ჩენჩი (შელი)
„ჩენჩი” – პერსი ბიში შელის ტრაგედია, (1819)
შესავალში, შელი წერდა, რომ ამ პიესაში ეცადა გადგომოდა იმ ლირიკულ სტიქიას, რომელიც მომძლავრებულად ჰქონდა „გათავისუფლებულ პრომეთეში“ და შეეცადა შეექმნა ნაწარმოები, რომელიც დრამატურგიული ჟანრის მოთხოვნებს უპასუხებდა. ტრაგედია დაიწერა სცენაზე დასადგმელად და შელი მთავარი გმირი ქალის როლზე, „კოვენტ გარდენის“ მსახიობს - ელიზა ო’ნილს მოიაზრებდა. მოხუცი ჩეჩნის როლის შემსრულებლად კი, ედმუნდ კინზე ოცნებობდა. თეატრის დირექტორისაგან, რომელსაც პიესა გაუგზავნა, შელიმ ამგვარი პასუხი მიიღო: „კოვენტ გარდენის“ სცენა ვერ შეირცხვენს თავს, ასეთი უხერხული შინაარსის პიესის დადგმით, ხოლო ქალბატონი ო’ნილი შეურაცხყოფილი იქნება ამგავრი უხამსი პიესიდან რაიმე როლის შეთავაზებითაც კი“. პირველად ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი 1886 წელს დაიდგა კლუბში „შელის საზოგადოება“. მას შემდეგ ხშირად იდგმებოდა სხვადასხვა თეატრში.
„ჩენჩი“ ეფუძნება ძველ XVI საუკუნის იტალიურ ქრონიკებს, რომელშიც ასახულია იმ პერიოდის იტალიელი გრაფის ჩენჩის ბოროტმოქმედებები, დანაშაულები, რომელიც მოკლა მისივე ქალიშვილმა - ბეატრიჩემ. ჩენჩი ერთდროულად „ფეოდალური წყობის ველურობის“ და „ოქროს საშინელი და სამარცხვინო“ ძალაუფლების გამოხატულებაა. ეს ადამიანი, მთლიანად მოცულია საკუთარი მდაბალი ინსტინქტების დაკმაყოფილებით, შემზარავ დანაშაულებებს სჩადის და მერე რომის პაპისგან, ღვთის უმაღლესი მსახურისგან „პატიებას/მიტევებას“ ყიდულობს.
შელის ტრაგედია „ჩენჩი“ ბაირონის „კაენის“ წინამორბედია, ეს არა მხოლოდ ანტიფეოდალური, ანტიბურჟუაზიული, არამედ ღვთისმგმობი პიესაცაა. „ჩენჩიში“ - პაპისა და ღვთის ძალაუფლება ერთმანეთთან ასოცირდება. პიესის ეს ხაზი პიკს აღწევს, როდესაც ჩენჩი იძულებულია, საკუთარ ვაჟიშვილებს, რომლებიც, ფაქტობრივად შიმშილობენ, გაუზარდოს მატერიალური დახმარება, ლოცვას აღავლენს და ღმერთს შესთხოვს, რომ დაღუპოს მისი შვილები. ჩენჩი მალევე იგებს, რომ უფალი გამოეხმაურა მის მოთხოვნას - იმავე ღამეს ერთი შვილი მოკლეს, მეორე კი ეკლესიის ნანგრევებში, ანუ „ღვთის სახლში“ დაიღუპა.
სიამოვნებათა ძიებისას, რომლებიც ჩენჩის შეეძლო განეცადა - საკუთარი ქალიშვილი გააუპატიურა. ბეატრიჩე, რომელიც მოთმინებას ქადაგებდა და დედინაცავლს მხარში ედგა ჩეჩნის დამცირებების გადასატანად, სასტიკად იძიებს შურს. დაქირავებულ მკვლელებს მძინარე მოხუცს მოაკვლევინებს. ბეატრიჩე თავის ღირსებას იცავს, თავიდან სისხლიანი შურისძიებით, შემდეგ სასამართლოსთან ბრძოლით და საბოლოოდ, სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისას, საოცარი ვაჟკაცობის გამოვლენით. შელისთან ბეატრიჩეს პერსონაჟი უჩვეულოდ ძლიერი, მიზანმიმართული და მთლიანი სახეა. თუკი ადრე ღვთისადმი რწმენა მას მორჩილებას კარნახობდა, რწმენის დაკარგვა - ამბოხისკენ უბიძგებს.
სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ბეატრიჩე აღდგა და იბრძოლა - შეურყეველი დარჩა. სწორედ, ამაშია ბაირონისა და შელის რომატიზმი, რომ მათი გმირები, ტირანებთან, ბოროტმოქმედებთან შერკინებისას, არ ზომავენ, არ წონიან საკუთარ ძალებს. მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ დამარცხდებიან. ისინი მზად არიან თავი გასწირონ საკუთარი ღირსების დასაცავად და ასევე, თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შესატანად.
ჩენჩის ისტორია - ოჯახური ტირანისა, რომელმაც პირველი ცოლი საფლავში ჩადო, ტანჯავს, ამცირებს მეორე ცოლს, მის შვილებს დედობას რომ უწევს, საკუთარ ვაჟიშვილებს ანადგურებს - მოგვაგონებს იმას, რასაც ბალზაკმა მოგვიანებით უწოდა „ბურჟუაზიული ტრაგედიები სისხლისა და მახვილის გარეშე“, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შელის პიესაში „სისხლიცაა და მახვილიც“. ამ ნაწარმოებით შელი ამბობს, რომ თუ ცასა და დედამიწაზე, არავინაა ადამიანის დამცველი, მაშინ ადამიანმა თავად უნდა დაიცვას თავი.