; მალები მიეკუთვნებოდა 4-5 წლის ასაკისა და 5–მ კგ წონის ინდივიდებს.
შავი ზღვის ორაგული ქვირითობისათვის მდინარეებში შემოდის; ეს ხდება თებერვლიდან ივნისის ბოლომდე, სასქესო პროდუქტების მომწიფება და ტოფობა მდინარეებში ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხდება. როგორც კი მოძებნის მდინარეში ტოფობისათვის შესაფერ ადგილს, შავი ზღვის დედალი ორაგული კუდის ფარფლის დარტყმითა და სხეულის კლაკნითი მოძრაობით ფსკერზე ორმოს ჩიჩქნის და შიგ ყრის ქვირითს, მამალი ამ დროს დედლის ახლოსაა და სითხის სახით თესლს უშვებს. ქვირითის განაყოფიერება იქვე წყალში ხდება. განაყოფიერების შემდეგ დედლის მიერ ამოჩიჩქნილ ორმოს მამალი სხეულისა და ფარფლების მოძრაობით კენჭს აყრის. ერთხანს ის ამ ბუდეს იცავს და შემდეგ კი ზღვაში ბრუნდება. ორაგულის ნაყოფიერება 2000-დან 20.000-მდე ქვირითს აღწევს. მაგრამ ბუნებრივ პირობებში ქვირითის დიდი რაოდენობა გაუნაყოფიერებელი რჩება, ბევრი კი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე იღუპება.