ჩიბუხა
ჩიბუხა (ლათ. Capella gallinago Lirnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − ჩიბუხასებრნი (Scolopacidae)
- გვარი − ჩიბუხა (Capella)
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − ჩიბუხა და გოჭა
ჩიბუხა მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, გალო – 30-35 მმ, ნისკარტი – 60-70 მმ, წონა – 130-145 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრულ ფრინველს თავზე, თხემის შუა ნაწილში გასწვრივი ჟანგისფერი ზოლი აქვს. ასეთივე გასწვრივი ზოლებია თვალებს ზემოთ კეფის ორივე მხარეს. ბეჭებს შორის და მხრის მიდამოებში ბუმბულები შავია, ქარცი განივი ზოლებით და მოჩალისფრო არშიებით. ზურგის უკანა ნაწილი მოშავო-მურაა, ბუმბულების წვეროებში მოთეთრო არშიებით. კუდის ზემო მფარავები მურა-მოჟანგისფროა, მაგრამ აქვთ განივი შავი ზოლები. ნიკაპი და ყელი თეთრია. კისერი წინიდან, ჩიჩახვი, მკერდის წინა ნაწილი და სხეულის გვერდები მკრთალი ჟანგისფერია, მოშავო-მურა გასწვრივი სიჭრელით და განივი ზოლებით. მკერდის უკანა ნაწილი და მუცელი თეთრია, მომქნევები მოწაბლისფრო-შავი. პირველი მომქნევის გარეთა მარაოზე ვიწრო თეთრი ზოლი გასდევს. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავები თეთრია, მოშავო ზოლებით. საჭის შუა ბუმბულები შავია, ქარცი წვეროებით. საჭის დანარჩენი ბუმბულები ქარცია, განივი ზოლებით. ნისკარტი ღია მურა ფერის, სწორი და გრძელია; ფეხები რუხია, მომწვანო ელფერით. წვივის ქვემო ნაწილი შეუმოსავია. თითები გრძელია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ჩიბუხა – C. g. gallinago Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი გადაჭიმულია ისლანდიიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან კამჩატკამდე, კომანდორისა და იაპონიის კუნძულებამდე. ამავე სახეობას აკუთვნებენ ალასკაზე გავრცელებულ ჩიბუხასაც. სამხრეთში მოიპოვება ევროპასა და აზიაში პირენეის ნახევარკუნძულამდე, ალპებამდე, ბალკანეთამდე, კავკასიამდე, პამირამდე, იმიერბაიკალეთის გავლით მდ. ამურამდე და კუნძულ ჰოკაიდომდე. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ეგვიპტესა და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთით კენიამდე; ირანში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, სამხრეთ ჩინეთში, იაპონიასა და დიდი ზონდის კუნძულებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი სახეობა. უფრო მრავლადაა მიმოფრენის პერიოდებში. გვხვდება აქ ზამთარშიაც.
ბიოტოპი
ბინადრობს ბალახნარიან, ხავსიან ან ტორფიან ჭაობებში; ტენიან მდელოებზე არყისა და თხმელის ბუჩქნარებით; ტყის ნაპირების ღია ადგილებში. მიმოფრენის დროს მოიპოვება მინდვრებში, პატარა გუბეებით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. დაწყვილება მიმდინარეობს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში. ბუდეს იკეთებს კოლბოხებზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახით. მაისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 19-21 დღეს გრძელდება.
კვება
ჩიბუხას საკვებს შეადგენენ ჭიები, მწერები და მათი მატლები, მოლუსკები და წვრილი კიბოსნაირები. მცირე რაოდენობით ჭამს მატიტელას, ისლისა და სხვა ჭაობის მცენარეთა თესლებსა და მწვანე ნაწილებსაც.
მნიშვნელობა
ჩიბუხა სპორტული ნადირობის შესანიშნავი ობიექტია.