ცისფერგულა
ცისფერგულა (ლათ. Cyanosylvia svecica Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი. ცისფერგულას წინათ აერთიანებდნენ ბულბულის გვარში. ახლა აღიარებულია როგორც ცალკე მონოტიპური გვარი. ამ გვარის ერთადერთი სახეობა საქართველოშიც მოიპოვება.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − ცისფერგულა (Cyanosylvia)
ცისფერგულა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 65-75 მმ-ია, კუდი − 50-60 მმ, ნისკარტი – 11-12 მმ, წონა – 15-23 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია. თხემზე აქვს მოშავო-მურა წინწკლები; თვალებს ზემოთ გასდევს მოთეთრო ზოლები („წარბები“), პირის კუთხეებთან ბუმბულები შავია, მომქნევები – მურა-რქისფერი. კუდის ზემო მფარავებსა და საჭის ბუმბულებს (შუა წყვილის გარდა) ძირები ქარცი აქვთ, ხოლო კუდის ბოლო ნახევარი მურა-შავია. ყველაზე უფრო დამახასიათებელია ყელის, ჩიჩახვისა და მკერდის მკვეთრი ცისფერი, ზოგჯერ მოლურჯომდე მუქი შეფერილობა, რომლის ცენტრში ხშირად მოჟანგისფრო-წაბლისფერი ან თეთრი ლაქაა. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე და კუდის ქვემო მფარავები ჟანგმიწისფერ-მოთეთროა. ნისკარტი და ფეხები მოშავოა. დედალს ყელი, ჩიჩახვი და მკერდი მოთეთრო აქვს და არა ცისფერი.
აღწერილია 8-11 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სომხური ცისფერგულა − C. s. magna Sarudni et Loudon, 1904.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს. ევროპაში იგი არ ბუდობს, ბრიტანეთის კუნძულებზე, ესპანეთის, იტალიისა და ბალკანეთის სამხრეთ ნაწილებში, უკრაინის ველებზე, ყირიმში და კავკასიის უმეტეს ნაწილში. აზიაში სამხრეთით მოიპოვება ერაყში, ჩრდილოეთ ირანში, ავღანეთში, ქაშმირში, ლადაკზე, დასავლეთ ტიბეტში, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთში. ჩრდილოეთით არაა ყინულოვანი ოკეანის კუნძულებზე და ბუჩქნარებს მოკლებულ არქტიკულ ტუნდრაში, აგრეთვე აღმოსავლეთ ციმბირის ტაიგის ნაწილში, დაახლოებით ქვემო ტუნგუსკის სათავეების აღმოსავლეთით. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში. სომხეთში იგი მობუდარია. მოსალოდნელია მისი ბუდობა მესხეთ-ჯავახეთშიც. საქართველოს სხვა ადგილებში გვხვდება მიმოფრენისას.
ბიოტოპი
წყალსატევების (მდინარეების, ტბების, ტბორების) სანაპირო ბუჩქნარები მაღალი ბალახნარებით, ზოგჯერ ქვა-ღორღიანებით. არეალის სამხრეთ ნაწილში მოიპოვება მეტწილად სუბალპურ მდელოებზე.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბუჩქების ძირში, ხმელი, ნაწილობრივ მწვანე ბალახისაგან. წელიწადში ერთხელ მრავლდება. მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში (ჩრდილოეთ განედებში ივნისში) დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება.
კვება
ზაფხულში იკვებება მხოლოდ მწერებით და სხვა პატარა ზომის უხერხემლო ცხოველებით. შემოდგომით ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. მოხდენილი გარეგნობისა და სასიამოვნო გალობის გამო აქვს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც.