ჩვეულებრივი მეკენჭია
ჩვეულებრივი მეკენკია (ლათ. Arenaria interpres Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეკენჭიები (Arenariinae)
- გვარი − მეკენჭია (Arenaria)
ჩვეულებრივი მეკენკია მეჭვავიასნაირთა შორის მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 140-155 მმ-ია, გალო – 24-28 მმ, ნისკარტი – 20-23 მმ, წონა – 70-150 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის შესამჩნევი განსხვავებაა გამრავლების პერიოდში. სხვა დროს ორივე სქესის ფრინველი ერთმანეთის მსგავსია. ზაფხულში მამალს თავი ზემოდან თეთრი აქვს, მურა-მოშავო შტრიხებით. შუბლის შუა ნაწილი და ზოლები შუბლიდან თვალებისაკენ შავია. შუბლის დანარჩენი ნაწილი, ზოლები თვალების ზემოთ, ყურების მფარავები და კისრის უკანა ნაწილი თეთრია. თეთრია აგრეთვე წელი, ნიკაპი, ყელი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი, იღლიისა და კუდქვეშა ბუმბულები. ბეჭებს შორის არე ქარცია; კუდის ზემოთ მფარავები მოშავო-მურა, ჟანგისფერი ნარევით. ყელის გვერდებზე შავი გასწვრივი ზოლებია. შავია ჩიჩახვი და მკერდის გვერდებიც, მომქნევები – მოშავო-წაბლისფერი. საჭის ბუმბულები (შუა წყვილის გარდა), მოშავო-მურაა, თეთრი წვეროებით. ნისკარტი რქისფერია, ფეხები – ნარინჯისფერი. დედალს თავზე შავი ფერი მეტი აქვს. ლოყები სუფთა თეთრი კი არაა, არამედ მოწაბლისფრო. ზამთარში სქესთა შორის განსხვავება არაა. თეთრი ბუმბულები თავსა და კისერზე შეცვლილია მოშავო-მურა ფერით. ჩიჩახვის შავ ბუმბულებს ვიწრო თეთრი არშიები აქვთ. ფრთის ზემო მფარავები მოშავო-მურაა, ჟანგმიწისფერი არშიებით.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრის ზონას კოლის ნახევარკუნძულიდან ბერინგის სრუტემდე და ანადირის ნაპირებამდე. მოიპოვება ზღვის სანაპიროებზე ესტონეთსა და ლატვიაში. ჩრდილოეთით აღწევს ახალ მიწამდე. სსრკ ფარგლებს გარეთ ბუდობს დასავლეთი ევროპის, შპიცბერგენის, ისლანდიისა და გრენლანდიის ზღვების სანაპიროებზე, კანადის არქიპელაგსა და ალასკაზე. ზამთრობს აფრიკის დასავლეთ სანაპიროებზე, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაზე და წყნარი ოკეანის ბევრ სხვა კუნძულზე. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ზღვების სანაპირო ზოლში, არახშირი ბალახოვანი მცენარეებით, ზოგჯერ ხავსიან ტუნდრაში, საკმაოდ შორს ზღვის სანაპიროდან. უპირატესობას ანიჭებს ქვებით ან მთის ქანების მსხვილი ნამსხვრევებით დაფარულ მშრალ ადგილებს, სადაც მეტწილად მღიერებია განვითარებული.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლის ასაკში. ბუდეს აკეთებს მიწაზე, ქვის ქვეშ ან ქვებს შორის. ივნისის პირველ რიცხვებში დებს 3-4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 27 დღეს გრძელდება.
კვება
მეკენჭიას საკვების ძირითად ნაწილს შეადგენენ მოლუსკები, კიბოსნაირები, განსაკუთრებით – გვერდულები, ხოჭოები, ორფრთიანები და მათი ლარვები, პეპლები, ობობები და სხვა უხერხემლოები. ზოგჯერ მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეულ საკვებსაც. შემჩნეულია მეკენჭიას მიერ თევზიყლაპიების, იხვებისა და სხვა ფრინველების კვერცხებიდან შიგთავსის გამოწოვის შემთხვევებიც.
მნიშვნელობა
ჩვენში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.