ცინცაძე ვახტანგ
ვახტანგ ცინცაძე – (დ. 1915, თბილისი — გ. 1993), ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი მკვლევარი და რესტავრატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).
დაიბადა 1915 წელს თბილისში, 1930-1933 წლებში სწავლობდა ინდუსტრიული ტექნიკუმის სააღმშენებლო განყოფილებაზე, 1933-1938 წლებში — ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის განყოფილებაზე. 1936 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, მუშაობას იწყებს მეტეხის ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურის განყოფილებაში. 1941-1942 წლებში იბრძვის გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ. 1942 წელს, მძიმედ დაჭრილი, ბრუნდება სამშობლოში. ერთი წლის მერე მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში მეცნიერ მუშაკად, 1971 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე ინსტიტუტში განაგებს პუბლიკაციის განყოფილებას.
1945 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა ვახტანგ ცინცაძე მიიწვია ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლად, სადაც მან მონოგრაფიულად შეისწავლა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლები ― თელოვანის „ჯვარპატიოსანი“, გეგუთის სასახლე, ზემო კრიხი, საკათედრო ტაძრები — სვეტიცხოველი და ბაგრატი, კვარას ციხე, კაბენი, დრანდა, სოხასტერი, იდლეთის „ნათლისმცემელი“, უბისის სვეტი. საგანგებო აღნიშვნის ღირსია მეუღლესთან, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორ რუსუდან მეფისაშვილთან ერთად შესრულებული გამოკვლევა „საქართველოს ისტორიული პროვინციის შიდა ქართლის მთიანი რეგიონის ხუროთმოძღვრება“, სხვადასხვა წლებში უცხოეთში დაბეჭდილი შესანიშნავი გამოცემები ძველი ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების შესახებ. მათი რიცხვი შთამბეჭდავად დიდია.
1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში, რომელიც შემდეგ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. იგი არის პროექტების ავტორიც, სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელიც, მთავარი კონსულტანტიც. 1966 წელს მისი ინიციატივით თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტთან იხსნება არქიტექტურის ძეგლთა რესტავრაციის განყოფილება, რომლის გამგეც გარდაცვალებამდე ვახტანგ ცინცაძეა.
1950 წლიდან მოკიდებული, როცა მისი პროექტით რესტავრირებულ იქნა ნეკრესის შესანიშნავი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა მეცნიერული რესტავრაცია მისი ცხოვრების უმთავრეს აზრად იქცა. მან მთელი თავისი ცოდნა და უდიდესი ენერგია შეალია პროფესიულ სარესტავრაციო საქმეს. მისი საკუთარი პროექტებითა და პირადი ხელმძღვანელობით რამდენიმე ათეული ძეგლია რესტავრირებული. მრავალთაგან აღსანიშნავია: სვეტიცხოველი, მცხეთის ჯვარი, სამთავრო, ბეთანია, მარტვილი, ბიჭვინთა, ზემო კრიხი, რუისი, კაბენი, არმაზი, სასახლეები და ციხე-სიმაგრეები: სამთავროში, სვეტიცხოველში, გეგუთში, ხაშმში, ისტორიული საცხოვრებელი სახლები თბილისსა და ქუთაისში. რესტავრირებულ ძეგლთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ბაგრატის ტაძარს, რომლის რესტავრაციაზე მუშაობა მან 1950 წელს დაიწყო. ბაგრატის ტაძრის კარიბჭის უაღრესად ეფექტურმა რესტავრაცია განაპირობა „იუნესკოს“ ექსპერტთა დასკვნა უცხოელმა სწავლულებმა უდიდესი შეფასება მისცეს ძეგლის რესტავრაციის ხარისხს, რამაც გადაწყვიტა კიდეც დადებითად საერთაშორისო დაცვაზე მისი აყვანის საკითხი.
„ათობით, ოცობით რესტავრირებული ურბანისტული, საფორტიფიკაციო, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობა, მონოგრაფიები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, საქართველოს რესპუბლიკის ატლასი, შესანიშნავი ლინოგრავიურები და ოფორტები, მრავალრიცხოვანი სამეცნიერო სტატიები, მოხსენებები საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებზე, სესიებსა თუ კონფერენციებზე, ძეგლების მეცნიერული ფიქსაცია, სარედაქციო საქმიანობა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა შეადგენენ მის შემოქმედებით ბიოგრაფიას“. (თ. ნათიძე).
მისი ღვაწლი ჩვენი ძეგლების კვლევისა და მეცნიერული აღდგენის საქმეში მართლაც სამაგალითო და უნიკალურია, ამიტომ მოულოდნელი არაფერია იმაში, რომ მას, ქართველ რესტავრატორთა შორის პირველსა და ჯერჯერობით ერთადერთს, მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ჯილდო.
1987 წელს ვახტანგ ცინცაძეს საქართველოს არქიტექტურული ძეგლების (ბეთანია, ჯვარი, დრანდა, ქვათახევი) რესტავრაციისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გარდაიცვალა ვახტანგ ცინცაძე 1993 წელს, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.