შუა აღვი
შუა აღვი – (Shua Agvi, Шуа Агви), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქ. ცაგერიდან 8-10 კმ-ში, სამხრეთით, ცაგერის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის (მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. შუა აღვი მდებარეობს ქ. ცაგერიდან 9 კმ-ში და ზღვის დონიდან 600 მ-ის სიმაღლეზე, რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.
შუა აღვი დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილები, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.
ჰავა შუა აღვიში − დაბალი მთის, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C. ზაფხული ხანგრძლივია და თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 78%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობაა 1400 მმ.
შუა აღვის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი ხურმა და სხვ.) და ვენახებით, ხოლო მათი მიდამოები –ფოთლოვანი (კუნელი, გვიდო, თხილი, ჯონჯოლი, ზღმარტლი, იელი და სხვ.) და მარადმწვანე ბუჩქების (ბზა, შკერი, თაგვისარა, ბაძგი) ტყეებით. აგრეთვე, გვხვდება წაბლნარის ნარჩენები.
შუა აღვის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M - 0,5-0,7 გ/დმ3) გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება ქვედა და ზედა აღვს შორის; დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
შუა აღვში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები შუა აღვში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
შუა აღვის მიდამოებში: ალპანაში (თაბორისა და ლაბეჭინის დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიები (შუა საუკუნეები); ზუბის, გვესოსა და ზოგიშის ციხეები (შუა საუკუნეები) და სხვ.).