ჩიბუხელა
ჩიბუხელა (ლათ. Lymnocryptes minima Brünnich, 1764) − ფრინველთა გვარი, ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჩიბუხელა
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − ჩიბუხასებრნი (Scolopacidae)
- გვარი − ჩიბუხელა (Lymnocryptes)
ჩიბუხელა შედარებით პატარა ზომისაა, ფრთა 100-115 მმ, გალო – 22-25 მმ, ნისკარტი – 38-40 მმ, წონა – 35-45 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი თავსა და კეფაზე შავია, მოწაბლისფრო შტრიხებით. თავის გვერდებზე ფართო ჩალისფერი ზოლებია, ხოლო ამ ზოლების შუაში, თვალებს ზემოთ, შავი ზოლები გასდევს. ღია მოჩალისფრო შუბლის შუაშიც, ნისკარტიდან თხემისაკენ, ვიწრო შავი ზოლი მიემართება. ზურგისა და მხრის ბუმბულების გარეთა მარაოები შავია, მომწვანო მეტალური ელვარებით. იმავე ბუმბულების გარეთა მარაოები ჩალისფერია და ზურგის გვერდებზე გასწვრივ ნათელ ზოლებს წარმოქმნიან. ზურგის უკანა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები შავია, იისფერი ელვარებით. ყელი თეთრია. კისერზე, ჩიჩახვზე, მკერდსა და გვერდებზე არის მუქი, მოჟანგისფრო და თეთრი ფერებისაგან წარმოქმნილი სიჭრელე. მკერდის უკანა ნაწილი და მუცელი თეთრია, პირველი რიგის მომქნევები მორუხო-მურა, მეორე რიგის მომქნევებს აქვთ თეთრი მახვილი წვერები. ნისკარტი მუქი მურაა, შავი ხორკლიანი წვერით და ღია მოყვითალო ქედით. ფეხები მომწვანო მოყვითალო-მურაა.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრისა და ტაიგის ჩრდილოეთ ნაწილს ევროპასა და აზიაში, სკანდინავიიდან მდ. კოლიმის ქვემო დინებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის კოლის ნახევარკუნძულიდან, კანდალაკშის უბის სამხრეთ ნაპირზე, მოიცავს ტიმანის ტუნდრას, პეჩორის შუა დინებას, იამალს ნახოდკის რაიონში, კოლიმის ქვემო დინებას. სამხრეთით ვრცელდება ლატვიამდე, ილმენის ტბამდე, კალინინისა და მოსკოვის ოლქებში, ბაშკირეთის ასსრ, ტიუმენის ოკრუგი და პოდკამენაიას ტუნგუსკამდე. ზამთრობს მცირე რაოდენობით ამიერკავკასიაში, ფერგანის ველზე, ბრიტანეთის კუნძულებზე. ზამთრობის ძირითადი რაიონია ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი აფრიკა, ერაყი, ინდოეთი და ინდოსტანი. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
ბინადრობს ღია, მცირებალახიან და ტალახიან ჭაობებში, ტბების შლამიან ნაპირებზე, შვიტათი, ისლითა და ლელით დაფარულ ჭაობებში. ბუდობისათვის ირჩევს უფრო მშრალ ადგილებს.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჭაობის მშრალ კოლბოხზე. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახით, ზოგჯერ ფოთლებითაც. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.
კვება
ჩიბუხელას საკვებს შეადგენენ ნაირგვარი ჭიები, პატარა ზომის მწერები, მათი მატლები, წვრილი მოლუსკები, აგრეთვე მცენარეთა ნაწილები.
მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.