შედარება (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შედარება – მეტყველების ფიგურა, რომელიც ემყარება ორი საგნის შეფარდება-შედარებას გრამატიკულად შეპირობებული მაკავშირებელი საშუალებების გამოყენებით. ამ ხერხით თვალნათლივ ხდება ორი სხვადასხვა საგნის თუ მოვლენის წარმოდგენიდან ერთი საერთო, მკვეთრი და, ამავე დროს, მუდმივი მახასიათებელი ნიშნის წინ წამოწევა და ხაზგასმა.

შედარებას განიხილავენ როგორც ლოგიკურ მოდელს, რომელსაც გამოკვეთილი და თავისთავადი ენობრივი რეალიზაციის სქემები აქვს. მსგავსებითი ლოგიკური მოდელი უნივერსალური კატეგორიაა, რომელიც თითოეულ ენაში მხოლოდ ამ ენისათვის დამახასიათებელი გრამატიკული სტრუქტურებით ვლინდება.

მსგავსებითი შედარების გამოსახატავად ქართულ ენას მდიდარი გრამატიკული საშუალებები მოეპოვება: მსგავსებითი შედარების ფუნქციის თანდებულები, გათანდებულებული ლექსემები, კავშირები, სადერივაციო აფიქსები, ფლექსია, პაუზა. მსგავსებითი შედარების სისტემებში გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი:
ა) ატრიბუტული, რომელიც წინადადების კონსტრუქციის ნაწილია. მსგავსებითი ფუნქციის გამოხატვა ეკისრება ელემენტებს, რომლებიც ლოგიკურ მოდელში შემავალი წევრისაგან განსაზღვრულ ფორმას მოითხოვენ. ეს ელემენტებია: -ვით, -ებრ, -მებრ, -ებ- რი, -ებური, -თანა, -ნაირი, -ხელა, -ტოლა, -ოდენი, -დენი, -ოდენა, -გვარი, -მაგვარი, ხნის, მსგავსი, დარი, მაგ., „ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია“ (ვაჟა-ფშაველა);
ბ) პრედიკატული, რომელიც მთლიან კონსტრუქციას წარმოადგენს და მასში სქემის წევრთა თანმიმდევრობაც უფრო თავისუფალია. გამოყენებულია იგივე ელემენტები, რაც ატრიბუტულ ჯგუფთან: -ვით, -ებრ; ატრიბუტული ჯგუფის ელემენტები სახეცვლილია მორფოლოგიურად: -ებურად, -ნაირად, -გვარად, მსგავსად; კავშირები: როგორც, ვითა, ვითარცა: „იდო თოვლი, როგორც მატყლი, თითის ტარზე დახვეული“ (გ. ლეონიძე);
გ) „კომპლექსური“, როდესაც ცალკეული ერთეულები რაიმე ნიშნით კი არ ემსგავსებიან ერთმანეთს, არამედ ორ წევრს შორის პრედიკატული ნიშნით გამოხატული ურთიერთდამოკიდებულება ემსგავსება სხვა წევრების ამავე ნიშნით გადმოცემულ ურთიერთდამოკიდებულებას: „წუთისოფელი ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“ (ი. ჭავჭავაძე).

თვისების სიაშკარავის, ანუ მახასიათებლის მუდმივობის გამო შესაძლოა შედარების მოდელიდან ეს მახასიათებელი ამოღებული, ელიფსირებული იყოს: ანდა, ამა თუ იმ საგნის ერთი თვისება აქცენტირებული, გამორჩეული იყოს ეროვნული ცნობიერებისათვის (მაგ: ლომისთვის სიძლიერე, თოვლისთვის სითეთრე – ლომივით კაცი, თოვლივით ზეწარი). მაგრამ თუ საგანი ამგვარ მახასიათებელთა სიმრავლით გამოირჩევა, მაშინ აქცენტირებული თვისება ან პირდაპირ, ან კონტექსტური გამოკვეთით აისახება შედარებაში (მაგ., ძაღლივით ავი, ერთგული…

მსგავსებითი შედარება უხვად გვხვდება ფოლკლორსა და სასაუბრო მეტყველებაში. ხალხში გავრცელებული შედარებები არა მარტო გამომსახველობითი თვალსაზრისითაა საინტერესო, არამედ იმითაც, რომ იგი გამოხატავს ეროვნულ ცნობიერებას, ასახავს ადამიანისა და მისი გარესამყაროს ურთიერთობას, პიროვნების მსოფლაღქმას. შედარება სასაუბრო მეტყველების ელემენტია, ყოფის თანმხლები, და არა მხოლოდ მჭიდროდ უკავშირდება ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენას, არამედ გარკვეულად, შეპირობებულია მთქმელის განწყობითა და მისი შესაძლებლობებით. მიუხედავად ამისა, შედარება არაა ერთჯერადი გამოყენებისა და იმდენად დაკავშირებული კონკრეტულ მოვლენასთან, რომ მისი სხვა შემთხვევაში გამოყენება არ ხდებოდეს. შედარება გავრცელებული, ხშირად განმეორებული და დამკვიდრებული მას შემდეგ შეიქნება, რაც მისი გამოყენების არე გასცდება ერთი ადამიანის მეტყველების ფარგლებს და სხვათათვის მისაღები გახდება. ამ მხრივ ხალხში გავრცელებული მსგავსებითი შედარება განსხვავდება მხატვრული შედარებისაგან, რომელიც მწერლის მიერაა შექმნილი და მისი ეფექტიც სწორედ მოულოდნელობაშია: „შენი ტანი – ტყის ლატანი, თვალი – წყარო საკალმახე“ (ს. ჩიქოვანი). დანარჩენ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედი იმავე ეროვნული ცნობიერებითა და მსოფლაღქმით მოქმედებს, როგორც თავად ხალხი.

ხალხში გავრცელებული მსგავსებით შედარებათა შორის შეიძლება გამოიყოს მყარ გამოთქმებად ქცეული შედარებები (ციბრუტივით, შამფურივით ტრიალი, მაყვალივით შავი…), მაგრამ ისინი იდიომებად მაინც ეერ ჩაითელება, რადგან ამას არა აქეს არც ფორმობრივი და არც სემანტიკური საფუძველი.

მეტყველებაში გავრცელებულ შედარებათა შორის რამდენიმე ჯგუფი შეიძლება გამოიკვეთოს:
1. ლიტერატურული ნაწარმოების ან გმირის გახალხურების შედეგია შესადარებელ ობიექტად მათი გამოტანა: გლახა ჭრიაშვილივით ლაპარაკის გაგრძელება,
2. შესადარებელ ობიექტად გამოყვანილია რომელიმე ისტორიული ან ფოლკლორული გმირი, ან მისი ყოფისათვის დამახასიათებელი ელემენტი: დადიანივით ცხოვრობს, ბაგრატიონ-მუხრანელივით დადის, ბუღარასავით დამჯდარა – ამაყად, ქედმაღლურად (ბუღარა მამალაძე – გურული ფოლკლორის ცნობილი პირი)…
3. შედარება ასახავს ხალხის რწმენა-წარმოდგენებს: მეამინე ანგელოზივით დაყვება – ემოწმება ყველაფერს…
4. შედარება შეიძლება შეიცავდეს ამ ეტაპზე ლექსიკურ მნიშვნელობადაკარგულ სიტყვას: ბასილისავით თბილი, ლაზივით შავი, ქანქალოსავით თეთრი, ყინტორასავით ცივი (საბა – ყინტორა „წყაროს ყინული“).

ნ. შარაშენიძე



ლიტერატურა

  • შარაძენიძე თ. ვით თანდებული ქართულში. – „იკე“, 1. თბ, 1946;
  • ძიძიგური შ. კავშირები ქართულ ენაში, თბ., 1969;
  • ქავთარაძე ი. შედარების გამომხატველი ძირითადი გრამატიკული საშუალებები და ვითარებითი ბრუნეის ერთი მნიშვნელობისათვის ქართულში. – „თსუ შრომები“, 1972, b 5(148);
  • კვაჭანტირაძე თ. მსგავსებითი შედარება ქართულში, თბ. 1978;
  • შარაშენიძე ნ. ქვემოიმერულის ვანური თქმის შედარებებში დაცული ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის შესახებ. – „თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები